საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების უმსუბუქესმა წევრმა მსაჯების უსამართლო გადაწყვეტილებების თუ დასანანი შეცდომების გამო რამდენიმეჯერ დაკარგული ოქროს მედალი ფინეთის ქალაქ ვანტააში მიმდინარე ევროპირველობაზე იპოვა.
ოქროს მედლისთვის ქართველი მსუბუქწონოსანი მონაკოს სახელით მოჭიდავე ევროპის 2-გზის ჩემპიონს, 35 წლის მოლდოველ გენადი ტულბეას დაუპირისპირდა. ეს უკანასკნელი ევროპული პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე პირველად 13 წლის წინ ავიდა, მაშინ, როდესაც ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ჭიდაობაში პირველ ნაბიჯებს დგამდა.
ფინალის პირველი პერიოდი ქართველმა მოჭიდავემ აქტიურობის ხარჯზე მინიმალური ანგარიშით მოიგო, ტულბეას გაფრთხილების გამო მიღებული ქულით. მეორე პერიოდის დაწყებისთანავე კი მოწინააღმდეგეს 4-ქულიანი ილეთი შეუსრულა და უპირატესობა ზედმეტი რისკის გარეშე, მშვიდად შეინარჩუნა – 5:1.
