ფეხბურთი

15:52 | 8.03.2012 | ნანახია [] - ჯერ

ვლადიმერ ვარძელაშვილი: “მიზანი გვაქვს და მის აღსასრულებლად უნდა ვიზრუნოთ”

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და აზერბაიჯანის პირველი პირის ილჰამ ალიევის ინიციატივის შესახებ, ევრო2020-ის საქართველოსა და აზერბაიჯანში ჩატარების თაობაზე, კომენტარები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გაკეთდა. ორივე ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მზად არიან აღნიშნული ინიციატივის განვითარებისა და ბოლომდე მიყვანისათვის.
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ზვიად სიჭინავას განცხადებით, 2020 წლამდე დიდი დროა და ამ დროში თავისუფლად შეიძლება მოესწროს აღნიშნული ტურნირის მასპინძლობისათვის სრულფასოვანი მომზადება.
ზვიად სიჭინავა: “ვფიქრობ, რომ ამ ორი ქვეყნის ერთობლივ ინიციატივას წარმატების შანსი აქვს. ვერცერთი ფედერაცია ვერ მოახერხებს ამხელა დონის ტურნირის ჩატარებას, თუ არა სახელმწიფოს მხარდაჭერა. ამიტომაც ორმაგად სასიამოვნოა, რომ ეს ინიციატივა პირადად პრეზიდენტმა გაახმაურა.
- რა მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს საქართველომ და აზერბაიჯანმა აღნიშნული ტურნირის მასპინძლობისათვის?
- უეფას მოთხოვნით აღნიშნულ ტურნირში მინიმუმ 10 ქალაქი უნდა იყოს ჩაბმული, 12 უმაღლესი დონის სტადიონია საჭირო, 24 საცხოვრებელი ბაზა და რამდენიმე აეროპორტი.
- ვინ იქნებიან ჩვენი მთავარი კონკურენტები აღნიშნული ტურნირის მასპინძლობაში?
- როგორც ცნობილია, ჩვენ გარდა, აღნიშნული ტურნირის მასპინძლობის სურვილს გამოთქვამენ, თურქეთი და ჰოლანდია. თუმცა, კონკურენტების რიცხვი სავარაუდოდ გაიზრდება.
- როგორ აფასებთ ტურნირის მასპინძლობის შანსებს?
- მოგეხსენებათ, ფიფაც და უეფაც გათვლებს აკეთებს ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში ფეხბურთის წინსვლაზე. ამიტომ ვფიქრობ, რომ თურქეთთან და ჰოლანდიასთან ოდნავი უპირატესობა გვაქვს. 2014 წლისათვის ჩვენ უნდა გვქონდეს უკვე სრული გეგმა შემუშავებული. სწორედ ამ წელს გადაწყდება, ვინ იქნება ევრო 2020 ის მასპინძელი. ამიტომ, მანამდე დიდი სამუშაოა შესასრულებელი. როგორც იცით, სულ მალე 19 მარტს გაიმართება უეფას წევრი ფედერაციების კონგრესი სტამბოლში. ჩვენ და აზერბაიჯანის ფედერაციის ხელმძღვანელობას გადაწყვეტილი გვაქვს ერთი დღით ადრე ჩავიდეთ თურქეთში და ჩვენი გეგმები პირადად შეხვედრაზე შევაჯამოთ.
- რომელი ქალაქები უმასპინძლებენ საქართველოდან აღნიშნულ პირველობას?
- დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ევროპირველობის მასპინძელი იქნება თბილისი, ქუთაისი და ბათუმი. 2020 წლამდე დიდი დროა, მანამდე შესაძლოა ლაზიკაც აშენდეს და იქაც კი გაიმართოს მატჩები. სადღეისო მდგომარეობით, თბილისს 2 სტადიონზე შეუძლია მატჩების გამართვა, ერთზე ქუთაისს და ბათუმშიც სულ მალე აშენდება უმაღლესი დონის არენა.

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი ვლადიმერ ვარძელაშვილი:
მოგეხსენებათ, რომ ცალკე არც ჩვენ და არც აზერბაიჯანს არ აქვს საშუალება ევროპირველობის სრულფასოვნად მასპინძლობისა. ამიტომ ჩვენ და ჩვენმა მეგობარმა ქვეყანამ გადავწყვიტეთ ერთობლივად ვიბრძოლოთ მიზნისათვის. მზად ვართ ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ევრო2020-ს ვუმასპინძლოთ. მზად ვართ მონაწილეობისათვის და ბრძოლისათვის. თუ მონაწილეობას არ მიიღებ, ვერც გაიმარჯვებ, ეს დაუწერელი კანონია.
- შანსებს როგორ შეაფასებდით?
- არავინ ელოდა, რომ მუნდიალ2018 რუსეთში ჩატარდებოდა ხოლო 2022 წლის მსოფლიო კატარში. ამიტომ გამორიცხული არაფერია. მიზნისაკენ ეტაპობრივად ვივლით და წარმატების შანსიც გაიზრდება.
- გადაიდგა თუ არა კონკრეტული ნაბიჯები ევრო2020-ის მასპინძლობისათვის?
- აზერბაიჯანელებმა უკვე შექმნეს შესაბამისი კომისია, ჩვენც მზადებაში ვართ. ორივე ქვეყანა შევქმნით ჯგუფებს და დავილაპარაკებთ. მიზანი გვაქვს და ახლა ამ ამოცანის გადასაჭრელად უნდა ვიზრუნოთ. სპორტის სამინისტრო მზადაა ყველაფერი გააკეთოს აღნიშნული ღონისძიების მასპინძლობისათვის. 21 მარტს გახდება ცნობილი, როდის უნდა შევიტანოთ განაცხადი ევროპირველობის მასპინძლობისათვის.
 

 

ბესო ბახტაძე

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.09113