სხვა

21:54 | 7.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვლადიმერ ისელიძე: “დაცვაში კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო”

 

წყალბურთელთა შორის ევროპის 2014 წლის შესარჩევი ტურნირის A ჯგუფში საქართველოს ნაკრებმა ყველაზე მეტი – 10 ქულა მოიპოვა და პირველი ადგილი დაიკავა.

ბოლო ტურში საქართველოს მეტოქე ჩეხეთი იყო, რომელსაც ზედიზედ 3 შეხვედრა ჰქონდა წაგებული და შესაბამისად, მასპინძლები აშკარა ფავორიტად ითვლებოდნენ.

როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრა მასპინძელთა შტურმით დაიწყო. ანგარიში 28-ე წამზე გალაქტიონ ლაითაძის ზუსტი სროლის შემდეგ გაიხსნა. პირველი მეოთხედის დასრულებამდე 1.32 წუთით ადრე, ალექსანდრე რუსიშვილმა ანგარიში 6-მდე გაზარდა. სტუმრებმა ერთადერთი გოლი პერიოდის მიწურულს გაიტანეს და რვაწუთეული 6:1 დასრულდა.

მეორე პერიოდმაც საქართველოს ნაკრების უპირატესობით ჩაიარა. ამჯერად მასპინძლებმა ერთით ნაკლები ბურთი გაიტანეს, ხოლო სტუმრები ისევ ერთი ბურთით დაკმაყოფილდნენ და პირველი ტაიმი 11:2 დასრულდა, საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ. შეიძლება ითქვას, რომ მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყდა.

მე-3 პერიოდმა გარდამავალი უპირატესობით ჩაიარა და ფრედ - 1:1 დასრულდა.

მე-4 დასკვნითმა პერიოდმაც თითქმის ანალოგიური სცენარით ჩაიარა, თუმცა მასპინძლებმა 2 ბურთით - 4:2 გაიმარჯვეს, მატჩი კი 11 ბურთის სხვაობით - 16:5 მოიგეს.

ამავე ტურში ჩატარდა სლოვაკეთი-დიდი ბრიტანეთის შეხვედრა, რომელიც საქართველოსთვის სასურველი შედეგით - 5:5 დასრულდა. ფრე მხოლოდ საქართველოს აძლევდა ხელს, რადგან ორივე გუნდმა ქულები დაკარგა.

ბოლო ტურში პოლონეთი ისვენებდა. A ჯგუფის საბოლოო სატურნირო მდგომარეობა:

  1. საქართველო           4     3     1      0     10
  2. სლოვაკეთი             4     2     2      0     8
  3. დიდი ბრიტანეთი   4     2     1     1     7
  4. პოლონეთი              4     1     0     3     3
  5. ჩეხეთი                    4      0     0     4     0 

შეგახსენებთ, რომ ევროპის 2014 წლის შესარჩევ ტურნირში “ბებერი კონტინენტის” 17 გუნდი მონაწილეობს. აღნიშნული გუნდები შესარჩევ ტურნირს სამ ეტაპად ჩაატარებენ და ერთმანეთს თითოჯერ შეხვდებიან. ამის შემდეგ გაირკვევა იმ 6 გუნდის ვინაობა, რომლებიც ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის ბოლო ტურნირზე VII-XII ადგილზე გასულ გუნდებს პლეი ოფის სისტემით (მიმოსვლითი მატჩები) შეხვდებიან. მათ შორის გამარჯვებული 6 გუნდი მიიღებს ევროპის 2014 წლის ფინალური ეტაპის საგზურს.

აღნიშნული ტურნირისა და ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპთან (მათ შორის გათამაშების სისტემასთან) დაკავშირებით, “მსოფლიო სპორტი” საქართველოს სპორტის საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის გენერალურ მდივან ირაკლი ბართაიას და საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ცნობილ წყალბურთელ ვლადიმერ ისელიძეს ესაუბრა.

ირაკლი ბართაია

- პირველი ეტაპის B და C ჯგუფის გუნდები როდის ითამაშებენ?

- რადგან A ჯგუფში 5 გუნდი მოხვდა, B და C ჯგუფებში 6-6 გუნდი გადანაწილდა. C ჯგუფის გუნდები (დანია, მალტა, რუსეთი, პორტუგალია, ისრაელი, ბულგარეთი) დანიაში თამაშობდნენ და ასპარეზობას ისინიც დღეს დაასრულებენ.

რაც შეეხება B ჯგუფის გუნდებს (საფრანგეთი, სლოვენია, უკრაინა, ბელარუსი, შვეიცარია, მოლდოვა) მიმდინარე წლის მაისში შვეიცარიაში უნდა ეთამაშათ, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო იქ ტური არ შედგა. ჯერჯერობით უცნობია ამ ჯგუფის მატჩების ჩატარების დრო და ადგილი.

- დარჩენილი ორი ეტაპი როდის ჩატარდება?

- მე-2 ეტაპი ივლისში, ხოლო მე-3 ნოემბერში ჩატარდება. რაც შეეხება მე-2 ეტაპის A, B და C ჯგუფების შემადგენლობას, ეს პირველი ეტაპის B ჯგუფის მატჩების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

სამი ეტაპის დასრულების შემდეგ, 6 გუნდი ბოლო მსოფლიო ჩემპიონატის VII-XII ადგილებზე გასულ გუნდებს (7-ესპანეთი, 8-რუმინეთი, 9-ხორვატია, 10-ჰოლანდია, 11-მაკედონია, 12- თურქეთი) შეხვდება.

რაც შეეხება I-VI ადგილზე გასულ გუნდებს (1-სერბეთი, 2-მონტენეგრო, 3-უნგრეთი, 4- იტალია, 5-გერმანია, 6-საბერძნეთი), ისინი ევროპის 2014 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე პირდაპირ იქნებიან დაშვებულნი.

- შესარჩევ ეტაპზე ვის თვლით ჩვენი ნაკრების ყველაზე ძლიერ კონკურენტად?

- რუსეთის და სლოვენიის გადასწრება გაგვიჭირდება. კარგი იქნება, მე-3 ადგილს თუ დავიკავებთ და შესარჩევის მონაწილე ესპანეთს, რუმინეთს და ხორვატიას თუ ავცდებით.

- ნაკრების თამაშით კმაყოფილი დარჩით?

- თუ გავითვალისწინებთ, რომ ნაკრების ახალმა ხელმძღვანელობამ (ვლადიმერ ისელიძე და მისი თანაშემწე - იოვან პოპოვიჩი) სულ რაღაც სამი თვეა რაც გუნდი ჩაიბარა, მათი მუშაობით კმაყოფილი ვარ.  

ვლადიმერ ისელიძე:

- მე-2 ტურის შემდეგ აღარ უთამაშიათ ჩვენი ნაკრების ლეგიონერებს - მარკო ელეზისა და მის სეხნია ელაჩას...

- ეს წყალბურთელები ისევ ჩვენი ნაკრების წევრები არიან. დარჩენილ შეხვედრებს მათ გარეშეც მოვიგებდით და ამიტომ გავათავისუფლეთ, რადგან კლუბებში ჰქონდათ სერიოზული მატჩები ჩასატარებელი.

- მართალია, პირველი ადგილი დავიკავეთ, მაგრამ დაცვაში ცუდად ვითამაშეთ, რადგან საკუთარ კარში 25 ბურთი მივიღეთ...
- გეთანხმებით, რომ დაცვაში კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო. თუ არ ჩავთვლით დიდ ბრიტანეთთან შეხვედრას, რომელიც 12:3 მოვიგეთ, დანარჩენ შეხვედრებში ჩვენი დაცვის თამაშით უკმაყოფილო დავრჩი. 

- როგორ ფიქრობთ, შევძლებთ ევროპის 2014 წლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურის მოპოვებას?

- წინასწარ ვერაფერს გეტყვით. მართალია, რთული ბრძოლების გადატანა მოგვიწევს, მაგრამ ფინალური ეტაპის საგზურის მოსაპოვებლად არაფერს დავიშურებთ. 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.064318