ფეხბურთი

22:40 | 24.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ვიტესმა” იოლად მოიგო, ამისულაშვილი ტრავმის გამო შეცვალეს

არნემის “ვიტესმა” გასვლაზე 3:0 მოუგო “გოუ ეჰედ იგლზს” და 2-ქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობს. გურამ კაშიამ შეუცვლელად ითამაშა, გიორგი ჭანტურია 75-ე წუთზე შემოიყვანეს, ხოლო ვაკო ყაზაიშვილი 82-ეზე. ყაზაიშვილმა ბოლოს ხარიხას მოარტყა ბურთი - ოდნავ არ გაუმართლა.

“ვიტესიდან” დუბლი შეასრულა ბრაზილელმა ლუკას პიაზონმა (ორივე პენალტით), ხოლო ერთიც გაელ კაკუტამ გაიტანა.

რუსულ პრემიერლიგაში ალეკო ამისულაშვილის “კრილიამ” გასვლაზე 1:1 ითამაშა “ურალთან” და მე-11 ადგილზეა. ამისულაშვილი სასტარტოში იყო და 72-ე წუთზე ტრავმის გამო შეცვალეს. აი, რა თქვა “კრილიას” მწვრთნელმა ციგანკოვმა:

“ამისულაშვილი მთელი ძალით ვერ თამაშობდა და ამიტომაც შევცვალეთ. ვერ გავიგე, რას ნიშნავდა “ურალის” ქომაგების ასეთი რეაქცია: ამისულაშვილი ნამდვილად არაა დამნაშავე იმაში, რომ კინაღამ ფეხი მოსტეხეს”.

გერმანის II ბუნდესლიგაში “ფორტუნამ” გასვლაზე 0:3 წააგო აუე-სთან და მე-13 ადგილზეა. ლევან ყენია განაცხადში არ ყოფილა, რადგან ტრავმა აქვს - ქუსლი აწუხებს და სავარაუდოდ, 5 დღეში შეუდგება ვარჯიშს.

დანიაში “ორჰუსი”-“ვესტიელანდი” 2:2 დასრულდა. დავით დევდარიანი 59-ე წუთზე შევიდა მინდორზე, ხოლო დავით სხირტლაძემ ბოლო 20 წუთი ითამაშა. მათე ვაწაძე მინდორზე არ შეუყვანიათ. დევდარიანმა, რომელსაც კარგა ხანს ტრავმა ჰქონდა, ამ მატჩში გაფრთხილებაც მიიღო. “ორჰუსი” მეოთხე ადგილზეა.

მახაჩყალის “ანჟიმ” კვლავ ვერ მოიგო, ამჯერად შინ 0:0 “ვოლგასთან”. “ანჟის” ქართველმა მცველმა გია გრიგალავამ ყოფილი გუნდის წინააღმდეგ შეუცვლელად ითამაშა და შეხვედრის მიწურულს ლამაზი გოლიც შეიძლებოდა გაეტანა, მაგრამ მეკარემ იმარჯვა. დაღესტნური კლუბი ბოლო ადგილზეა: 17 ტურში 7 ფრე და 10 მარცხი.

აზერბაიჯანში ნიკა გელაშვილის “ყარაბაღმა” შინ ვერ მოუგო “რავანს”, თუმცა ლიდერია და ერთი ქულით უსწრებს “ნეფთჩის”. გელაშვილმა 85 წუთი გაატარა მინდორზე.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116073