საქართველოს ორგზის ჩემპიონმა “ვიტ ჯორჯიამ”, თავის მონაგარს კიდევ ერთი ახალი ჯილდო - ქვეყნის სუპერთასი შემატა, რომელიც მიმდინარე სეზონში ჯერჯერობით თბილისელთა პირველი ტიტულია.
“ვეტერინარებმა” დრამატულ ორთაბრძოლაში სუპერთასის ხუთგზის მფლობელი, თანაქალაქელი “დინამო” დაამარცხეს. მართალია, გამარჯვებულის გამოვლენას დამატებითი დრო დასჭირდა და გადამწყვეტი გოლი 120-ე წუთზე გავიდა, მაგრამ ვიტჯორჯიელთა წარმატებას შემთხვევითი ნამდვილად არ ეთქმის. ისინი უპირატესობას მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდნენ და მეტოქეზე მეტი საგოლე მომენტიც შექმნეს, ხოლო “დინამო” ოპონენტს რეალურად მხოლოდ ერთხელ დამუქრა სახიფათოდ და ის შანსიც გოლად აქცია.
სუპერთასზე გასამართ დაპირისპირებამდე, “ფოლადის” თანამედროვე ხელოვნურსაფარიანი მოედანი ქვემო ქართლისა და “დინამოს” ვეტერანებმა დააჭაშნიკეს, რომელთა ამხანაგური შეხვედრა რუსთავული კლუბის ყოფილ ფეხბურთელს, შემდეგ კი, წლების განმავლობაში გუნდში მწვრთნელად მომუშავე იასონ ალადაშვილის 60 წლისთავს მიეძღვნა.
“დინამოს” ვეტერანებმა 3:0 გაიმარჯვეს და მათ რიგებში: გაბელიამ, სულაქველიძემ, სვანაძემ, ჭედიამ, ცაავამ, ჩიქოვანმა, ჩხეიძემ, ჯამარაულმა, მანუჩარ მაჩაიძემ, კოპალეიშვილმა, მიხეილ ჯიშკარიანმა, ინალიშვილმა, ნემსაძემ, ბარათაშვილმა, კახა გოგიჩაიშვილმა, მელიქიამ, გაბისკირიამ და კობა ჟორჟიკაშვილმა ითამაშეს.
ქვემო ქართლის ნაკრებს შემდეგი ფეხბურთელები წარმოადგენდნენ: კუპატაძე, ბურნაძე, ლობჟანიძე, რეხვიაშვილი, ჯაგიდისი, ფირცხალავა, დეკანოიძე, იასონ ალადაშვილი, ყიფშიძე, არმაზ ჯელაძე, კორღალიძე, ვარლამ კილასონია, კახა ალადაშვილი, კირკიტაძე.
გამარჯვებულთა რიგებში გოლები კოპალეიშვილმა, ჯამარაულმა და ინალიშვილმა გაიტანეს.
დღის მთავარი შეხვედრის დაწყებამდე, მცირე საზეიმო ცერემონიალი მოეწყო, რომელიც სუპერთასსა და რუსთავის სტადიონზე საფარგამოცვლილი მინდვრის პრეზენტაციას ერთდროულად მიეძღვნა. სხვათა შორის, ეროვნული პირველობის მეორე ეტაპს “ვიტ ჯორჯია” რუსთავში განაახლებს, ვიდრე მცხეთაში ანალოგიური 2 ვარსკვლავიანი ხელოვნური მოედნის დაგებას დაასრულებს. მატჩამდე ტრიბუნებზე მსხდომთ ქვემო ქართლის გუბერნატორმა დათო კირკიტაძემ და ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა რეზო არველაძემ მიმართეს. შემდეგ, ორივემ თითო პენალტი დაარტყა, რასაც ბავშთა გუნდის “მრავალჟამიერი” და მოზარდ მოცეკვავეთა მიერ საჰაერო ბუშტების გაშვება მოჰყვა. ყოველივე კი, საქართველოს ჰიმნით დასრულდა.
რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, “ვიტ ჯორჯიას” დაცვის ცენტრში კვახაძე და ლომაია მოქმედებდნენ, ხოლო ფლანგებზე – ხურცილავა და ჯაფარიძე. მოედნის შუაგულის კონტროლი დათუნაიშვილსა და რაზმაძეს ევალებოდათ. მარჯვენა ფრთა ბეჭვაიას ჰქონდა ჩაბარებული, მარცხენა - კლიმიაშვილს, რომელთა წინ ლიპარტია იმყოფებოდა. გამოკვეთილი თავდამსხმელი კვარაცხელია იყო.
“დინამოს” უკანა ხაზის ცენტრს გურამ კაშია და კაკუბავა ამაგრებდნენ, რომელთაც მარჯვნიდან მხარს შოთა კაშია უბამდა, მარცხნიდან - თომაშვილი. ნახევარდაცვაში მამუჩაშვილი, ედნილსონი და ნემსაძე ირჯებოდნენ, შეტევაში – მერებაშვილი, ჯუსი და აკირემი.
“ვეტერინარებმა” ანგარიში მე-9 წუთზე გახსნეს, როდესაც “დინამო” დაცვიდან ბურთის ამოტანისას შეცდა და დათუნაიშვილმა ლორიას შანსი არ დაუტოვა. ორ წუთში კუთხურის ჩამოწოდების შემდეგ, მეტოქის საჯარიმოში საჰაერო ორთაბრძოლა კვახაძემ მოიგო, ხოლო კარისკენ ზურგით მდგომი კლიმიაშვილის ქუსლით დარტყმულს დინამოელი მცველი გადაეღობა. მე-13 წუთზე კლიმიაშვილის წამოწყებული შეტევა მარჯვენა ფრთაზე ბეჭვაიამ გააგრძელა, რომელმაც მოწინააღმდეგის კარის წინ მდგომი კვარაცხელია მონახა, მაგრამ “ვეტერინართა” ფორვარდმა რეალური შანსი ვერ გამოიყენა. მალევე ჯაფარიძის დიაგონალური გადაცემის მერე, მოწინააღმდეგის საჯარიმოში მყოფმა კვარაცხელიამ ბურთი თავით უკან დააგდო, მაგრამ იქ პარტნიორებიდან არავინ აღმოჩნდა. “დინამომ” პირველად 25-ე წუთზე შეუტია, ისიც “სტანდარტულიდან”, მაგრამ მერებაშვილის საჯარიმო დარტყმული ბედიაშვილმა უპრობლემოდ გააუვნებელყო. 31-ე წუთზე კვახაძის მოგერებული ბურთი ედნილსონმა შეუჩერებლად “ვიტ ჯორჯიას” კარისკენ ძალიან არაზუსტად გაგზავნა. 35-ე წუთზე ბეჭვაიას შორეული დარტყმული ერთობ სახიფათო, თუმცა ოდნავ არაზუსტი აღმოჩნდა. ცოტა ხანში, ბეჭვაიას პასის მერე, “დინამოს” მცველების გარემოცვაში მყოფმა ლიპარტიამ ბურთი შეინარჩუნა და კვარაცხელიას გადააწოდა, რომელიც ერთ ვიზავის ოსტატურად გაცდა, თანაგუნდელს კი, ზუსტი პასი ვეღარ მისცა. ტაიმის მიწურულს დათუნაიშვილმა საკუთარი საჯარიმოს სიახლოვეს მერებაშვილი წააქცია, რასაც კვახაძესა და ნემსაძეს შორის მცირე შელაპარაკება მოჰყვა. ჩოჩქოლში ორივე გუნდის ფეხბურთელები ჩაერთვნენ, თუმცა ინციდენტი მოკლე ხანში ამოიწურა.
შესვენების მერე, “დინამოს” თავკაცმა კახა კაჭარავამ ჯუსის ნაცვლად ლევან ხმალაძე გამოიყვანა, რომელმაც მარცხენა მცველის პოზიცია დაიკავა. თომაშვილმა დაცვის მარჯვენა ფრთაზე გადაინაცვლა, შოთა კაშიამ კი, ნახევარდაცვაში აიწია. 47-ე წუთზე დათუნაიშვილმა მოწინააღმდეგის საჯარიმოში “გახსნილი” რაზმაძე მონახა, რომლის ფრიად ხელსაყრელი პოზიციიდან დარტყმული ბურთი ლორიამ გაჭირვებით მოიგერია. ნემსაძის ნაცვლად მოედანზე შემოსულმა ფორვარდმა ვაწაძემ აკირემთან “კედელი” გაითამაშა და მას შემდეგ რაც ხურცილავას გაცდა გამჭოლი გადაცემა გააკეთა, ხოლო მეტოქის მცველიდან მისულ ბურთს შორეულ კუთხესთან თომაშვილი დახვდა -1:1. ძირითადი დროის დასრულებამდე მცირე დრო რჩებოდა, რომ დინამოელის უხეშობაზე გაბრაზებულმა კვარაცხელიამ ბურთი მოედნის ფარგლებს გარეთ გადააგდო, რისთვისაც ყვითელი ბარათი მიიღო.
დამატებით დროში “ვიტ ჯორჯიას” ტერიტორიული უპირატესობა აშკარა იყო, რამაც შედეგი 120-ე წუთზე გამოიღო, როდესაც კახელიშვილი მარცხენა ფლანგზე ორ მცველს გაცდა და ჩამოაწოდა, ხოლო “დინამოს” საჯარიმოში ვასაძესთან საჰაერო ორთაბრძოლის დროს ფირცხალავამ საკუთარ კარში გაიტანა.
“მატჩის წინ გუნდზე ბევრი ფაქტორი მოქმედებდა –“ვიტ ჯორჯია” სუპერთასზე პირველად თამაშობდა და ქართული ფეხბურთს ფლაგმანს ხვდებოდა. გარდა ამისა, ბოლო წლებში ამ გუნდების დაპირისპირება ფრედ მთავრდებოდა. ერთი სიტყვით, მოტივაცია უფრო მეტი გვქონდა. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ლამაზი ფეხბურთი გვეთამაშა და თუ შედეგსაც მივაღწევდით, ბუნებრივია, უკეთესი იქნებოდა. თანამედროვე ფეხბურთის გარკვეული ელემენტები ვაჩვენეთ, მაგრამ ჯერ კიდევ ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო” - განაცხადა “ვიტ ჯორჯიას” დამრიგებელმა გელა გომელაურმა.
“პირველი ტაიმი ცუდად ვითამაშეთ, რაც იმით იყო განპირობებული, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებს გამოცდილება აკლიათ. მოედანზე ხმალაძისა და ვაწაძის შესვლის შემდეგ, რომლებიც ოპტიმალურ ფორმაში არ არიან, თამაში გამოვასწორეთ. დასანანია, რომ ბოლო წუთზე წავაგეთ. მომავალ წელს სხვა გუნდს იხილავთ” - თქვა კაჭარავამ.
გამარჯვებულებს სუპერთასი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ გადასცა. გარდა ამისა, “ვიტ ჯორჯიამ” გათამაშების გენერალური სპონსორის, ვითიბი ბანკის მიერ დაწესებული 25000 ლარი მიიღო.
17 დეკემბერი. რუსთავი. სტადიონი “ფოლადი”. 2000 მაყურებელი.
ვიტ ჯორჯია (თბილისი) –დინამო (თბილისი) 2:1 დ.დ. (1:1 )
ვიტ ჯორჯია: ბედიაშვილი, ხურცილავა, ალექსანდრე კვახაძე, ლომაია, ჯაფარიძე, გიორგი დათუნაიშვილი, კლიმიაშვილი, რაზმაძე (100.ვასაძე), ბეჭვაია, ლიპარტია (96.კახელიშვილი), კვარაცხელია.
დინამო: ლორია, შოთა კაშია, გურამ კაშია, კაკუბავა, თომაშვილი, მამუჩაშვილი (109.ფირცხალავა), ნემსაძე (55.ვაწაძე), ედნილსონი, ჯუსი (46.ხმალაძე), მერებაშვილი, აკირემი.
გოლები: 1:0 დათუნაიშვილი (9), 1:1 თომაშვილი (55), 2:1 ფირცხალავა (120. საკ.კარში)
გაფრთხილება: გურამ კაშია (40), ჯუსი (43), ვაწაძე (68), ლიპარტია (75), კვარაცხელია (77)
არბიტრი: ლაშა სილაგავა (თბილისი)
ლაშა თაბაგარი









