დღეს მცხეთაში ”ბენდელას თასზე” მეოთხედფინალური შეხვედრა გაიმართა ”ვიტ ჯორჯიასა” და ქუთაისის ”ტორპედოს” შორის. ”ვიტელებმა” საწყის წუთებშივე შეუტიეს მეტოქეს და ამან შედეგიც გამოიღო. მე-4 წუთზე ანგარიში ნიკა სიჭინავამ გახსნა. მატჩის 20-ე წუთზე ელგუჯა ლობჟანიძემ ანგარიში უფრო სოლიდური გახადა 2-0.
”ტორპედო” ცდილობდა თამაშის შემობრუნებას და ქუთათურებს გოლის გატანის რამდენიმე კარგი შანსი ჰქონდათ, თუმცა ხან მასპინძელთა ახალწვეული მეკარე ჯონი შეროზია იყო მოწოდების სიმაღლეზე, რიგ ეპიზოდებში კი მცველები თამაშობდნენ უშეცდომოდ.
საბოლოოდ, ”ვიტ ჯორჯიამ” 6 გოლის გატანა შესძლო მეტოქის კარში. 23-ე წუთზე ნიკა მაისურაძემ გამოიჩინა თავი, 53-ე და 55-ე წუთებზე გიორგი გეთიაშვილმა და ასევე ”ვიტ ჯორჯიას” ახალწვეულმა მცველმა ლევან ცაბაძემ შესძლეს მეტოქის დამწუხრება, საბოლოო ანგარიში კი 90 -ე წუთზე ლევან კუხალეიშვილმა დააფიქსირა.
”ტორპედოს” მხრიდან ერთადერთი, პრესტიჟის გოლი მამუკა ღონღაძემ გაიტანა 23-ე წუთზე.
ედემი ელერჯია







