ლონდონის “არსენალის” ახალგაზრდულმა შემადგენლობამ “ბორუსიას” გასვლით მატჩში ინგლისური ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავის კეილენ ჰინდსის დუბლით მოუგო. ინგლისის 17-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელი 16 წლის გახლავთ. ამ ასაკის მოთამაშეები ჩემპიონთა ლიგის ახალგაზრდულ ტურნირში იშვიათად გვხდებიან. ძირითადად 17, 18 ან 19 წლის მოთამაშეებს ვხვდებით.
ლონდონელებს სასტარტო შემადგენლობაში ჰყავდათ გედიონ ზელალემი, რომელიც ძირითად გუნდთან ერთადაც თამაშობს ხოლმე ამხანაგურ მატჩებში, ვენგერი დროდადრო ცდილობს მის შეჩვევას პროფესიონალურ ფეხბურთთან.
ზელალემი ბერლინშია დაბადებული, ირიცხებოდა ბერლინის “ჰერტას” საფეხბურთო სკოლაში და მიუხედავად იმისა, რომ გერმანია 9-10 წლის ასაკში დატოვა, გერმანიის 17-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელია. უთამაშია გერმანიის 15 და 16 წლამდელთა ნაკრებების მაისურით.
მანჩესტერ “სიტის” მაისურით გოლი გაიტანა “ესპანელ მესიდ” შერაცხულმა ხოსე ანხელ პოზომ. პატრიკ ვიეირას გუნდმა გასვლით შეხვედრაში “ბაიერნის” თანატოლებს სძლია. პოზოს გარდა გოლი ირლანდიელმა ჯეკ ბარნიმაც გაიტანა.
ბარნის ირლანდიის 17-წლამდელთა შემადგენლობაში საქართველოს წინააღმდეგ აქვს ნათამაშები, როცა გერმანიაში გამართულ შესარჩევ ეტაპზე ზარანდიას, კერძევაძისა და ჩაბრაძის გოლებით გიორგი დევდარიანის მოთამაშეებმა დამაჯერებლად დაამარცხეს ბარნი და ძმანი მისნი.
პატრიკ ვიეირამ სასტარტოში სამი ესპანელი ათამაშა. ხსენებული პოზოს გარდა მოედანზე იყო პაბლო მაფეო და ტასენდე, ხოლო მიუნხენელთა შემადგენლობაში ცნობილი გერმანელი ფეხბურთელის მეჰმეთ შოლის შვილი ლუკას ჯულიანი ვიხილეთ.
ინგლისელებმა 2012 წელს ანხელ პოზო მადრიდის “რეალის” სკოლიდან, 2013 წელს პაბლო მაფეო “ესპანიოლის” აკადემიიდან და ამავე წელს ტასენდე “დეპორტივოს” ახალგაზრდული კლუბიდან გადაიბირეს.
“ბაიერნის” სათადარიგოთა სკამზე თურქი ფეხბურთელი აღმოვაჩინე, თუმცა გერმანიაში თურქთა ემიგრაციის შემდეგ თურქული წარმოშობის ფეხბურთელები ხშირად გვხდება. 17 წლის აკინ მემეთოღლუც ამის მაგალითია. “მიუნხენ 1860-ის” ასაკობრივი გუნდის შემდეგ მიუნხენის “ბაიერნის” 17-წლამდელთა გუნდის მაისური მოირგო, ხოლო შემდეგ 19-წლამდელთა გუნდშიც დააწინაურეს.
ლონდონის “ჩელსიმ” გელზერკინხენული კლუბი დაამარცხა. “შალკეს” ძლევაში დიდი წვლილი 2014 წელს 17-წლამდელთა შორის ინგლისის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონებმა დომინიკ სოლანკემ და ისაია ბრაუნმა შეიტანეს. ამ უკანასკნელმა დუბლი შეასრულა, ხოლო სოლანკემ ერთი გოლი იკმარა.
ბასკეთში დონეცკის “შახტარის” მაისურით ითამაშა ბექა ვაჩიბერიძემ. ბილბაოს “ატლეტიკთან” შეხვედრაში დონეცკელთა კაპიტანი ქართველი ნახევარმცველი იყო. ბექამ შეუცვლელად ითამაშა და 21-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ახალგაზრდულ გათამაშებაში ბექას დებიუტი გასულ სეზონში შედგა.
ელდერ პოშტიგას ძმამ – ხოსე პოშტიგამ გაიტანა ლისაბონის “ბენფიკას” მაისურით. უფროსი ძმის მსგავსად ამპლუით ფორვარდი ხოსე პოშტიგა ლისაბონელთა კლუბის აღზრდილია და პორტუგალიის 18-წლამდე ნაკრებში თამაშობს.
“რომას” 19-წლამდელთა გუნდის მწვრთნელი დანიელე დე როსის მამა ალბერტო დე როსია. ცნობილი ფეხბურთელის მამა გუნდს სათავეში 2007 წლიდან უდგას.
“რომამ” რუსთა არმიული კლუბის დამარცხება შეძლო, ხოლო იტალიელთა სათადარიგო სკამიდან ანჯელო დი ლივიოს ვაჟი ლორენცო დი ლივიო არ წამომდგარა.
საინტერესოა, რომ წარსულში ცნობილი ფეხბურთელი ანჯელო დი ლივიო ამჟამად “ლაციოს” ასაკობრივ გუნდში მუშაობს, ხოლო მისი შვილი მოსისხლე მტრის ბანაკშია.
პირველი ტურის დარჩენილი ერთი შეხვედრა ხუთშაბათს გაიმართება, “აიაქსი”ამსტერდამში “პარი სენ-ჟერმენს” ეთამაშება. ჰოლანდიაში დასრულებული თამაშის შემდგომ მატჩის მიმოხილვას შემოგთავაზებთ.
ბაიერნი – მანჩესტერ სიტი 1:4
გოლები: 0-1 ბირნი (26), 0-2 პოზო (43), 0-3 ტესენდე (60), 0-4 სელინა (66), 1-4 ვოლტერი (90+2)
პორტუ – ბატე 2:0
გოლები: 1-0 რუბენ მაკედო (თერთმეტმეტრიანი, 19) 2-0 რუიზი (თერთმეტმეტრიანი, 76)
ბორუსია – არსენალი 0:2
გოლები: 0-1, 0-2 ჰინდსი (14, 32)
ატლეტიკი – შახტარი 0:2
გოლები: 0-1 ზუბკოვი (25), 0-2 შტანდერი (61)
მარიბორი – სპორტინგი 1:3
გოლები: 0-1 პოშტიგა (თერთმეტმეტრიანი, 30), 0-2 ხოსე კორეია (76), 1-2 ლორბეკი (თერთმეტმეტრიანი, 80), 1-3 ელოი (90+2)
ჩელსი – შალკე 4:1
გოლები: 1-0, 3-0 ბრაუნი (9, 55), 2-0 სოლანკე (30), 4-0 აინა (67)
რომა –ცსკა 3:1
გოლებიL: 0-1 ჟამელეტდინოვი (7), 1-1 კალაბრესი (37), 2-1 ვერდე (43), 3-1 ადამო (55)
დიმა შარიქაძე







