ვერის ბაღში მდებარე მიხეილ კეკელიძის სახელობის ბავშვთა საკალათბურთო სასახლე არ დაინგრევა, არც სხვა ორგანიზაციას გადაეცემა, მალე გარემონტდება, ისევ კალათბურთის სამსახურში ჩადგება და 2015 წელს თბილისში, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ერთ-ერთი მასპინძელი იქნება.
ასე უპასუხა “მსოფლიო სპორტის” ჟურნალისტის დასმულ კითხვაზე ქალაქ თბილისის მერმა გიგი უგულავამ, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში, ქართველი სპორტსმენებისა და მათი გულშემატკივრების გამაერთიანებელი ჰიმნის შექმნასთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე.
აღნიშნული დარბაზი, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე რომ აღარაფერი ვთქვათ, თავის დროზე, ყოფილი საბჭოთა კავშირის საკალათბურთო ჩემპიონატის მატჩებსაც მასპინძლობდა. დაახლოებით 3-4 წელიწადი იქნება, ვერის ბაღში ეროვნული ჩემპიონატის მატჩები აღარ ჩატარებულა.
ამავდროულად კი, კულუარებში უამრავი ჭორი წარმოიშვა. ერთ-ერთის მიხედვით, ვერის ბაღის საკალათბურთო სასახლე შეიძინა თბილისის მერმა გიგი უგულავამ, რომელიც მის დანგრევას და ამ ადგილზე საცხოვრებელი კორპუსი აშენებას აპირებს.
ეს მოსაზრება რომ მხოლოდ ჭორია, მასმედიის წინაშე უგულავას წარმოთქმულმა სიტყვებმა ოფიციალურად დაადასტურეს.
როლანდ ლაბუჩიძე









