ძიუდო

17:20 | 18.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვერცხლის დღე

 

ჰოლანდიის ქალაქ უტრეხტში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ქართველმა ძიუდოისტებმა კიდევ ორი მედალი მოიპოვეს. თამაზ კირაკოზაშვილსა (73 კგ) და იესო კვირიკაშვილს (81 კგ) კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურამდე თითო გამარჯვებაღა დააკლდათ და ვერცხლს დასჯერდნენ.

კირაკოზაშვილი შეჯიბრებაში მეორე წრიდან ჩაერთო და მძიმედ დაიწყო – სლოვენიელ მარტინ ჰოჟანსა და ფინელ ოსკარ ტვაურს მხოლოდ გაფრთხილებებით აჯობა. ნახევარფინალში ჩერნოგორიელ არსო მილიჩს წუთ-ნახევარში ორი ვაზარით სძლია. ფინალში კი თურქ ისლამ აბანოზს იუკოს უგებდა და მესამე წუთზე სუფთად დამარცხდა.

კვირიკაშვილმა ფინალის გზაზე ოთხი სუფთა გამარჯვება მოიპოვა – იპონ იპონ ჩამოიშორა ლატვიელი გინტს ბუმეისტერსი, ბულგარელი ალეკს ვასილევი, ავსტრიელი მაქსიმილიან შნაიდერი და ჰოლანდიელი ფრანკ დე ვიტი. ოქროს მედლისთვის ბრძოლაში იპონითვე წააგო რუსეთის ნაკრების წევრ მიხაილ იგოლნიკოვთან.

დღესვე ჰოლანდიურ ტატამზე ხატია ჯანაშვილიც (63 კგ) გავიდა, მაგრამ ტურნირს საწყისი ეტაპიდანვე გამოეთიშა, ებრაელ პაც ლიბელთან იპონით წაგების შემდეგ.

ხვალ ძიუდოისტები ვაჟებსა და გოგონებში მედლების ბოლო ორ-ორ კომპლექტს გაითამაშებენ. საქართველოს სახელით კი მხოლოდ ვაჟები იჭიდავებენ - გიორგი გველესიანი (90 კგ) და გიორგი ძებისაშვილი (+90 კგ).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113006