ლონდონის “არსენალის” მთავარი მწვრთნელი, არსენლ ვენგერი მიიჩნევს, რომ მის გუნდს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასასვლელად იღბალი სჭირდება, რაც მსაჯების კეთილგანწყობაში გამოიხატება. ფრანგი სპეციალისტი ასევე თვლის, რომ გადამწყვეტ მატჩში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა ფეხბურთელების ტრავმიანობის შემცირება.
“წარმატების მისაღწევად საჭიროა, რომ მსაჯებმა ჩვენთვის სასარგებლო გადაწყვეტილებები მიიღონ. ნორმალური მსაჯობის შემთხვევაში, ვერც “ინტერი” და ვერც “ბაიერნი”, გასულ სეზონში, ლიგის ფინალში ვერ გავიდოდნენ. შეგახსენებთ, რომ მიუნხენელებმა, “ფიორენტინასთან” მატჩში, ორმეტრიანი თამაშგარედან გაიტანეს გოლი” – ციტირებს ვენგერის სიტყვებს “არსენალის” ოფიციალური ვებ-გვერდი.
ვენგერი ასევე აცხადებს, რომ საჭიროა გუნდის ლიდერები ტრავმებს იშვიათად ღებულობდნენ: “აუცილებელია ლიდერები ტრავმებისთვის თავის არიდებას ახერხებდნენ და აპრილში კარგ ფორმაში იმყოფებოდნენ”. შეგახსენებთ, რომ ამჟამად “არსენალის” ლაზარეთში გუნდის არაერთი ფეხბურთელი იმყოფება.









