ჩინეთის ქალაქ ჰანგჟოუში მიმდინარე საჭადრაკო სუპერტურნირის - 1st Hangzhou Women Grand Master Chess Tournament-ის მე-3 ტურის შედეგად, გათამაშებას ერთპიროვნული ლიდერი ჰყავს - ვენჯუნ ჟუ.
არცთუ მცირე რეიტინგის (2515) მქონე ჩინეთის კიდევ ერთმა იმედმა, დღეს თეთრი ფიგურებით ამერიკელი ანა ზატონსკიხი (2522) დაამარცხა და 2,5 ქულით ყველას გადაასწრო.
მას კვალში სამი 2-ქულიანი ქალი უდგას: მსოფლიოს ჩინელი ჩემპიონი იიფან ჰოუ (2575), რომელმაც შავებით დრონავალი ჰარიკასთან (ინდოეთი, 2513) ყაიმით დაასრულა პარტია; ასევე ჩინელი ქსუე ჟაო (ჩინეთი, 2470), რომელმაც შავებით ტატიანა კოსინცევასთან (რუსეთი, 2557) გაიყო ქულა და ნადეჟდა კოსინცევა (რუსეთი, 2560), რომელმაც შავი ფიგურებით ცნობილი ჩენ ჟუ (ყატარი, 2485) დაამარცხა.
ამ მარცხის შედეგად, ჩენ ჟუ ისევ 0,5 ქულის ამარა დარჩა და ბოლო ადგილს იყოფს ქართველ ნანა ძაგნიძესთან (2537), რომელიც შავებით ფრანგ მარი სებაგს (2510) ვერ გაუმკლავდა.
სებაგს, 3 ტურის შემდეგ 1,5 ქულა დაუგროვდა, ისევე, როგორც ჰარიკასა და ტატიანა კოსინცევას, ხოლო ზატონსკიხს ერთი ქულა აქვს.
მე-4 ტურში ერთმანეთს ხვდებიან: ძაგნიძე-ზატონსკიხი, ჟაო-ვენჯუნ ჟუ, ნადეჟდა კოსინცევა-ტატიანა კოსინცევა, იიფან ჰოუ-ჩენ ჟუ, სებაგი-ჰარიკა.
ჰანგჟოუს ტურნირი წრიული სისტემით, 9 ტურად ტარდება, გამარჯვებული კი 23 ივლისს გამოვლინდება. ჩემპიონი საპრიზო ფონდიდან 5 ათას დოლარს მიიღებს, მეორეადგილოსანი 4 ათასით დაჯილდოვდება, მესამეზე გასული კი – 2 ათასით.







