ძიუდო

4:04 | 22.04.2010 | ნანახია [] - ჯერ

ვენაში ევროტატამი გაიშალა

დღეს, ვენაში, ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატი დაიწყება და 25 აპრილამდე გასტანს. პირველი-სამი დღე მედლები ინდივიდუალურ ჩათვლაში გათამაშდება. შვიდივე წონითი კატეგორიის ჩემპიონ-პრიზიორთა გამოვლენის შემდეგ კი, მონაწილე ნაკრებები გუნდური ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ჩაერთვებიან.
საქართველოს ნაკრები ვენაში 8 სპორტსმენით ჩავიდა. დავით ასუმბანი (60 კგ), შალვა ქარდავა (66 კგ), ზაზა კედელაშვილი (73 კგ), ლევან წიკლაური (81 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი (90 კგ), ლევან ჟორჟოლიანი (100 კგ) და ზვიად ხანჯალიაშვილი (+100 კგ) ინდივიდუალურ პირველობაში ჩაერთვებიან. გუნდურში კი მათ
მძიმეწონოსანი ლაშა გუჯეჯიანი დაემატება.
დღეს ტატამზე 60 და 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე მამაკაცები და 48, 52 და 57-კილოგრამიანი ქალები გავლენ. საქართველოს დროშის ქვეშ მხოლოდ მამაკაცები იჭიდავებენ. დღეს საქმეში ასუმბანი და ქარდავა ჩაერთვებიან. ხვალ – კედელაშვილი და წიკლაური, ზეგ – ლიპარტელიანი, ჟორჟოლიანი და ხანჯალიაშვილი.
გუშინ კენჭისყრა გაიმართა და ქართველთა პირველი მეტოქეებიც გამოვლინდნენ. ასუმბანი პირველ წრეში დაისვენებს და ჩემპიონატში პირდაპირ მერვედფინალიდან ჩაერთვება, სადაც რუს ბესლან მუდრანოვსა და აზერბაიჯანელ იგარ მუშკიევს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. ქარდავა ჩემპიონატს იტალიელი ენრიკო პარლატით გახსნის. კედელაშვილი ბელარუს ვიტალი შაულიუკს შეხვდება, წიკლაური – ლიტველ რადვილას მატუკასს, ლიპარტელიანი – უნგრელ ლევენტე ლედენის, ჟორჟოლიანი – აზერბაიჯანელ ელმარ გასიმოვს, ხოლო ხანჯალიაშვილი – ბოსნიელ დრაჟენ სუბოტიჩს.
ოთარ მაღლაკელიძე

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.162101