ფეხბურთი

21:39 | 24.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვაწაძის დუბლი, ლიპარტიასა და გოგუას გოლები, "ვიტესის" მარცხი

დანიაში გოლების გატანას განაგრძობს მათე ვაწაძე. "ორჰუსის" ქართველმა ფორვარდმა "აბ კოპენჰაგენთან" გასვლაზე 5:1 მოგებულ მატჩში დუბლი მიითვალა. მან 34-ე და 50-ე წუთებზე გამოიჩინა თავი. მათე დანიის პირველი ლიგის ბომბარდირთა შორის ლიდერობს 6 გოლით. ჯერ 5 ტურია გასული.

ვაწაძემ 90 წუთი ითამაშა, გამოჯანმრთელდა დავით სხირტლაძეც, რომელმაც ბოლო 18 წუთი გაატარა მინდორზე. რაც შეეხება დავით დევდარიანს, ის ბოლომდე არ მომჯობინებულა. "ორჰუსი" მეორე ადგილზეა.   

 არნემის "ვიტესმა" ჰოლანდის ჩემპიონატის მესამე ტურშიც ვერ მოიგო და ისევ ერთი ქულის ამარაა. არნემელებმა გასვლაზე 1:2 წააგეს "ზვოლესთან". გურამ კაშიამ და ვაკო ყაზაიშვილმაც შეუცვლელად ითამაშეს. კაშიამ გაფრთხილებაც მიიღო.

რუსეთის პირველ დივიზიონში "სკა-ენერგიამ" გასვლაზე 2:2 ითამაშა "სიბირთან". გოგიტა გოგუამ ბოლო წუთზე პენალტით გაათანაბრა ანგარიში. გოგუამ და გუჯა რუხაიამ შეუცვლელად ითამაშეს, კახა ალადაშვილი კი განაცხადში არ გახლდათ მიკროტრავმის გამო. 

"ტოსნომ" 2:1 სძლია "სოკოლს". ნუკრი რევიშვილმა, გიორგი ნავალოვსკიმ და მიხეილ გორელიშვილმა შეუცვლელად ითამაშეს. გორელიშვილმა 70-ე წუთზე პენალტი ვერ გაიტანა – იმ დროს, როცა მისი გუნდი 1:0-ს იგებდა. "ტოსნო" პირველ დივიზიონს ლიდერობს.

უკრაინაში სათასო 1/16 ფინალის მატჩები გაიმართა და ერთი ქართული გოლიც გავიდა, რომელიც ჯაბა ლიპარტიამ მიითვალა. მან "კრემენთან" მატჩში გამოიჩინა თავი.

სხვა ქართველმა ლეგიონერებმაც ითამაშეს: მაგალითად, ჯაბა კანკავა 90 წუთი გაისარჯა "დესნა"-"დნიპროს" შეხვედრაში (0:1). თუმცა, დნიპროელთა მწვრთნელმა მირონ მარკევიჩმა ფაქტობრივად სათადარიგო შემადგენლობა ათამაშა.

"ნაფტოვიკ"-"ვოლინის" მატჩში (0:1) ასევე შეუცვლელად გაისარჯა სანდრო კობახიძე. ბუბა დაუშვილმაც 90 წუთი ითამაშა "ჩაიკა"-"კარპატის" შეხვედრაში, რომელიც ლვოველებმა 4:0 მოიგეს.  

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114986