ერთი წლის წინ – 2009 წლის სეზონის დასაწყისში, ქართველი გულშემატკივრები ძიუდოში განსაკუთრებულ იმედებს ვარლამ ლიპარტელიანზე ამყარებდნენ. ახალგაზრდებს შორის ყველა ტიტულის მომგები ძიუდოისტი ძირითად ნაკრებში დებიუტანტობის მიუხედავად, უმალ უმთავრესი ტურნირების ფავორიტად მოინათლა. სეზონი დასრულდა და სპორტულმა ჟურნალისტებმა ტრადიციულ წლის შემაჯამებელ გამოკითხვაში, ათეულში ძიუდოისტთაგან მხოლოდ ლიპარტელიანი შეიყვანეს, ოღონდ მხოლოდ მეექვსე ადგილზე. ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი შედეგის გამო გაცილებით კრიტიკულია და შეცდომების გამოსწორებას 2010 წელს აპირებს. გუშინ ვარლამ ლიპარტელიანი სამხრეთ კორეაში გაემგზავრა, სუვონის მსოფლიოს მასტერსზე საჭიდაოდ. “მსოფლიო სპორტს” კი ინტერვიუ კორეაში გაფრენის წინ მისცა.
- 2010 წლის სეზონს მსოფლიოს მასტერსით იწყებ. მზად ხარ, ასეთი რანგის ტურნირზე გამოსასვლელად?
- წლის დასაწყისია და ცხადია, ოპტიმალურ ფორმაში არ ვარ. მოსამზადებელი ეტაპი კი გავიარე, მაგრამ საახალწლო დღეების შემდეგ სპარინგ-პარტნიორების ნაკლებობა იგრძნობოდა. ეს პრობლემა სამიოდე დღის წინ მოგვარდა. როგორც შემეძლო, მაქსიმალურად მოვემზადე. მოსაგებად მივდივარ, დანარჩენი კი იქ გამოჩნდება. ჩემი აზრით, საუკეთესო ფორმაში ვერც სხვა ნაკრების წევრები იქნებიან. გამონაკლისს, სავარაუდოდ მხოლოდ მასპინძლებისგან უნდა ველოდოთ, რომლებიც მსოფლიოს მასტერსისთვის სრული მობილიზებით ემზადებიან.
- საქართველოს ჩემპიონატზე მიღებულმა ტრავმამ არ შეგიშალა სამზადისში ხელი?
- ქუთაისში ხელი ვიტკინე. ცერა თითი მქონდა დაზიანებული და 2009 წლის ბოლოს, დაახლოებით ოცდღიანი მკურნალობა დამჭირდა. ეხლა უკეთ ვარ, მაგრამ ბოლომდე მოშუშებული ტრავმა მაინც არაა და სპეციალური გადასახვევებით ვსარგებლობ. იმედია გართულება აღარ მოჰყვება.
- სპორტულმა ჟურნალისტებმა შარშანდელი სეზონის ათეულში მე-6 ადგილზე გაგიყვანეს. თავად როგორ შეაფასებ გასულ სეზონს?
- ძალიან კრიტიკულად. რამდენიმე ჩავარდნა მქონდა. მათ შორის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზეც. მიზეზების დასახელებაც მრავლად შეიძლება – არასაკმარისი მობილიზება, ზედმეტი თავდაჯერებულობა, ტრავმები, გარეშე ფაქტორები. პირველ ყოვლისა, მაინც ჩემშია პრობლემა. საკუთარ თავს ყველაზე მეტად ვადანაშაულებ. ჟურნალისტებს კი დიდი მადლობა. მათ ალბათ ევროპის ჩემპიონატის ვერცხლი დამიფასეს.
- ბევრი თვლის, რომ ევროპირველობაზე მსაჯებმა დაგჩაგრეს. ამაზე კომენტარის გაკეთებას აქამდე ერიდებოდი. უკვე საკმაო დრო გავიდა და იქნებ ახლა გაიხსენო...
- სულ ცოტა, 50-ჯერ ვუყურე ჩემი და ბელარუსი ანდრეი კაზუსიონაკის იმ შეხვედრის ვიდეოჩანაწერს და სრული გულწრფელობით ვამბობ, მისი ილეთი, რომელიც იპონად შეფასდა ასპროცენტიანი ვაზარი იყო. მთავარმა მსაჯმაც სწორად დაინახა, მაგრამ გვერდითებმა წმინდა გამარჯვება დააფიქსირეს, არადა ერთ-ერთ მათგანს ილეთი საერთოდ არ დაუნახია. ძნელი სათქმელია, რატომ მოხდა ასე. თან ევროპის ჩემპიონატი თბილისში ტარდებოდა. მასპინძლებს ყოველთვის ყველაზე ნაკლებად ჩაგრავენ, მაგრამ... სამწუხაროდ, მაშინ ქართულ ძიუდოში ისეთი ამბები ტრიალებდა... ყველაფრის მიუხედავად, გული მხოლოდ საკუთარ თავზე მწყდება. ჩემგან ყველა ჩემპიონობას ელოდა, მეც დარწმუნებული ვიყავი, რომ კაზუსიონაკსაც მოვუგებდი. იქამდე ხომ ორჯერ მყავდა დამარცხებული. რომ არა ზედმეტი თავდაჯერება, ჩემპიონობაში ხელს ვერავინ შემიშლიდა. ვეცდები ასეთი შეცდომა აღარასოდეს დავუშვა. მსოფლიოს ჩემპიონატი კიდევ უფრო წარუმატებელი გამოდგა – პირველსავე წრეში წავაგე. ის მარცხი პირველ ყოვლისა სუნთქვის პრობლემის ბრალი იყო. გლანდები მაწუხებდა და ძალიან შემიშალა ხელი. თბილისში დაბრუნებულმა ამოვიჭერი. რაც შეეხება საქართველოს ჩემპიონატზე წაგებულ ფინალს, ეს მხოლოდ და მხოლოდ ტაქტიკური შეცდომა იყო. ძალიან დიდი უპირატესობით ვიგებდი და შემეძლო ბოლო წუთზე იპონზე აღარ მეფიქრა. ეფექტურად მოგება გადავწყვიტე და დავისაჯე.
- გავრცელდა ხმები, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე მოწამლულმა იჭიდავე. მართალია?
- უშუალოდ ჩემპიონატის მსვლელობისას არა, მაგრამ მოსამზადებელ შეკრებაზე კვების საკითხი ვერ იყო ბოლომდე მოწესრიგებული და მართლა მოვიწამლეთ რამდენიმე ძიუდოისტი.
- 2009 წლის შემაჯამებელ მსოფლიოს რეიტინგსიაში, ტოპ-16-ში მარტო 2 ქართველი მოხვდით. რისი ბრალია ეს წარუმატებლობა?
- აქაც რამდენიმე მიზეზის დასახელება შეიძლება. პირველი ის, რომ რამდენიმე ისეთი საერთაშორისო ტურნირი გამოვტოვეთ, რომლებზეც ბევრი სარეიტინგო ქულა თამაშდებოდა. ტრავმებიც იმაზე მეტი იყო, ვიდრე როდესმე. შიდა დაპირისპირებებიც არ დაგვავიწყდეს. გუნდი ორ ნაწილად გაიყო და ამან ძალიან ცუდად იმოქმედა ქართულ ძიუდოზე.
- ამჟამად არანაირი დაძაბულობა აღარ არსებობს?
- დაპირისპირება აღარაა, მაგრამ მოვიტყუები, თუ ვიტყვი, გუნდი ძველებურად, ერთ მუშტადაა შეკრული მეთქი. საქართველოს ნაკრები გუნდურ ჩათვლაში მსოფლიოს ჩემპიონია, მაგრამ ის ნაკრები სულ სხვა იყო. ძველი ერთსულოვნება აღარ არსებობს და დღევანდელ ნაკრებს ტიტულის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდებოდა. ღმერთმა ქნას, ეს პრობლემაც წარსულს ჩაბარდეს და ყველასთვის სანატრელი გუნდური სულიც დავიბრუნოთ.
- 30-31 იანვარს თბილისი მსოფლიოს თასს უმასპინძლებს. მსოფლიოს მასტერსის შემდეგ სპორტის სასახლეშიც იჭიდავებ თუ დასვენებას ამჯობინებ?
- 14 იანვარს თბილისში მსოფლიოს თასისწინა შეკრება დაიწყება. ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობას კორეიდან დაბრუნებისთანავე შევუერთდები. ტურნირისთვის მოვემზადები, მაგრამ ვიჭიდავებ თუ არა, ამას ახლა ნამდვილად ვერ გეტყვით. მწვრთნელები გადაწყვეტენ.
- ბოლოს ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მიერ ამ დღეებში მიღებულ გადაწყვეტილებაზეც გკითხავთ. ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე ორი შემადგენლობით გამოსვლა ქართული ძიუდოსთვის მომგებიანი იქნება?
- ჩემი აზრით, ეს სიახლე ბევრ ნიჭიერ ახალგაზრდას მისცემს თავის გამოჩენის შანსს. ამასთან, იყვნენ ისეთი ძიუდოისტებიც, რომლებსაც ნაკრების მეორე ნომრობის გამო დიდ ტურნირებზე თავის გამოჩენის შესაძლებლობა არ ჰქონდათ. რაც მთავარია, შიდა კონკურენცია კიდევ უფრო მეტად საინტერესო გახდება. საერთაშორისო დონეზე წარმატების შანსის გაზრდაზე ან შემცირებაზე კი ჯერ პროგნოზის გაკეთება ძალიან ადრეა. ვეთანხმები აზრს, რომ 2 იაპონელოს ჩამოცილება გაცილებით ძნელია, ვიდრე ერთის, მაგრამ თუ საჩემპიონოდ ხარ მომზადებული, ყველა წინაღობა უნდა გადალახო.
ოთარ მაღლაკელიძე







