ძიუდო

10:07 | 10.09.2010 | ნანახია [] - ჯერ

ვარლამ ლიპარტელიანი მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალშია

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი ვარლამ ლიპარტელიანი, ტოკიოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ნახევარფინალში გავიდა. 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველმა, იაპონურ ტატამზე ოთხი შეხვედრა ჩაატარა და ოთხივეში დიდი უპირატესობით იმარჯვა. ინდოელ საჰილ პათანიას 50 წამში მოუმთავრა საქმე, ბრიტანელ ვინსტონ გორდონს 3 წუთში შეუსრულა წმინდა გდება, კუბელი ეშლი გონზალესის დასაიპონებლად 4 წუთი იკმარა და მხოლოდ უკრაინელ ვალენტინ გრეკოვთან დასჭირდა სრული საჭიდაო დრო, თუმც მეტოქეს შანსი არ დაუტოვა – ვაზარით და 2 იუკოთი აჯობა.

ნახევარფინალში, ლიპარტელიანის მეტოქე იაპონელი დაიკი ნიშიამა იქნება. ფინალის მეორე საგზურისთვის კი საბერძნეთის სახელით მოჭიდავე ჯარჯი ზვიადაური და აზერბაიჯანელი ელხან მამადოვი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. გადამწყვეტი შეხვედრები თბილისის დროით 12 საათისთვის დაიწყება.
დღესვე, კიმონო საქართველოს ნაკრების კიდევ სამმა წევრმა მოირგო, მაგრამ უშედეგოდ. მინდია ბოდაველმა გამარჯვებით დაიწყო - ბრიტანელი მაიკლ ჰორლი მეხუთე წუთზე დააიპონა, მაგრამ შემდეგ, ჯარჯი ზვიადაურთან ვაზარით წააგო და სამივე სინჯის მედლის შანსი ერთდროულად დაკარგა.
81 კილოგრამში მოჭიდავე ლევან წიკლაური და გიორგი შინჯიკაშვილი ჩემპიონატს პირველივე წრიდან დაემშვიდობნენ. ორივე წმინდად დამარცხდა. წიკლაური ამერიკელ ტრევის სტივენსთან 3 წუთსა და 10 წამში წამოეგო იპონზე, ხოლო შინჯიკაშვილს აზერბაიჯანელმა ელნურ მამადლიმ 4 წუთსა და 12 წამში 2 ვაზარი შეუსრულა.
 
ოთარ მაღლაკელიძე
 
0.170426