2009 წლის 6 ოქტომბერს ვალტერ მაცარიმ სამხრეთიტალიური “ნაპოლის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე “სკუადრა აძურას” ყოფილი დამრიგებელი რობერტო დონადონი შეცვალა. მას შემდეგ მოყოლებული ნეაპოლელები სულ უფრო და უფრო ზემოთ ინაცვლებენ ცხრილში, გასულ უიკ-ენდზე კი გუნდმა ზედიზედ 14 მატჩისგან შემდგარი წაუგებელი სერია გამოაცხო და ამჟამად იმ პოზიციაზეა, რომელიც “ნაპოლის” ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოსვლის საშუალებას მისცემს.
- სინიორ მაცარი, “ლივორნოსთან” განსაკუთრებული და-მოკიდებულება გაქვთ. რა გრძნობით ამზადებდით თქვენს ამჟამინდელ გუნდს ყოფილ კოლექტივთან დასაპირისპირებლად?
- მწვრთნელობა “ნაპოლიში” გუნდის ჭაბუკ ფეხბურთელთა დამრიგებლობით დავიწყე, შემდეგ რამდენიმე ადგილას ვიმუშავე, თუმცა, თამამად შემიძლის განვაცხადო, რომ ჩემი სადამრიგებლო ნათლობა “ლივორნოში” შედგა – მანამდე ხომ სერია B-ს გუნდების გაძღოლას არ მანდობდნენ. ლივორნოში 2003 წელს დავბრუნდი (მაცარი ლივორნოს მახლობლად სან ვინჩენცოში დაიბადა-რედ), 2004-ში კი გუნდი 55 წლიანი პაუზის შემდეგ უძლიერესთა რიგებში გადავიყვანე! მშობლიურ გარემოში მოხვედრით ვისიამოვნე, ძველი მეგობრებიც მოვინახულე, მაგრამ ყოველივეს პროფესიული მოვალეობის კარგად შესრულებში ხელი არ შეუშლია. ჩვენთვის ხომ ახლა გადამწყვეტი მომენტია და ვფიქრობ, “ნაპოლი” პრინციპული მატჩისთვის სათანადოდ მოვამზადე.
- იქნებ უფრო კონკრეტულად მოგვახსენოთ რაზე გაამახვილეთ ყურადღება წინასამატჩოდ?
- ძალიან ბევრი ვიფიქრე ოპტიმალური შემადგენლობის შერჩევაზე. მოგეხსენებათ ერთბაშად რამდენიმე წამყვანი მოთამაშე გვყავს შეუძლოდ. განსაკუთრებით ეზეკიელ ლავეცი გვაკლია. ასეთ პირობებში კი იმ სტადიონზე გამოსვლა, რომლის ტრიბუნების აქტიურად უჭერენ მხარს საკუთარ გუნდს, ძალიან ძნელია. გითხარით, სასტარტო შემადგენლობის დაყენებაზე ბევრი რომ ვიფიქრე, მთავარი ამოცანა კი ის გახლდათ, რომ პერტურბაციებს “ნაპოლის” სათამაშო სქემა ოდნავადაც არ უნდა შეეცვალა. ასპარეზობამდე რამდენიმე დღით ადრე ბიჭების ათლეტურ მზადებას დავუთმე განსაკუთრებული დრო და ყურადღება. ჩვენი გათვლა სწორი აღმოჩნდა, რასაც შეხვედრის მსვლელობა და მისი საბოლოო შედეგი ადასტურებს.
- უშუალოდ მატჩზე რას გვეტყოდით?
- ბიჭებმა ყველა წინასამატჩო დარიგება გაითვალისწინეს. ვფიქრობ, დამსახურებულად მოვიგეთ, მაგრამ ჩვენს მეკარეს მორგან დე სანკტისს 54-ე წუთზე ლუკარელის პენალტი რომ არ აეღო, ჩვენი მოგება პრობლემატური გახდებოდა. ფეხბურთელებმა ბოლომდე ვაჟკაცურად იბრძოლეს და მოგებას მეოთხე საფეხურამდე აღმასვლაც მოჰყვა. მიღწუელს არ დავკმაყოფილდებით. ამას უპირველესად სათამაშო მექანიზმის შემდგომ დახვეწაზე ვამბობ. მართალია, ბოლოხანს “ნაპოლი” საკმაოდ მაღალ კლასს აჩვენებს, თუმცა, გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრი რომაა, ამას არა მარტო სპეციალისტის, რიგითი გულშემატკივრის თვალიც შეამჩნევს. ლივორნოში მოგებამ კი იმადაც გამახარა, მორიგი 3 ქულა რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის გარეშე გამოსვლითაც რომ მოვახერხეთ. ყველაზე სასიამოვნო მომენტი კი ისაა, გუნდი ტექნიკური და ტაქტიკური ასპექტით წინსვლას რომ განაგრძობს. ყველაზე მეტად მოთამაშეებს გამოცდილება აკლიათ. ეს არცაა გასაკვირი – “ნაპოლი” ხომ სისწილად ახალგაზრდა ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული.
- ნეაპოლში უკვე 4 თვეა, რაც მოღვაწეობთ. რამდენად კმაყოფილი ხართ “სან პაოლოზე” გატარებული დროის ამ მონაკვეთით?
- პირველი დღიდან ამ წუთამდე ენთუზიაზმით ვმუშაობ, მაღალი კლასის გუნდის შექმნისკენ მიმავალი გზის გარკვეული ნაწილი უკვე გავიარეთ და ამ მხრივ სვლა კიდევ უფრო მეტი მონდომებითა და ენერგიით გაგრძელდება. უკვე მიღწეულს რაც შეეხება, საკუთარ სტადიონზე “ნაპოლი” ნებისმიერი ოპონენტისთვის მრისხანე ძალად იქცა, სტაბილურობითაც გამოირჩევა და გამარჯვებულის ფსიქიკაც თანდათან უყალიბდება. ბოლოდროინდელი მოგებები მოტივაციას გვიმაღლებს, მაღალი მიზნის გადასაჭრელად კი დადებითი ემოცია უმნიშვნელო მომენტი სულაც არაა.
- სადღეისოდ “ნაპოლი” სერია A-ს გათამაშების ცხრილში მეოთხე საფეხურზეა. შეხსენება არ გჭირდებათ, ამ პოზიციის საბოლოოს შენარჩუნების შემთხვევაში გუნდი ჩემპიონთა ლიგაში რომ მოხვდება...
- სატურნირო ცხრილში ჩახედვის ნაცვლად წინ ვიყურები. ჩემპიონთა ლიგაზე საუბარი არ მსურს, მხოლოდ უახლოეს შეხვედრაზე ვფიქრობ და მის მოგებას ვუსახავ “ნაპოლის”. ყოველი მომდევნო მატჩი ჩვენთვის ფინალის ტოლფასია. თუკი მომდევნო შეხვედრებშიც ბიჭებმა ისეთივე მონდომებითა და თავდაჯერებით იასპარეზეს, როგორც ლივორნოში, ყველაფერი რიგზე იქნება.
გოჩა კაჭარავა







