ფეხბურთი

2:46 | 11.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ვალენსიამ” ძველი დრო გაიხსენა

“ვალენსია” ბაზელში წაგებული 0:3-ის შემდეგ, თითქოს განწირული ჩანდა, მაგრამ “მესტალიაზე” სუპერმატჩი ჩაატარა და კოლოსალური უპირატესობა კოლასლურ ანგარიშშიც გარდასახა – 5:0. საწყის ნახევარ საათში შვეიცარიელთათვის საგანგაშო არაფერი ხდებოდა, მაგრამ ტაიმის ბოლოს ჯერ ახალგაზრდა პაკო ალკასერმა გაიტანა ახლოდან, რამდენიმე წუთში კი ედუარდო ვარგასმა თავურით დაამწუხრა სტუმრები.

მეორე ტაიმში კიდევ უფრო გაიზარდა “ღამურების” უპირატესობა, ცალკარა მიმდინარეობდა და პაკო ალკასერმა მძლავრი დარტყმით ორი მატჩის ჯამში ანგარიში გაათანაბრა. პაკოს 88-ე წუთზე შეეძლო საქმის დასრულება, სრულიად მარტო დარჩა მეკარესთან და ბურთი ფეხებში აებლანდა. სამაგიეროდ, დამატებით დროში სწორედ პაკომ გაიტანა გადამწყვეტი გოლი (პაბლო პიატის პასით) და ჰეთ-თრიქი შეასრულა. მეხუთე გოლი კი ხუან ბერნატმა მიითვალა – ხელს აარვინ უშლიდა, მარცხნიდან შევიდა და ზუსტად დაარტყა. ბაზელელები ვალენსიელთა შეჩერებას მხოლოდ უხეშობით ახერხებდნენ და ამის გამო იყო, რომ ბოლო 15 წუთი 9 კაცით ჩაატარეს.  

“ვალენსიამ” ისეთი თამაში აჩვენა, ბევრს ექტორ რაულ კუპერისა და რაფა ბენიტესის დროინდელი გუნდი გაახსენდა. აი, “ბაზელი” კი მართლაც უცნაური გუნდია: საერთოდ დემორალიზებული იყო “მესტალიაზე” და საკვირველია, შინ 3:0 როგორ სძლიეს ვალენსიელებს. თუმცა, “ბაზელი” ის გუნდია, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე “ჩელსის” ორივე მატჩი რომ მოუგო და მაინც მესამე ადგილზე დარჩა...

“იუვენტუსმა” მეორე მატჩიც მოუგო “ლიონს”. მე-4 წუთზე ანდრეა პირლომ მორიგი საჯარიმო გაიტანა და დააწინაურა თავისიანები, მალევე ჯიმი ბრიანმა თავურით გაათანაბრა, რამაც “ლიონელებს” შანსი გაუჩინა – მათ უკვე ერთი გოლიღა აშორებდათ ნახევარფინალამდე, თუმცა ამ ერთის გატანა როგორია, როცა მეტოქე “იუვეა”... ანტონიო კონტეს გუნდი მეორე ტაიმის შუაში დამშვიდდა, როცა მარკიზიომ შორიდან დაარტყა და რიკოშეტირებული ბურთი კარში აღმოჩნდა – 2:1.

“ვალენსიას” მეორე ესპანური კლუბიც შეუერთდა ნახევარფინალში: “სევილიამ” სტუმრად 0:1 წაგებული შინ 4:1-ით მოატრიალა. პორტუელთა დაცვაში საშინელებები ხდებოდა, მეკარე ფრეიტაშიც ვერ ერკვეოდა სიტუაციაში და სევილიელებმა ამით ისარგებლეს. კვლავ გამორჩეული იყო კარლოს ბაკა, რომელმაც ჯერ პენალტი მოინადირა და მერე გოლიც გაიტანა. მატჩის ყველაზე ლამაზი გოლი “პორტუს” შემტევმა რიკარდო კვარეჟმამ მიითვალა (შორიდან ცხრიანში), თუმცა დაგვიანებული იყო - მხოლოდ პრესტიჟისა გამოდგა. 

“ბენფიკამ” სტუმრად 1:0 მოგების შემდეგ, შინ 2:0 აჯობა “ალკმაარს” და ორივე გოლი როდრიგო მორენოს ანგარიშზეა. “ბენფიკა” უკვე მერამდენე ცდაზე მიდის, რათა ევროპის ლიგა მოიგოს. შარშანდელი ფინალისტები წლეულსაც დამაჯერებლად გამოიყურებიან.  

მოკლედ, ოთხეული ასეთია: “იუვენტუსი”, “ბენფიკა”, “ვალენსია”, “სევილია”. ძნელად გასახსენებელია, ევროპის ლიგაზე, ან წინამორბედ უეფას თასზე ნახევარფინალში ასეთი ძლიერი გუნდები როდის იყვნენ... ერთი, ან ორი შედარებით სუსტი გუნდი ყოველთვის გამოერეოდა ხოლმე, ამჯერად კი მშვენიერი კვარტეტია.   

 

ბენფიკა (პორტუგალია) – ალკმაარი (ჰოლანდია)  2:0 (1:0)

ბენფიკა: არტური, სილვიო, გარაი, ლუიზაო, სიკუერა, ფეისა (პერესი 65), ანდრე გომეში, სალვიო (ალმეიდა 4), სულეიმანი (მარკოვიჩი 70), კარდოსო, როდრიგო.

მწვრთნელი: ჟორჟე ჟესუსი.

ალკმაარი: ესტებანი, გუველუვი, მატიას იოჰანსონი, ვერგევერი, ვიუტენსი, ბერგუისი (ჰეიე 77), ელმი, გუდელი, ორტისი (ჰენრიქსენი 79), ბერენსი (გუდმუნდსონი 77), არონ იოჰანსონი.

მწვრთნელი: დიკ ადვოკაატი.

გოლები: 1:0, 2:0 როდრიგო (39, 71)

გაფრთხილება: ბერგუისი (23), სილვიო (31), ანდრე გომეში (73)

 

იუვენტუსი (იტალია) – ლიონი (საფრანგეთი) 2:1 (1:1)

იუვენტუსი: ბუფონი, ბონუჩი, კასერესი, კიელინი, ისლა, ასამოა, მარკიზიო, ვიდალი (პოგბა 75), პირლო, ტევესი, (ჯოვინკო 77) ვუჩინიჩი (ლორენტე 59).

მწვრთნელი: ანტონიო კონტე.

ლიონი: ლოპესი, უმტიტი, ტოლისო, კონე, ბედიმო, გონალონსი, მალბრანკი (დანიკი 77), მვუემბა, ფერი, ბრიანი (ნჟი 70), ლაკაზეტი (გომისი 70).

მწვრთნელი: რემი გარდი.

გოლები: 1:0 პირლო (4), 1:1 ბრიანი (18), 2:1 მარკიზიო (68)

გაფრთხილება: ბონუჩი (46), მარკიზიო (80), უმტიტი (84), გონალონსი (88).

 

ვალენსია (ესპანეთი) – ბაზელი (შვეიცარია) 5:0 დამ დროში (3:0 ძირითად დროში)

ვალენსია: გუაიტა, ჟოაო პერეირა (პიატი 110), ფუეგო, მატიე (რიკარდო კოშტა 82), ბერნატი, კეიტა, ფედე (ჟონასი 77), ფეგული, პარეხო, პაკო ალკასერი, ვარგასი.

მწვრთნელი: ხუან ანტონიო პიცი.

ბაზელი: სომერი, საფარი (ემბოლო 116), საურო, შარი, დ.დეგენი (ალიჯი 62), დიასი, დიე, დელგადო (სიო 53), ელნენი, ფრაი, ჯაკა.

მწვრთნელი: მურატ იაკინი.

გოლები: 1:0 პაკო ალკასერი (38), 2:0 ვარგასი (42), 3:0, 4:0 პაკო ალკასერი (70, 114), 5:0 ბერნატი (118)

გაფრთხილება: საფარი (24), ფეგული (26), ელნენი (62), შარი (65), დიასი (74, 103), საურო (87, 103), ვარგასი (103), ჯაკა (106), პაკო ალკასერი (114), ბერნატი (115), გუაიტა (116).

გაძევება: დიასი (103), საურო (105).

 

სევილია (ესპანეთი) – პორტუ (პორტუგალია) 4:1 (3:0)

სევილია: ბეტო, კარისო, ფასიო, კოკე, ფერნანდო ნავარო, პარეხა, მბია, რეიესი (ფიგუერაში 55), რაკიტიჩი (ტროხოვსკი 86), ბაკა (გამეირო 69), ვიტოლო.

მწვრთნელი: უნაი ემერი.

პორტუ: ფრეიტაში, დანილო (კელვინი 74), მანგალა, რეიესი, ალექს სანდრო, დეფური, ედუარდო (კინტერო 46), ერერა, გილასი, კვარეჟმა, ვარელა (რიკარდო პერეირა 46).

მწვრთნელი: პაულუ ფონსეკა.

გოლები: 1:0 რაკიტიჩი (5 პენ), 2:0 ვიტოლო (26), 3:0 ბაკა (29), 4:0 გამეირო (79), 4:1 კვარეჟმა (90). 

გაფრთხილება:  მანგალა (29), ვარელა (31), კოკე (31, 54), კვარეჟმა (32), ბაკა (66), რიკარდო პერეირა (76).

გაძევება: კოკე (54).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.128529