მადრიდის “რეალის” გენერალურ დირექტორს, ხორხე ვალდანოს მიაჩნია, რომ “რეალსა” და “ბარსელონას” შორის გასამართი დაპირისპირება საჩემპიონო ბრძოლაში გადამწყვეტი არ იქნება, რადგან “კლასიკოს” შემდეგ გუნდებს კიდევ 7-7 მატჩის გამართვა მოუწევთ.
“შაბათის მატჩს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. ესპანეთის ჩემპიონატი ამით არ მთავრდება. ვერ ვიტყვი, რომ ჩემპიონის ბედს ეს ერთი მატჩი წყვეტს, რადგან მისი დასრულების შემდეგ გუნდებს კიდევ 7-7 თამაშის ჩატარება უწევთ. თუმცა, უდავოა, რომ ეს არის საჩემპიონო ბრძოლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დაპირისპირება. იმედი გვაქვს, რომ ამ ორთაბრძოლაში გამარჯვებული “რეალი” გამოვა” – ავრცელებს ვალდანოს სიტყვებს მადრიდული AS.
ვალდანომ ასევე განაცხადა, რომ მისი აზრით, ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა “ბარსელონას” პრობლემებს არ შეუქმნის: “არამგონია, “არსენალთან” თამაშმა “ბარსელონა” დაასუსტოს. კატალონიელებს წინა სეზონშიც ჰქონდათ “ჩელსისთან” თამაში, მაგრამ “კლასიკო” მათ მაინც უმაღლეს დონეზე ჩაატარეს”.
ამჟამად “რეალს” და “ბარსელონას” თანაბარი რაოდენობის ქულები აქვთ. მართალია მადრიდელები ბურთების სხვაობაში ჯობნიან კონკურენტს, მაგრამ “ბარსა” “სანტიაგო ბერნაბეუზე” არწაგების შემთხვევაში პირველ ადგილზე გადავა.
მატჩი 10 აპრილს, თბილისის დროით ღამის 12 საათზე გაიმართება.









