ქართველმა ძიუდოისტებმა მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე დღეც უმედლოდ ჩაამთავრეს. დღეს ჩემპიონ-პრიზიორები მამაკაცთა 81 და 90 და ქალთა 70 კილოგრამ წონით კატეგორიებში გამოვლინდნენ. ტატამზე ამირან ტოტიკაშვილის გუნდის ოთხი წევრი გავიდა და სამი მათგანისთვის ჩემპიონატი საწყის ეტაპზევე დასრულდა.
81 კილოგრამში მოჭიდავე ლევან წიკლაური და გიორგი შინჯიკაშვილი ჩემპიონატს პირველივე წრიდან დაემშვიდობნენ. ორივე წმინდად დამარცხდა. წიკლაური ამერიკელ ტრევის სტივენსთან 3 წუთსა და 10 წამში წამოეგო იპონზე, ხოლო შინჯიკაშვილს აზერბაიჯანელმა ელნურ მამადლიმ 4 წუთსა და 12 წამში 2 ვაზარი შეუსრულა.
მინდია ბოდაველმა (90 კგ) გამარჯვებით კი დაიწყო - ბრიტანელი მაიკლ ჰორლი მეხუთე წუთზე დააიპონა, მაგრამ შემდეგ, საბერძნეთის სახელით მოჭიდავე ჯარჯი ზვიადაურთან ვაზარით წააგო და სამივე სინჯის მედლის შანსი ერთდროულად დაკარგა.
მოლოდინისამებრ, ყველაზე შედეგიანად ვარლამ ლიპარტელიანმა (90 კგ) იჭიდავა, თუმც ძალის მთელ ჩემპიონატზე თანაბრად გადანაწილება ვეღარ შეძლო და სამეულს მიღმა დარჩა, არადა კვარცხლბეკზე ასვლის მშვენიერი შანსი ჰქონდა.
ლიპარტელიანმა პირველი-ოთხი შეხვედრა აუღელვებლად მოიგო. ინოდელ საჰილ პათანიას 50 წამში მოუმთავრა საქმე, ბრიტანელ ვინსტონ გორდონს 3 წუთში შეუსრულა წმინდა გდება, კუბელი ეშლი გონზალესის დასაიპონებლად 4 წუთი იკმარა და მხოლოდ მეოთხედფინალში, უკრაინელ ვალენტინ გრეკოვთან დასჭირდა სრული საჭიდაო დრო, თუმც მეტოქეს შანსი არც მაშინ დაუტოვა – ვაზარით და 2 იუკოთი აჯობა.
ნახევარფინალში ლიპარტელიანი იაპონელ დაიკი ნიშიამას დაეჭიდა და ბრძოლისთვის განკუთვნილი 5 წუთი ისე გაილია, ვერც ერთმა ძიუდოისტმა ილეთის გაკეთება ვერ მოახერხა. დამატებითი დრო საჭირო აღარ გახდა, რადგან ნიშიამამ ლიპარტელიანის გაფრთხილებისთვის მიღებული იუკოთი იმარჯვა. მსაჯმა ქართველი ძიუდოისტი პასიურობისთვის დასაჯა. სიმართლე ვთქვათ, ლიპარტელიანი მართლაც ზედმეტად ფრთხილობდა, მაგრამ მისი მეტოქე კიდევ უფრო მეტად ფრთხილი და პასიური ჩანდა და რომ არა მასპინძლის ფაქტორი, ალბათ ძირითადი დრო საპირისპირო შედეგით თუ არ დასრულდებოდა, მინიმუმ, “ოქროს დროში” მაინც გაგრძელდებოდა.
“ბრინჯაოს ფინალში” გადართული ქართველი რუს კირილ დენისოვს დაუპირისპირდა და მიუხედავად იმისა, რომ თავიდანვე წამოეგო საკუთარ ილეთზე ვაზარით ჩამორჩა, მაინც საკმაოდ ინერტულად განაგრძო ჭიდაობა. მხოლოდ ბოლო წუთზე გააქტიურდა და რამდენიმეჯერ გდებაზეც წამოიკიდა დენისოვი. მიზანს მხოლოდ ერთხელ მიაღწია, მაგრამ მოპოვებული იუკო ანგარიშის სათავისოდ შესატრიალებლად აღარ ეყო და მსოფლიოს ჩემპიონატი მეხუთე ადგილით დაასრულა.
ლიპარტელიანის ნაცვლად კი ნიშიამაზე ჯავრი ჯარჯი ზვიადაურმა იყარა. საბერძნეთის დროშის ქვეშ და ილიას ილიადისის სახელით და გვარით მოჭიდავე ქართველმა ფინალში აქტიურობით საშინლად დაჩაგრა იაპონელი ძიუდოისტი, განსაკუთრებით დამატებით დროში, მაგრამ მომგებიანი შიდო მსაჯისგან ვერა და ვერ მიიღო და ბრწყინვალე იპონით საბერძნეთს ოქროს მედალი მოუტანა.
90 კილოგრამისგან განსხვავებით, 81-ის ჩემპიონმა დარბაზში შეკრებილ მაყურებელს მართლა თავისი ქვეყნის ჰიმნი მოასმენინა. სამხრეთკორეელმა ჯაე-ბუმ კიმმა ფინალში ბრაზილიელ ლეანდრო გილეიროს დამატებით დროში მოუგო, ბრინჯაოს მედლებს კი ბრიტანელი იან ბარტონი და იაპონელი მასაჰირო ტაკამაცუ დაეუფლნენ.
ქალთა შორის ტატამი წაუგებლად ფრანგმა ლუსი დეკოსმა დატოვა და მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონობით გაიხარა.
ხვალ მედლები მამაკაცთა 73 და ქალთა 57 და 63 კილოგრამებში გათამაშდება. საქართველოს სახელით ზაზა კედელაშვილი და ნუგზარ ტატალაშვილი იჭიდავებენ. ორივე მეორე წრიდან ჩაერთვება შეჯიბრში და ისეთი მეტოქეებით დაიწყებენ, მეთექვსმეტედფინალში გასვლა არ უნდა გაუჭირდეთ. კედელაშვილი ალჟირელ მუსტაფა ბულემიას ჩამოცილების შემდეგ, თუ სენსაცია არ მოხდა, მსოფლიო რეიტინგის მეორე ნომრის, სამხრეთკორეელი გი-მან ბანგის პირისპირ დადგება. ტატალაშვილი იემენელ ზეიად მატერთან იჭიდავებს და წარმატების შემთხვევაში ჩეხ იარომირ ჟეზეკს ან ბელგიელ იან ივ ბოტიეს დაელოდება. 73 კილოგრამში ყველაზე მეტი – 83 ძიუდოისტი გავა ტატამზე.
ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი
ტოკიო. 10 სექტემბერი
კაცები
81 კგ
1 ჯაე-ბუმ კიმი (სამხრეთ კორეა)
2 ლეანდრო გილეირო (ბრაზილია)
3 იან ბარტონი (ბრიტანეთი)
3 მასაჰირო ტაკამაცუ (იაპონია)
ქალები
70 კგ
1 ლუსი დეკოსი (საფრანგეთი)
2 ანეტ მესაროში (უნგრეთი)
3 რასა სრაკა (სლოვენია)
3 იორიკო კუნიჰარა (იაპონია)
90 კგ
1 ილიას ილიადისი (საბერძნეთი)
2 დაიკი ნიშიამა (იაპონია)
3 კირილ დენისოვი (რუსეთი)
3 ელხან მამადლი (აზერბაიჯანი)
ოთარ მაღლაკელიძე







