ევროპის 23-წლამდე ძიუდოისტთა ჩემპიონატის ბოლო, მე-3 დღე საქართველოს ნაკრებისთვის წინა ორზე წარუმატებელი გამოდგა. ანთალიურ ტატამზე 5 ქართველი გავიდა და მათგან ოთხმა ერთი შეხვედრის მოგებაც ვერ მოახერხა. მედლისთვის მხოლოდ 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე კონსტანტინე მუკვანმა იბრძოლა, მაგრამ სამეულამდე ერთი მოგება დააკლდა.
მუკვანის წონაში სულ 16 ძიუდოისტი მოგროვდა და შეჯიბრი პირდაპირ მერვედფინალური ეტაპიდან დაიწყო. მუკვანმა ხორვატი ტომისლავ ზეკო იპონით დაამარცხა, მერე კი თავად წამოეგო იპონზე, გერმანელ დინო ფაიფერთან და დამამშვიდებელ ეტაპზე გადაერთო. რეპეშაჟის ნახევარფინალში ლატვიელ ვიქტორს რეშკოს ვაზარით გაუსწორდა, ხოლო ბრინჯაოს ბრძოლაში უკრაინის სახელით მოჭიდავე რაზმიკ ტონოიანთან 2 იუკოთი დამარცხდა და ევროპირველობა მე-5 ადგილით დაასრულა.
მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორმა, არჩილ შინჯიკაშვილმა, ჰოლანდიელ მარვინ დე ლა კროსთან უშანსოდ წააგო და ოქროს და ბრინჯაოს გზები ერთად გადაეკეტა. მძიმეწონოსანმა ლევან მუქერიამაც ერთადერთხელ მოირგო კიმონო. უკრაინელ სტანისლავ ბონდარენკოს ვაზარი და 2 იუკო აუღო, მაშინ, როდესაც, ბონდარენკოს ანგარიშზე მუქერიას გაფრთხილებებით დაგროვებული ვაზარი იყო, მაგრამ, მოულოდნელად, შეხვედრის დასრულებამდე 13 წამით ადრე, უკრაინელმა სუფთა გამარჯვება მოიპოვა.
ნინო ოძელაშვილმა (78 კგ) პირველ წრეში დაისვენა და ჩემპიონატში პირდაპირ მეოთხედფინალიდან ჩაერთო. მომავალ ვერცხლის პრიზიორთან, უკრაინელ ლუიზა გაინუტდინოვასთან პირველსავე წუთზე დამარცხდა. რეპეშაჟში ქართველს ლიტველი რაიმონდა გედუტიტე გადაეღობა, მაგრამ ორი მარცხის მიუხედავად, ოძელაშვილმა საქართველოს ნაკრებს ჩასათვლელი ქულები მაინც მოუტანა, დაკავებული მე-7 ადგილით. მძიმე წონაში მოჭიდავე ლია გვიანიძემ კი, ანთალიური პირველი და უკანასკნელი შეხვედრა სერბ სანელა მარკოვიჩთან ჩაატარა. სერბმა იპონით იმარჯვა.
მე-3 დღის წარუმატებლობამ საქართველოს ნაკრები საერთო გუნდურ ჩათვლაში მე-6 ადგილამდე დააქვეითა. მხოლოდ ვაჟების შედეგების დაჯამებამ კი, სოსო ლიპარტელიანის გუნდს ორდღიანი ლიდერობა მე-3 პოზიციით შეუცვალა. პირველი ადგილი რუსებმა დაიკავეს, მე-2 - ფრანგებმა.
ძიუდო
ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატი
ანთალია. 22 ნოემბერი
ვაჟები
90 კგ
1 კაროლის ბაუზა (ლიტვა)
2 მილან რანდლი (სლოვაკეთი)
3 მაქს შირნჰოფერი (ავსტრია)
3 მარვინ დე ლა კროსი (ჰოლანდია)
17 არჩილ შინჯიკაშვილი (საქართველო)
100 კგ
1 ზაფარ მახმადოვი (რუსეთი)
2 დანიელ მატეი (რუმინეთი)
3 რაზმიკ ტონოიანი (უკრაინა)
3 რაფალ ფილეკი (პოლონეთი)
5 კონსტანტინე მუკვანი (საქართველო)
+100 კგ
1 ტომას სინსუ (საფრანგეთი)
2 სოსლან ჯანაევი (რუსეთი)
3 სტანისლავ ბონდარენკო (უკრაინა)
3 ვიქტორ ფერნანდესი (ესპანეთი)
9 ლევან მუქერია (საქართველო)
გოგონები
78 კგ
1 ოდრი ჩეუმეო (საფრანგეთი)
2 ლუიზა გაინუტდინოვა (უკრაინა)
3 ანიკა ჰეისე (გერმანია)
3 რაიმონდა გედუტიტე (ლიტვა)
7 ნინო ოძელაშვილი (საქართველო)
+78 კგ
1 ლუსია ტანგორე (იტალია)
2 სვეტლანა იარომკა (უკრაინა)
3 პოლინა ბელოუსოვა (რუსეთი)
3 ლარისა ცერიჩი (ბოსნია ჰერციგოვინა)
9 ლია გვიანიძე (საქართველო)
საერთო გუნდური ჩათვლა
ო ვ ბ V VII
1 რუსეთი 3 1 4 4 0
2 საფრანგეთი 2 1 2 3 2
3 გერმანია 2 0 1 3 1
4 იტალია 2 0 0 1 0
5 უნგრეთი 1 2 2 0 2
6 საქართველო 1 0 1 2 1
7 სლოვენია 1 0 1 1 2
8 ლიტვა 1 0 1 0 0
9 ისრაელი 1 0 0 0 0
10 უკრაინა 0 3 2 4 4
ოთარ მაღლაკელიძე







