უიმბლდონის ქალთა ერთეულთა ტურნირს ახალი ჩემპიონი ეყოლება. ეს მას შემდეგ გაირკვა, რაც პირველივე მეოთხედფინალურ მატჩში სერენა უილიამსმა (6) შარშანდელ ტრიუმფატორს პეტრა კვიტოვას (4) 6:3, 7:5 მოუგო. უილიამს-უმცროსმა დამაჯერებლად მოიგო პირველი სეტი, მეორე პარტიაში თანაბარი ბრძოლა მიდიოდა, გადამწყვეტი კი მეთერთმეტე გეიმი გამოდგა. ამ გეიმის მოგებით სერენამ ბრეიკი გააკეთა, შემდეგ კი თავის მოწოდებაზე ნახევარფინალის საგზური გაინაღდა. მატჩი საათსა და 24 წუთს გაგრძელდა. ამერიკელმა 13 ეისი განახორციელა, კვიტოვასთან ურთიერთშეხვედრების ბალანსი კი მის სასარგებლოდ 3:0 გახადა.
“თამამი გადაწყვეტილებების მიღება დამჭირდა, რადგანაც უიმბლდონის მოქმედ ჩემპიონს ვეპაექრებოდი, კვიტოვა კარგად თამაშობს ბალახის კორტზე, ამიტომაც გამიჭირდა, თუმცა, დასაკარგი არაფერი მქონდა, თავი არ დამიზოგავს და თამაშისგან სიამოვნება მივიღე. ჩემი ამოცანა კვლავინდებურად თამაშის შემდგომი გაძლიერებაა”, - სერენამ წარმატებული მატჩის შემდეგ ბლიც-ინტერვიუ BBC-ს მისცა.
ნახევარფინალში სერენა უილიამსი ავსტრიელ ტამირა პაჟეკსა და ბელარუს ვიკტორია აზარენკას შორის მოგებულს დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, სერენას 2002, 2003, 2009 და 2010 წლებში აქვს მოგებული უიმბლდონის ერთეულთა თანრიგის საჩემპიონო წოდება.
ნახევარფინალშია გერმანელი ანჟელიკ კერბერიც (8), რომელმაც თანამემამულე საბინ ლისიცკის (15) დრამატული ორთაბრძოლა 6:3, 6:7 (7:9), 7:5 მოუგო. მესამე ნახევარფინალისტი კი ბელარუსი ვიკტორია აზარენკა (2) გახდა. მან პირველი სეტი დამაჯერებლად მოუგო ავსტრიელ ტამირა პაჟეკს – 6:3. მართალია, მეორე პარტიაში ტამირამ გაიბრძოლა, მაგრამ საბოლოოდ აზარენკამ თაიბრეიკით იმარჯვა და უიმბლდონის საუკეთესო კვარტეტში გააღწია.
მეოთხედფინალებიდან ყველაზე დიდხანს აგნეშკა რადვანსკასა (3) და მარია კირილენკოს (21) შეხვედრა დასრულდა. პირველი სეტი პოლონელმა 7:5 მოიგო, მეორეში 6:4 რუსმა იმარჯვა, შემდეგ კი საქმეში ტრადიციული ალბიონური წვიმა ჩაერია. გადამწყვეტი სეტი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. 10 გეიმის შემდეგ ანგარიში 5:5 იყო, შემდეგი 2 გეიმი კი რადვანსკამ მოიგო და მათთან ერთად მატჩიც.
ნახევარფინალში ერთმანეთს შეხვდებიან
ვიკტორია აზარენკა (ბელარუსი, 2) – სერენა უილიამსი (აშშ, 6)
აგნეშკა რადვანსკა (პოლონეთი, 3) – ანჟელიკ კერბერი (გერმანია, 8)