25 ივნისს ჩოგბურთელთა შორის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირად მიჩნეული უიმბლდონის შეჯიბრება აიღებს სტარტს. ასპარეზობის ორგანიზატორებმა wild card-ით მიწვეული მოთამაშეები დაასახელეს და უნდა ითქვას, რომ მათ გადაწყვეტილებაზე დიდად იმოქმედა რამდენიმე დღის წინ დასრულებულმა საფრანგეთის ღია პირველობამ.
მამაკაცთა შორის უიმბლდონზე 21 წლის ბელგიელი დავიდ გოფინი დაუშვეს. მას წლევანდლამდე ავსტრალიის და აშშ-ის ღია პირველობებზე, ასევე უიმბლდონზე საკვალიფიკაციო ეტაპი არასდროს გადაულახავს, ამიტომაც მისი საფრანგეთის ღია პირველობის მეოთხე წრეში (მერვედფინალში) გასვლა დიდ წარმატებად უნდა მოვნათლოთ, თუმცა, ახალგაზრდა ბელგიელმა ამ ეტაპზეც კარგად ითამაშა, თავისი ბავშვობის კერპს, სადიდსლემო ტურნირების 16-გზის ტრიუმფატორს როჯერ ფედერერს სეტი მოუგო და მომდევნო სამშიც შვეიცარიელ დიდოსტატს დიდი წინააღმდეგობა გაუწია. საბოლოოდ გამოცდილებამ თავისი გაიტანა, ფედერერმა საბოლოოდ 5:7, 7:5, 6:2, 6:4 იმარჯვა. გოფინთან ერთად wild card-ი უიმბლდონის 2002 წლის ავსტრალიელმა ჩემპიონმა ლეიტონ ჰიუიტმა და გერმანელმა ტომი ჰაასმა მიიღო.
ქალებს რაც შეეხება, უიმბლდონზე ითამაშებენ ყაზახეთის წარმომადგენელი იაროსლავა შვედოვა და ფრანგი ვირჟინი რაზანო. შეგახსენებთ, შვედოვამ “როლან გაროსზე” მეოთხედფინალში გააღწია და ამ ეტაპზე უიმბლდონის მოქმედ ჩემპიონ პეტრა კვიტოვასთან 6:3, 2:6, 4:6 დამარცხდა.







