25 ივნისიდან 8 ივლისამდე პლანეტის ყველაზე პრესტიჟული საჩოგბურთო ასპარეზობა, უიმბლდონის ტურნირი ჩატარდება. წლევანდელი გათამაშების საპრიზო ფონდი 9 მილიონ 61792 დოლარია.
უიმბლდონის პირველი შეჯიბრება 1877 წელს ჩატარდა. ასპარეზობაში მონაწილეობის სურვილი 23 ადამიანმა გამოთქვა, ერთმა კი ზედ სტარტის წინ კორტზე გასვლა იუარა და ერთ კვირაში ტურნირიც მორჩა. პირველი ჩემპიონი სპენსერ გორი გახდა, რომელმაც 200 გულშემატკივრის თვალწინ მოიპოვა საუკეთესოს ტიტული, ფინალზე დასასწრები ბილეთი კი ერთი შილინგი ღირდა. ასე დაიწყო უიმბლდონის ისტორია, რომელმაც ჩოგბურთის მოყვარულებში უდიდესი ავტორიტეტი მოიხვეჭა და თუკი პირველ ფინალურ პაექრობაზე ბილეთის ფასი შილინგი იყო, სადღეისოდ მამაკაცთა და ქალთა ასპარეზობების ერთეულთა თანრიგის გადამწყვეტ მატჩზე დასასწრები ზოგიერთი ბილეთის ფასი ათას გირვანქას სცდება.
დღეს კი უიმბლდონის ტურნირის ორგანიზატორებმა განთესილთა ვინაობა გამოამზეურეს. მამაკაცთა და ქალთა ერთეულთა შეჯიბრებების პირველი ათეულები შემდეგნაირად გამოიყურება. მამაკაცები: ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი), რაფა ნადალი (ესპანეთი), როჯერ ფედერერი (შვეიცარია), ენდი მარეი (დიდი ბრიტანეთი), ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფრანგეთი), ტომაშ ბერდიხი (ჩეხეთი), დავიდ ფერერი (ესპანეთი), იანკო ტიპსარევიჩი (სერბეთი), ხუან მარტინ დელ პოტრო (არგენტინა), მარდი ფიში (აშშ). ქალები: მარია შარაპოვა (რუსეთი), ვიკტორია აზარენკა (ბელარუსი), აგნეშკა რადვანსკა (პოლონეთი), პეტრა კვიტოვა (ჩეხეთი), სამანტა სტოსური (ავსტრალია), სერენა უილიამსი (აშშ), კაროლინ ვოზნიაცკი (დანია), ანჟელიკა კერბერი (გერმანია), მარიონ ბარტოლი (საფრანგეთი), სარა ერანი (იტალია).
შეგახსენებთ, ერთეულთა თანრიგში უიმბლდონის მოქმედი ჩემპიონები ნოვაკ ჯოკოვიჩი და პეტრა კვიტოვა არიან.
ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთის ღია პირველობის მსგავსად, უიმბლდონს ფრანგი გაელ მონფისი დააკლდება. მუხლმტკივან ფრანგს ტურნირის ძირითად ბადეში ე.წ. ლაქი ლუზერი შეცვლის.







