ვინუს უილიამსი კარგა ხნის განმავლობაში ყოყმანებდა, მიეღო თუ არა მონაწილეობა წლის პირველ სადიდსლემო ტურნირზე, ავსტრალიის ღია პირველობაზე. გასული წლის მიწურულიდან უფროსი უილიამსის შტაბიდან ურთიერთგამომრიცხავი ცნობა მოდიოდა, დღეს დილით კი საბოლოოდ დადასტურდა – “მწვანე კონტინენტის” ღია საჩოგბურთო შეჯიბრების ქალთა ტურნირი ვინუსის გარეშე ჩაივლის. შეგახსენებთ, ერთ დროს მსოფლიოს ნომერ პირველ ჩოგბურთელს ექიმებმა “შეგრენის სინდრომის” დიაგნოზი დაუსვეს და ავადმყოფობის გამო უილიამსდა ასპარეზობას ვერა და ვერ ახერხებს. “ავსტრალიის 2012 წლის ტურნირი უჩემოდ ჩატარდება. რამდენიმეთვიანი მკურნალობისა და განახლებული წვრთნის შემდეგ თავს გაცილებით უკეთ ვგრძნობ, დიეტა და ფიტნესი სპორტული ფორმის აღდგენაში კი დამეხმარა, მაგრამ სადღეისოდ სადიდსლემო შეჯიბრებაში ჩასაბმელად სრულყოფილად მზად მაინც არ ვარ. კორტს თებერვალში აუცილებლად დავუბრუნდები”, - აცხადებს ვინუსი AP-ს ჟურნალისტთან საუბრისას.
ამასობაში სერენა უილიამსი უკვე მელბურნშია და მომავალი სტარტისთვის ემზადება. ტრავმის გამო უმცროსმა უილიამსმა ავსტრალიის ღია პირველობის შარშანდელი ტურნირი გამოტოვა, 2010 წელს კი ფინალში ბელგიელ ჟუსტინ ენინს სამსეტიანი მატჩი მოუგო და მეხუთედ მოიგო ავსტრალიის ღია პირველობის ქალ ერთეულთა ჩემპიონატი.
შეგახსენებთ, მელბურნ პარკში “მწვანე კონტინენტის” მორიგი საჩოგბურთო პირველობა სტარტს 16 იანვარს აიღებს.







