აშკარაა, რომ “მანჩესტერ იუნაიტედის” ინგლისელი თავდამსხმელის, უეინ რუნის მეუღლე კოლინს ფრანგები მაინცადამაინც თვალში არ მოსდის. ქალბატონი რუნი შანსს არ უშვებს ხელიდან, რომ ფრანგები და მათი ცხოვრების სტილი რამენაირად არ გააკრიტიკოს. რამდენიმე დღის წინ, კოლინმა ინგლისურ ტაბლოიდ ”სანდი მირორს” განუცხადა, რომ დიდი უსამართლობაა, რომ მსოფლიო მოდის ნოვატორად საფრანგეთი მიიჩნევა და ფრანგი კუტურიეები საუკეთესოდ არიან წარმოჩინებულნი.
უეიინ რუნის ცოლი ამბობს, რომ ძალიან ბევრჯერ არის პარიზში ნამყოფი და მსოფლიოს სხვა ქალაქებში იშვიათად შეხვედრია პარიზის ქუჩებში მიმავალ ქალებზე უგემოვნოდ ჩაცმული ადამიანები. კოლინ რუნის აზრით, პარიზულმა მოდამ დიდი ხანია, საკუთარი თავი ამოწურა და დღეს აღარაფერს წარმოადგენს. ამას გარდა, რუნის მეორე ნახევარს დიდად არც ფრანგი მოდელები ეპიტნავება და ერთი-ორი ”ტკბილი სიტყვა” არც მათი მისამართით დაიშურა.
”ლამაზი მოდელები, რომლებიც პარიზის პოდიუმებზე დგანან, როგორც წესი, ფრანგები არ არიან. ფრანგებს ეს გოგონები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩაჰყავთ და ამ გზით ინარჩუნებენ გარკვეულ ხარისხს. ეს არ მიმაჩნია სწორად, რადგან ინგლისელ მოდელს ინგლისელი უნდა ერქვას, ფრანგს - ფრანგი, პოლონელს კი პოლონელი... სამოდელო ბიზნესი ფეხბურთი არ არის, რომ გარკვეული თანხის საფასურად ნებისმიერი მოდელის ყიდვა შეიძლებოდეს”, – ამბობს ლამანშგაღმელებზე განაწყენებული კოლინ რუნი.







