ჩოგბურთი

13:33 | 6.01.2012 | ნანახია [] - ჯერ

უძლიერესთა კვარტეტის ნახევარფინალი

ყატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე ტურნირი გადამწყვეტ სტადიაში შევიდა. ნახევარფინალში იმ ჩოგბურთელებმა გააღწიეს, რომლებიც შეჯიბრების დაწყების წინ ფავორიტებად იყვნენ მიჩნეულნი და აქედან გამომდინარე, პირველ-მეოთხე ნომრებად არიან განთესილნი.
პირველ ნახევარფინალურ წყვილში ერთმანეთის პირისპირ შვეიცარიელი როჯერ ფედერერი (2) და ფრანგი ჟო-ვილფრიდ ცონგა (3) წარსდგებიან. აფროფრანგთან დაპირისპირების წინ, “მხიარულმა როჯერმა” განაცხადა, რომ ცონგასთან მატჩს ინტერესით ელის და მაყურებელსაც თვალსასეირო მატჩს ჰპირდება. “დარწმუნებული ვარ, ორივენი გულშემატკივართა იმედს გავამართლებთ. საერთოდ კი, მგონია, რომ მეც და ცონგაც წლეულს წარმატებულ სეზონს ჩავატარებთ. ფრანგი კორტს მიღმა კარგი ბიჭია და მას წარმატებას ვუსურვებ, ოღონდ, არა ჩემთან დაპირისპირებისას”, - დასძინა ფედერერმა AFP-ის ჟურნალისტთან საუბრისას.
ამასობაში, როჯერის ბიოგრაფმა რენე სტაუფერმა მასმედიელებს გაუმხილა, რომ ფედერერს ზურგის არეში ტკივილი აწუხებს. შვეიცარიელმა ტრავმა სლოვენელ გრეგა ჟემლიასთან პაექრობისას მიიღო და იტალიელ ანდრეა სეპისთან სამეოთხედფინალო ასპარეზობის წინ ყოყმანობდა, გასულიყო თუ არა კორტზე სათამაშოდ.
მომავალ მატჩს მოუთმენლად ელის ცონგაც. “ფედერერი პლანეტის ყველა დროის საუკეთესო მოთამაშეა. მის წინააღმდეგ პაექრობა უაღრესად რთულია და თუკი როჯერთან დაპირისპირებას მაქსიმალურ მზადყოფნაში არ შეხვდები, უმჯობესია, კორტზე არც კი გახვიდე. საბედნიეროდ, შვეიცარიელის დამარცხება ადრე შევძელი და თუკი ამჯერადაც საუკეთესო თვისებები სრულად გამოვავლინე, ფინალში გასვლასაც არ გამოვრიცხავ”, - იხტიბარს არ იტეხს ჟო-ვილფრიდი.
მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს ესპანელი რაფა ნადალი (1) და ფრანგი გაელ მონფისი (4) შეხვდებიან. ამ უკანასკნელმა მეოთხედფინალში სერბ ვიქტორ ტროიცკის (5) საათსა და ათ წუთში 6:2, 6:3 მოუგო, “მალიორკელმა ბუღამ” კი რუს მიხაილ იუჟნის წინააღმდეგობა ასევე ორ სეტში გატეხა. “ვფიქრობ, ურიგოდ არ მითამაშია. კარგად ვმოძრაობდი და ბადესთან ხშირად და დროულად გავდიოდი. ზუსტად ამგვარად მმართებს ასპარეზობა, როდესაც ტოპ-ჩოგბურთელებს დავუპირისპირდები”, - ნადალის ეს სიტყვები Reuters-ს მოჰყავს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.093821