ისე მოხდა, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ბელარუსის წინააღმდეგ ერთხელაც არ უთამაშია. არც შესარჩევში და არც ამხანაგურში - ეს ერთადერთი ევროპული პოსტსაბჭოური ნაკრებია, რომელსაც ქართველები არასოდეს შეხვედრიან. 7 სექტემბერს იქნება პირველი რანდევუ თბილისში და მართლაც მნიშვნელოვანი მატჩია: 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი იწყება.
ვფიქრობთ, საინტერესო სტატისტიკაა, რომელსაც შემოგთავაზებთ. აღმოვაჩენთ, რომ დამოუკიდებლობის პერიოდიდან, საქართველოსა და ბელარუსს თითქმის ერთნაირი შედეგი აქვთ - როგორც მოგება-წაგების მხრივ (ოდნავ გვისწრებენ), ასევე დაკავებული ადგილების მიხედვით.
ერთს კი შევამჩნევდით, რომ 90-იან წლებში ქართველები უკეთ გამოიყურებოდნენ, ხოლო ბოლო შესარჩევებში ბელარუსი უფრო ყოჩაღობს. არცაა გასაკვირი - აბა, სად გვყავს ქართველებს ისეთი გუნდი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გადის. ბატე კი ამას ახერხებს. ამასთან, ბელარუსებს კარგი თაობა წამოუვიდათ - წინა წლებში ევროპის ასაკობრივ ჩემპიონატებში რამდენჯერმე გავიდნენ ფინალურ ეტაპზე, ხოლო წლეულს სულაც ოლიმპიადაზე ითამაშეს, სადაც მხოლოდ 4 ევროპული ნაკრები გადის. ბელარუსებმა შარშან 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ნახევარფინალს უწიეს.
გასულ ევროშესარჩევში ბელარუსებმა ჯგუფში მე-4 ადგილი დაიკავეს (3 მოგება, 4 ფრე, 3 წაგება) და ყველაზე ხმაურიანი გამარჯვებაც მიითვალეს: საფრანგეთს სტუმრად 1:0 სძლიეს. შინ კი ფრედ (1:1) ითამაშეს. ბელარუსები რეალურად იბრძოდნენ ჯგუფიდან გასვლისთვის, მაგრამ ბოსნიამ გადაუღობა გზა - გასულ სექტემბერში ბალკანელებთან შინაც წააგეს და სტუმრადაც. წინა შესარჩევში მათ გერმანელი ბერნდ შტანგე წვრთნიდათ, შარშან 8 დეკემბერს კი გეორგი კონდრატიევი დანიშნეს.
ბელარუსთა ნაკრების ყველა დროის ბომბარდირი მაქსიმ რომაშჩენკოა (20 გოლი), რომელიც 36 წლისაა და კონდრატიევის გუნდში ვეღარ ხვდება. ლევან კობიაშვილის მსგავსად, ბელარუსებსაც ჰყავთ ერთი ფეხბურთელი, რომელსაც 100 მატჩი ჩაუტარებია ქვეყნის მთავარ გუნდში - ალექსანდრ კულჩი. ეს ფეხბურთელი ამჟამად რუსულ "სიბირში" ირიცხება და ნაკრებშიცაა გამოძახებული.
საქართველოსაც და ბელარუსსაც 9 შესარჩევ ციკლში უთამაშიათ და 88 მატჩი გაუმართავთ. და თუ პირველ შესარჩევში (ევრო-1996-ის) ქართველებმა სტოიჩკოვ-კოსტადინოვ-ლეჩკოვ-ბალაკოვის მრისხანე ბულგარეთს სძლიეს (2:1), ბელარუსებმა ჰოლანდიას 1:0 აჯობეს.
საქართველოს ნაკრების მსგავსად, ბელარუსებსაც არასოდეს უთამაშიათ ფინალურ ეტაპზე და არც პლეი ოფში ყოფილან. წინა შესარჩევის მსგავსად, 2002 წლის მუნდიალზე გასვლის შანსი ჰქონდათ, თუმცა საბოლოოდ, უკრაინამ აჯობა და მესამეზე დარჩნენ.
ფიფას რეიტინგში ბელარუსი 76-ე ადგილზეა, საქართველო კი 97-ეზე.
საქართველო
1996-ის შესარჩევი – მე-3 ადგილი (6 გუნდში), 1998 – მე-4 (5 გუნდში), 2000 – მე-6 (6 გუნდში), 2002 – მე-3 (5 გუნდში), 2004 – მე-5 (5 გუნდში), 2006 – მე-6 (7 გუნდში), 2008 – მე-6 (7 გუნდში), 2010 – მე-6 (6 გუნდში), 2012 - მე-5 (6 გუნდში).
ბელარუსი
1996-ის შესარჩევი – მე-4 ადგილი (6 გუნდში), 1998 – მე-6 (6 გუნდში), 2000 – მე-5 (5 გუნდში), 2002 – მე-3 (6 გუნდში), 2004 – მე-5 (5 გუნდში), 2006 – მე-5 (7 გუნდში), 2008 – მე-4 (6 გუნდში), 2010 – მე-4 (6 გუნდში), 2012 - მე-4 (6 გუნდში).
სტატისტიკა შესარჩევი მატჩების მიხედვით:
საქართველო:
88 მატჩი - 21 მოგება, 17 ფრე, 50 წაგება, ბურთები 94:138.
შინ: 44 მატჩი - 15 მოგება, 12 ფრე, 17 წაგება, ბურთები 51:51.
სტუმრად: 44 მატჩი - 6 მოგება, 5 ფრე, 33 წაგება, ბურთები 43:87.
ბელარუსი:
88 მატჩი - 22 მოგება, 19 ფრე, 47 წაგება, ბურთები 89:133.
შინ: 44 მატჩი - 13 მოგება, 11 ფრე, 18 წაგება, ბურთები 52:54.
სტუმრად: 44 მატჩი - 9 მოგება, 8 ფრე, 29 წაგება, ბურთები 37:79.
წლევანდელი ამხანაგურები:
საქართველო
29 თებერვალი: ალბანეთთან შინ 2:1 (კობახიძე, ამისულაშვილი)
24 მაისი: თურქეთთან ნეიტრალურზე 1:3 (თარგამაძე)
16 აგვისტო: ლუქსემბურგთან სტუმრად 2:1 (მჭედლიძე, ამისულაშვილი).
ბელარუსი
29 თებერვალი: მოლდოვასთან სტუმრად 0:0
7 ივნისი: ლიტვასთან შინ 1:1
15 აგვისტო: სომხეთთან სტუმრად 2:1
ახლა კი იმაზე, თუ როგორ იწყებდა საქართველოს ნაკრები შესარჩევ ეტაპებს, ანუ პირველ მატჩებზე:
ევრო-1996: მოლდოვასთან შინ 0:1
მუნდიალი-1998: იტალიასთან სტუმრად 0:1
ევრო-2000: ალბანეთთან შინ 1:0 (არჩილ არველაძე)
მუნდიალი-2002: ლიტვასთან სტუმრად 4:0 (ქეცბაია 2, ქინქლაძე, არჩილ არველაძე)
ევრო-2004: შვეიცარიასთან სტუმრად 1:4 (შოთა არველაძე)
მუნდიალი-2006: თურქეთთან სტუმრად 1:1 (ასათიანი)
ევრო-2008: ფარერებთან სტუმრად 6:0 (შოთა არველაძე 3, დავით მუჯირი, ალექსანდრე იაშვილი, კობიაშვილი)
მუნდიალი-2010: ირლანდიასთან შინ 1:2 (ყენია) - თუმცა, ეს მატჩი გერმანიაში გაიმართა, რადგან ირლანდიელებმა თბილისში ჩამოსვლა იუარეს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ)
ევრო-2012: საბერძნეთთან სტუმრად 1:1 (ალექსანდრე იაშვილი).
და შეხსენებისთვის, საქართველო-ბელარუსი 7 სექტემბერს 21:00 საათზე დაიწყება "დინამო არენაზე". მატჩს ბულგარელები იმსაჯებენ, მთავარი არბიტრი კი სტანისლავ ტოდოროვი იქნება.
ილია ნანობაშვილი







