ქართველმა ჩოგბურთელმა ანა ტატიშვილმა, რომელიც რომის პრესტიჟული ტურნირის (საპრიზო ფონდი 2 166 400 დოლარი) წყვილთა ბადეში ამერიკელი ჯემი ჯემპტონთან ერთად თამაშობს, ნახევარფინალში გააღწია, რისთვისაც ჩვენთვის საინტერესო დუეტმა 395 სარეიტინგო ქულა და 27 525 დოლარი მიიღო.
შეგახსენებთ, რომ ქართულ-ამერიკულმა დუეტმა საწყის რაუნდებში ტაივანურ-ჩინურ (ჰსიე-ჟენგი) და გერმანულ-ამერიკულ (გოერგესი-კინგი, მე-6 განთესვა) წყვილებს, შესაბამისად, 1:6, 6:3, 11:9 და 6:3, 7:6 (7:3) სძლია, მეოთხედფინალში კი ბრძოლამ აღარ მოუწია. საქმე ის გახლავთ, რომ იტალიელმა ფლავია პენეტამ, რომელიც ერთეულთა თანრიგში სერენა უილიამსთან 0:4 მარცხდებოდა, თამაშის გაგრძელება ტრავმის გამო ვეღარ მოახერხა და წყვილებში თანამემამულე ფრანჩესკა სკიავონეც დააღალატა.
ტატიშვილმა ასეთო დონის ტურნირის ნახევარფინალში (თუნდაც, წყვილთა შორის) პირველად გააღწია, ახლა კი, მას და ჰემპტონს რუსულ დუეტთან დაპირისპირება ელით. ეკატერინა მაკაროვამა და ელენა ვესნინამ მეოთხედფინალში ტაივანელი ჩუანგი და კიდევ ერთი რუსი დუშევინა 6:2, 6:2 დაამარცხეს და მომავალ მატჩშიც ფავორიტებად მოიაზრებიან. აქვე ვთქვათ, რომ მე-2 ნახევარფინალში პირველ ნომრად განთესილი ამერიკელები ჰუბერი და რეიმონდი მე-3 განთესვის მქონე იტალიელებს – ერანისა და ვინჩის ეთამაშებიან.
თუკი ტატიშვილი და ჰემპტონი მომავალ ბარიერსაც დასძლევენ, 620 ქულასა და 55 ათას დოლარს გამოიმუშავებენ. რომის ტურნირის ჩემპიონები კი 900 ქულასა და 110 ათასს მიიღებენ. შეგახსენებთ, რომ ამჟამად, ანას ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) წყვილთა რეიტინგში 1188 ქულით 72-ე ადგილი უკავია, რომის ტურნირის შედეგებით კი სოლიდური წინსვლა ელის.







