ფეხბურთი

19:19 | 1.03.2012 | ნანახია [] - ჯერ

ტვილდიანი ძირითადში მკვიდრდება, რეხვიაშვილი ვარჯიშს შეუდგა

თბილისის “დინამოს” დუბლშემადგენლობის წამყვანი ფეხბურთელი და საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების კაპიტანი არჩილ ტვილდიანი უკვე დინამოელთა პირველი გუნდის წევრია. მას შემდეგ, რაც ზამთრის პაუზის შემდეგ, ეროვნული ჩემპიონატი განახლდა და თბილისელებს სათავეში გიორგი დევდარიანი ჩაუდგა, არჩილ ტვილდიანმა სამივე შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო. ტვილდიანის კომენტარი “დინამოს” ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
არჩილ ტვილდიანი: “მართალია, პირველ გუნდთან ერთად სამ შეხვედრა ჩავატარე, თუმცა ეს ჯერ არაფერს არ ნიშნავს. ჩემთვის “დინამოში” თამაში დიდი გამოწვევაა. მეცვას “დინამოს” მაისური – ეს დიდი პატივია. ვეცდები მწვრთნელის ნდობა გავამართლო და გუნდის წარმატებაში ჩემი წვლილიც შევიტანო.
მიუხედავად იმისა, რომ უმაღლეს ლიგაში სხვა ტემპია და ფეხბურთის სხვა ხარისხია, დუბლშემადგენლობათა გათამაშებიდან გადმორთვა არ გამჭირვებია. პირველ გუნდთან ერთად მანამდეც მივარჯიშია და მწვრთნელისგანაც ვიცოდი, თუ რა მოთხოვნების შესრულება მომიწევდა.
რაც შეეხება მომდევნო შეხვედრას – “გაგრასთან” გასამართ მატჩს სატურნირო თვალსაზრისით არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. თუმცა, ასეთი მატჩები სხვა მხრივაა კარგი. მწვრთნელს საშუალება ექნება საქმეში ნახოს ის ფეხბურთელები, რომლებსაც სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობა აქვთ”.
დიღმის ბაზაზე გამართული ვარჯიშის შემდეგ, დინამოელთა ვებ-გვერდმა კომენტარი გუნდის მცველს გიორგი რეხვიაშვილსაც სთხოვა. შეგახსენებთ, რომ გიორგი მინდორს ტრავმისგან გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა და სრული დატვირთვით ვარჯიშობს.
გიორგი რეხვიაშვილი: “ტრავმის შემდეგ საკმაო ხანი გამიცდა, ამდენად, ბიჭები მამხნევებენ და მეხმარებიან. ჩემს მხრივ ვცდილობ, რომ ფორმა მალე აღვიდგინო და გუნდს დავეხმარო. მადლობა მინდა გადავუხადო კლუბის ექიმებს, რომლებიც ყველანაირად ცდილობენ, ჩვეულ კონდიციებს უმოკლეს დროში დავუბრუნდე. რაც შეეხება “გაგრასთან” თამაშს, ვიმედოვნებ, რომ ამ შეხვედრისთვის მზად ვიქნები. გუნდი აშკარად კარგად ათამაშდა და შევეცდებით, ბოლომდე ასე გავაგრძელოთ”.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.141149