ფეხბურთი

16:02 | 20.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ტურის ეპიცენტრები მცხეთასა და ქუთაისში

საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მე-6 ტურში, ყველა მატჩი 21 სექტემბერს, შაბათს გაიმართება და 16 საათზე დაიწყება. დიდ ინტერესს იწვევს მცხეთასა და ქუთაისში ჩასატარებელი შეხვედრები.

თბილისის “დინამო”, ჩემპიონატში პირველი ადგილის დაბრუნებას სტუმრად “ვიტ ჯორჯიასთან” გეგმავს, ხოლო ქუთაისში, გასული სეზონის მეორეადგილოსანი და თასის ფინალისტი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. 

“ვიტ ჯორჯია” (თბილისი) – “დინამო” (თბილისი)

21 სექტემბერი. 16:00. მცხეთა. “მცხეთა არენა”.  

დისკვალიფიცირებული: ოთარ ჯავაშვილი (ვიტ ჯორჯია).

მსაჯები: ა.ბასლეჰლო (სირია), ბ. ჭიჭინაძე, კ.ტეფნაძე, მეოთხე მსაჯი: მ. ბეუქლიშვილი.

მე-3 ტურის გადადებულ მატჩში “დინამო არენაზე” ცხინვალის “სპარტაკის” დამარცხების შემდეგ, თბილისის “დინამოს” ჩეხმა თავკაცმა დუშაჰ უჰრინმა აღნიშნა, რომ მის გუნდს, ცხრილში პირველი ადგილის დაბრუნება “ვიტ ჯორჯიასთან” მატჩში სურს. თბილისელები მცხეთაში მხოლოდ სამი ქულის ასაღებად ჩავლენ და მათ ამბიციას მხარს ისიც უმაგრებს, რომ გუნდს ლიდერი, ესპანელი ჩისკო დაუბრუნდა. თუმცა, “დინამოელებს” სატურნირო ცხრილის სათავეში მოსაქცევად, “ტორპედოს” განმუხურში წაფორხილებაც სჭირდებათ.

მატჩამდე ორი დღით ადრე, “დინამომ” გენერალური დირექტორი სანდრო შახოვი, GIPA-ს ლექტორ მამუკა მახათაძით ჩაანაცვლა. ალბათ, ეს გუნდის თამაშზე არ აისახება, მაგრამ ფაქტია, რომ “დინამოში” გარკვეული ცვლილებებია მოსალოდნელი. “ვიტ ჯორჯიამ” მიმდინარე სეზონში, შინ სამიდან ორი შეხვედრა მოიგო და შეეცდება, ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს ბრძოლა გაუმართოს. მითუმეტეს, “დინამო” ნებისმიერი გუნდისთვის კარგი გამაღიზიანებელი ფაქტორია და “ვეტერინართა” ახალგაზრდა ფეხბურთელებს, საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის კარგი შანსი აქვთ. 

ჩიხურა” (საჩხერე) – “დილა” (გორი)

21 სექტემბერი. 16:00. ქუთაისი. ცენტრალური სტადიონი.

მსაჯები: გ.ყრუაშვილი, ზ.მენთეშაშვილი, ი.უკლება, მეოთხე მსაჯი: ა.კრიჭაშვილი.

გორის “დილა” მიმდინარე კვირაში ქუთაისს მეორედ სტუმრობს. სამშაბათს, მე-3 ტურის გადადებულ შეხვედარში, გორელები ადგილობრივ “ტორპედოს” უგოლოდ გაეყარნენ. გამომდინარე იქიდან, რომ “ჩიხურა” საშინაო მატჩებს ქუთაისში ატარებს, გიორგი დევდარიანის გუნდიც საჩხერელებს იქ ესტუმრება. განვლილი სეზონის მეორე ეტაპზე, ყველას კარგად ახსოვს, რომ “ჩიხურამ” აქცენტი საქართველოს თასზე გააკეთა და 1/4-ფინალში “დილას” ბარიერი იოლად დასძლია. სამაგიეროდ, გორელებმა სოსო ფრუიძის შეგირდებს ჩემპიონატში ორივე თამაში მოუგეს. ამ ფაქტის გამო, ქართულ საფეხბურთო წრეებში, უმალ, ხსენებული გუნდების გარიგებაზე ალაპარაკდნენ, მაგრამ როგორც ყოველთვის, მტკიცებულებები არ მოიძებნა. ამ ეტაპზე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ გუნდებმა იგივე გაიმეორონ და ქუთაისის “ცენტრალურზეც” ბოლომდე დაიხარჯებიან.                   

“გურია” (ლანჩხუთი) – “მეტალურგი” (რუსთავი)

21 სექტემბერი. 16:00. ქობულეთი. “ჩელე არენა”.

დისკვალიფიცირებული: მიხეილ მახვილაძე (“მეტალურგი”)

მსაჯები: თ.გვანცელაძე, დ.ჩიგოგიძე, ზვ.ერქვანია, მეოთხე მსაჯი: გ.დოგრაშვილი.

“გურიამ” მთავარ მწვრთნელად უკრაინელი რომან პოკორა მიიწვია, რომელიც ლანჩხუთელ გულშემატკივრებს, გუნდის უეფას ევროპის ლიგაზე გაყვანას შეპირდა. მსგავსი რამ პოკორას, აზერბაიჯანში მუშაობის დროს ზაქათალის “სიმურგში” გაუკეთებია, მაგრამ ახლა რამდენად აჩვენებს ისეთივე შედეგს, რთული სათქმელია. ასევე, საკითხავია, რამდენადაა გამართლებული საბიუჯეტო გუნდების მიერ ქვეყნის ფარგლებს გარედან მწვრთნელის მიწვევა და მუნიციპალიტეტის ფულის ხარჯვა. მითუმეტეს, დავით მახარაძემ, რომელიც “გურიას” აქამდე წვრთნიდა, გუნდი სეზონის დაწყებიდან ორი კვირით ადრე ჩაიბარა და იმდენი მოახერხა, რომ 2 თამაში მოიგო. თან, მისმა გაწვრთნილებმა, წინა ტურში სენსაციაც გამოაცხვეს, დაამარცხეს რა თბილისის “დინამო”.

“მეტალურგმა” ჯერ ბოლომდე საკუთარი თამაში ვერ იპოვა, მაგრამ გუნდი ნელ-ნელა ქულებს აგროვებს და გელა სანაიას შეგირდები, ხელცარიელი წასვლას არც “ჩელე არენადან” აპირებენ.  

“ზუგდიდი”  - “ტორპედო” (ქუთაისი)

21 სექტემბერი. 16:00. განმუხური. ცენტრალური სტადიონი.

დისკვალიფიცირებული: ბაქარ მირცხულავა (“ზუგდიდი”)

მსაჯები: გ.ვადაჭკორია, ლ.თოდრია, ს.სპიცინი, მეოთხე მსაჯი: ხ.გაგნიძე.

ზუგდიდურ კლუბში სიტუაცია ვერ დალაგდა. საქართველოს თასის 1/16-ფინალში ხობის “კოლხეთთან” გამოთიშვის შემდეგ, “ზუგდიდის” დირექტორ მალხაზ ჭეჟიას, ადგილობრივი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი როლანდ მაქაცარია დაუპირისპირდა. ამ უკანასკნელმა, ჭეჟია გუნდის “დაშლაში” დაადანაშაულა, ხოლო საპირისპიროდ, “ზუგდიდის” ხელმძღვანელმა მისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა და  სასამართლოში ჩივილით დაემუქრა. როგორ განვითარდება მოვლენები, დრო აჩვენებს, მაგრამ ფაქტია, რომ ყოველივეს კლუბისთვის კარგი არაფერი მოაქვს.

“ტორპედოს” საამსეზონო გარჯას ესპანური Mარცა გამოეხმაურა და გუნდის მთავარ მწვრთნელს ჟერარდ სარაგოსას და ფიზმომზადების სპეციალისტს ალბერტო ბეროკალს სტატია მიუძღვნა. სეზონის დაწყებამდე, “ტორპედოში” განხორციელებული ცვლილებების შემდეგ, ქუთაისელთა წარმატებულ გარჯას ნაკლებად თუ ვინმე ვარაუდობდა. თუმცა ფაქტია, რომ სარაგოსას შეგირდებს, ჯერ ჩემპიონატში თამაში არ წაუგიათ და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე იმყოფებიან. “ზუგდიდთან” სტუმრად თამაში იოლი არავისთვისაა, მაგრამ ქუთაისელებისთვის განმუხურში სამი ქულის აღება, რეალობას მოკლებული არაა.      

“მერანი” (მარტვილი) – “სიონი” (ბოლნისი)

21 სექტემბერი. 16:00. სამტრედია. ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონი.

დისკვალიფიცირებული: თორნიკე აფციაური (“სიონი”)

მსაჯები: თ.ხუჭუა, გ.ჩიგოგიძე, გ.ელიკაშვილი, მეოთხე მსაჯი: ლ.კვარაცხელია.

განვლილ ტურში, “მერანმა” გათამაშების ერთ-ერთი ლიდერი “ჩიხურა” დაამარცხა და “სიონთან” მატჩსაც კარგ ხასიათზე ხვდება. მალხაზ ჟვანიას გაწვრთნილებს, ქულათა მარაგის გაზრდის რეალური შანსი აქვთ, რადგან “სიონი” იმ გუნდების რიცხვს ნამდვილად არ მიკუთვნება, რომლის დამარცხებაც მარტვილელებს არ შეუძლიათ.

თუმცა, ბოლნისელებს გამოცდილი შემადგენლობა იმის საშუალებას აძლევს, რომ “მერანის” დონის გუნდებს სტუმრადაც ებრძოლონ და თუნდაც ქულაზე იფიქრონ. ერთი სიტყვით, სამტრედიაში ბრძოლააა მოსალოდნელი.

“სპარტაკი” (ცხინვალი) – “ზესტაფონი”

21 სექტემბერი. 16:00. თბილისი. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი.

მსაჯები: ლ.სილაგავა, ზ.ფიფია, ზ.ბერულავა, მეოთხე მსაჯი: დ. ხარიტონაშვილი, პირველი დამატებითი ასისტენტი: ჯ.ხორავა, მეორე დამატებითი ასისტენტი: ბ.ნინუა

 “ზესტაფონმა” წინა ტურში შინ გორის “დილა” დაამარცხა (2:0) და სერბ მწვრთნელ რატკო დოსტანიჩისთვის ეს, საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მოპოვებული პირველი 3 ქულა აღმოჩნდა. ცხადია, ზესტაფონელები “დილასთან” აღებული ტემპის შენარჩუნებასა და მიჯრით მოგებას შეეცდებიან. ამის საბაბს კი ის აძლევთ, რომ “სპარტაკი”, ჯერჯერობით, ჩემპიონატში ძალიან სუსტად გამოიყურება და ოდენ ქულაც არ აუღია. ვლადიმერ ხაჩიძის სამწყსო ცდილობს, რომ ყოველ მატჩში მეტოქეს ებრძოლოს, მაგრამ ცხინვალელ ფეხბურთელებს უმაღლესი ლიგისთვის საჭირო კლასი არ ჰყოფნით. თან, ამას წამყვანი მოთამაშეების ტრავმებიც ერთვის. აქვე გეტყვით, რომ ხსენებული შეხვედრის ვიდეოჩანაწერს, “საზოგადოებრივი მაუწყებლის” “პირველი არხი” 18 საათიდან აჩვენებს.     

 

სატურნირო მდგომარეობა

1.            
                          
5       
3      
2      
0      
6:3         
11        
2.
5 3 1 1 9:4 10
3. ჩიხურა 5 3 0 2 10:7 9
4. მერანი 5 3 0 2 7:7 9
5. ვიტ ჯორჯია 5 2 2 1 7:3 8
6. დილა 5 2 2 1 6:4 8
7. მეტალურგი 5 2 2 1 5:6 8
8. სიონი 5 2 1 2 7:5 7
9. გურია 5 2 0 3 3:7 6
10. ზესტაფონი 5 1 1 3 5:6 4
11. ზუგდიდი 5 1 1 3 3:9 4
12. სპარტაკი 5 0 0 5 1:8 0

 

მეგოლეები: 3 – გრიგოლ დოლიძე (“დილა”), დიმიტრი ტატანაშვილი (“ჩიხურა”), ლადო ახალაია (“სიონი”)

 

შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:

 

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125117