მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, ტრანკილო ბარნეტა შვეიცარიის ნაკრებში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელია. მიმდინარე წლის ზაფხულში 24 წლის ფეხბურთელი გუნდთან ერთად სამხრეთ აფრიკის მუნდიალზე გაემგზავრება. შვეიცარიელი ნახევარმცველი უკვე 5 წელიწადზე მეტია ბუნდესლიგაში ასპარეზობს და ამჟამად პირველ ადგილზე მყოფ ლევერკუზენის “ბაიერის” ერთ-ერთი ლიდერია.
ფიფას ოფიციალური ვებ-გვერდისთვის მიცემული ინტერვიუს დროს ბარნეტა საუბრობს თავისი პროფესიონალური კარიერის დასაწყისზე, შვეიცარიის ეროვნულ ნაკრებზე, “ბაიერზე” და მსოფლიოს ჩემპიონატზე.
- გერმანიაში 19 წლის ასაკში გადახვედით. როგორ შეეგუეთ ასეთ ადრეულ ასაკში სამშობლოს დატოვებას?
- ეს იოლი არ ყოფილა. ამ ნაბიჯს ჩემი განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, მაგრამ თავიდან გამიჭირდა, რადგან არცთუ დიდი სათამაშო დრო მეძლეოდა. რამდენიმეჯერ ჩემს თავს ვკითხე, არასწორი გადაწყვეტილება ხომ არ მქონდა მიღებული. ფეხბურთს გარეთ ჯანსაღ გარემოში ყოფნა მნიშვნელოვანია, ასე რომ, ასეთი კითხვები თავიდან ამოვიგდე და ფოკუსირება სამუშაოზე მოვახდინე. ამჟამად თავს გერმანიაში კარგად ვგრძნობ, მაგრამ ჩემი სამშობლო ყოველთვის სენტ გალენი იქნება.
- თქვენი კლუბის გერმანიის ჩემპიონატში 20 ტურის შემდეგაც დაუმარცხებელია და გათამაშებას ლიდერობს. რა არის თქვნი წარმატების საიდუმლო?
- მოვლენები ჩვენთვის სასიკეთოდ ვითარდება. უკვე დავამტკიცეთ, რომ ჩვენს შემადგენლობას დიდი პოტენციალი აქვს. ადრე პრობლემები გვქონდა დაცვაში, მაგრამ შემდეგ ეს პრობლემებიც მოვაგვარეთ. ამაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს სამი ჰიუპიამ და მანუელ ფრიდრიხმა. მათი მეშვეობით, ჩვენ უშიშრად შეგვიძლია შეტევაში წასვლა. გუნდის წარმატების საიდუმლო სწორედ ესაა.
- არის თქვენი მიზანი მიმდინარე სეზონში ბუნდესლიგის მოგება?
- არა. ჩვენი მთავარი მიზანია ევროტურნირების საგზურის მოპოვება. მაგრამ, რა თქმა უნდა, შევეცდებით ცხრილის სათავეში მაქსიმალურად დიდხანს დარჩენას.
- შევეხოთ შვეიცარიის ნაკრებსაც. რა როლში წარმოგიდგენიათ საკუთარი თავი ეროვნულ ნაკრებში?
-ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ნაკრებში თამაშის გამოცდილება უკვე დამიგროვდა და მაქვს შესაძლებლობა მომავალშიც გავუწიო გუნდს დახმარება. ბოლო შეხვედრებში კარგად ვითამაშე, მაგრამ მმართებს შეტევაში უფრო აგრესიულად თამაში. ეს ის საკითხია, რაზეც ვმუშაობ. მსურს ნაკრებში ჩემი ადგილი გავიმყარო.
- ევროპის 2008 წლის ჩემპიონატის წარუმატებლად ჩატარების შემდეგ გუნდს სათავეში ოტმარ ჰიტცფელდი ჩაუდგა. რას გვეტყვით მწვრთნელზე?
- იგი ძალზე მშვიდი და ჭკვიანი ადამიანია. ფეხბურთელებს ხშირად ესაუბრება პირისპირ, რაც ძალზე მნიშვნელოვანია. ფეხბურთელებს და მწვრთნელს შორის მჭიდრო ურთიერთობაა ჩამოყალიბებული.
- რამდენად დიდია მისი როლი გუნდის წარმატებებში?
- მწვრთნელს ჩვენი გუნდის ფუნდამენტალური პრინციპები არ შეუცვლია, მაგრამ თავისი იდეები მაინც განახორციელა. ჩემის აზრით, მან სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც გუნდში სრულიად ახალი ფილოსოფიის დანერგვისგან თავი შეიკავა. გუნდის მისამართით წამოსულ ზეწოლას მწვრთნელი სახალხოდ ყოველთვის საკუთარ თავზე იღებს, მაგრამ მუშაობის დროს ყოველთვის გვახსენებს, რომ თავდაუზოგავად მუშაობა გვმართებს.
- შვეიცარიის ნაკრები მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე პირდაპირ, ჯგუფის გამარჯვებულის წოდებით მოხვდა. როგორ შეაფასებთ განვლილ საკვალიფიკაციო ეტაპს?
- თავიდან გაგვიჭირდა, რადგან ლუქსემბურგთან დავმარცხდით, მაგრამ შემდეგ თამაშს მოვუმატეთ. მნიშვნელოვანი გამოდგა საბერძნეთში მოგება. ჩვენთვის ყოველ მატჩს ფინალის ფასი ჰქონდა. გადამწყვეტი გამოდგა საბერძნეთთან გამართული საშინაო მატჩი. ვთვლი, რომ ჯგუფში პირველობა დავიმსახურეთ.
- მუნდიალზე შვეიცარიას H ჯგუფში ესპანეთთან, ჰონდურასთან და ჩილესთან მოუწევს დაპირისპირება. რა გაიფიქრეთ პირველად, როდესაც კენჭისყრის შედეგები ნახეთ?
- კარგია, რომ ისეთ ძლიერ გუნდთან დაპირისპირების საშუალება გვეძლევა, როგორიც ესპანეთია. მსოფლიოს საუკეთესო გუნდის წინაშე თამაში დიდი პატივია. დანარჩენ ორი გუნდი, ისევე როგორც ჩვენ, ჯგუფში მეორე ადგილის დასაკავებლად იბრძოლებს. ძალზე მნიშვნელოვანი იქნება ჩემპიონატის დაწყებამდე მომზადება და ტურნირზე ფოკუსირება.
- 4 წლის წინ გამართულ ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპი დაძლიეთ. რამდენად შორსმიმავალი გეგმები გაქვთ ამჯერად?
- ჩვენი მიზანია ჯგუფიდან გასვლა. ჯერჯერობით უფრო შორს წასვლაზე არ ვფიქრობთ, კონკრეტულად ამ მიზანზე ვართ კონცენტრირებულნი.
- აფრიკის კონტინენტზე პირველი მუნდიალი წელს გაიმართება. რას ფიქრობთ ზოგადად ამ ტურნირზე?
- ვფიქრობ, განსხვავებული მუნდიალი იქნება, რადგან იგი პირველად ჩატარდება აფრიკის კონტინენტზე. გერმანიის ჩემპიონატისგან განსხვავებით, უფრო რთული იქნება სამხრეთ აფრიკაში ასპარეზობა, რადგან იქ განსხვავებული კულტურაა, მაგრამ ამ გამოწვევისთვის მზად ვართ.
- ესპანეთის გარდა ვის მიიჩნევთ ტურნირის ფავორიტად?
- მსოფლიოს ჩემპიონატზე იტალია და ბრაზილია ყოველთვის წარმატებით ასპარეზობენ ხოლმე. მაგრამ ტურნირი გრძელია და ვერ გეტყვით ვინ გააღწევს მის ფინალურ ეტაპამდე. იმედი მაქვს, რომ საუკეთესო გუნდი მოახერხებს გაჩემპიონებას.
- რომელი ფეხბურთელი ახდენდა თქვენზე ყველაზე დიდ გავლენას?
- ზინედინ ზიდანი, რადგან უმაღლეს დონეზე იგი დიდი ხნის მანძილზე თამაშობდა. მოქმედი ფეხბურთელებიდან ბევრის თამაში მიზიდავს, მაგალითად კრიშტიანუ რონალდუსი. იგი ბურთთან ერთად სასწაულებს აკეთებს.
- რომელი ფეხბურთელის წინააღმდეგ თამაშზე ოცნებობთ?
- ასეთი ოცნება არ მაქვს. ჩემთვის ყველაზე რთულია “ბაიერნის” ფეხბურთელის, მარტინ დემიკელისის წინააღმდეგ თამაში, რადგან იგი ფიზიკურად ძალზე ძლიერია. თუ იგი საყრდენ ნახევარმცველად თამაშობს, მაშინ ჩემი განეიტრალება სწორედ მისი საქმეა.
მოამზადა მიშა ზაქარეიშვილმა







