დღევანდელი მატჩებიდან ყველაზე ნაკლებ ინტერესს ალჟირსა და სლოვენიას შორის გასამართი დაპირისპირება იწვევს. მართალია, მსოფლიოს ჩემპიონატებზე გასამართ მატჩებში უინტერესოს გამოძებნა რთულია, მაგრამ სერბეთი-განას და მითუმეტეს გერმანია-ავსტრალიის შეხვედრების ფონზე, ალჟირი-სლოვენიის მატჩი, უდავოდ, ნაკლებად მიმზიდველად გამოყურება. C ჯგუფის აუტსაიდერებად შერაცხული გუნდების მატჩი მხოლოდ იმ მხრივ იწვევს ინტერესს, რომ თუ რომელიმე მათგანს ჯგუფიდან გასასვლელად ბრძოლაში ჩართვა სურს, დღეს 3 ქულა უნდა მოიპოვოს.
სლოვენიის მიერ საკვალიფიკაციო ეტაპზე ნაჩვენები შედეგების გათვალისწინებით, აფრიკელ ფეხბურთელებს დღეს გოლის გატანის ბევრი შანსი არ უნდა მიეცეთ. საკვალიფიკაციო ეტაპის ევროპის ზონაში, იმ გუნდებს შორის, რომლებსაც 10 მატჩის გამართვა უწევდა (ასეთი კი 48 გუნდი იყო), სლოვენიამ ყველაზე ნაკლები, 4 გოლი გაუშვა, რასაც ფლეი ოფის ორ მატჩში გაშვებული 2 გოლი დაუმატა.
რაც შეეხება ალჟირს, მას აფრიკის ზონის მე-2 და მე-3 ეტაპების შემდეგ, კონტინენტის ბოლო წლების საუკეთესო გუნდთან, ეგვიპტესთან გადათამაშების გამართვა დასჭირდა. რაბაჰ საადანეს გუნდმა გადამწყვეტი მატჩი 1:0 მოიგო და 1986 წლის შემდეგ, პირველად გავიდა ფინალურ ეტაპზე. ისევე, როგორც მისი დღევანდელ მეტოქე, მსოფლიოს ჩემპიონატის ფუნალურ ეტაპზე, ჯგუფიდან ალჟირი არასდროს გასულა.
აფრიკული გუნდის შემადგენლობიდან გამოკვეთილი ლიდერის გამორჩევა რთული იქნება, მაგრამ ყველაზე მეტად გამორჩეული ფეხბურთელი, ალბათ, მადიიდ ბუგერაა. “რეინჯერსთან” ერთად, შოტლანდიის ჩემპიონატის ბოლო ორი გათამაშების მომგებმა მცველმა ნაკრებში გამართულ 40 მატჩში 4 გოლი გაიტანა.
სლოვენიელთა მხრიდან გა¬მორჩევას იმსახურებს მილივოიე ნოვაკოვიჩი. 31 წლის თავდამსხმელი, რომლის ანგარიშზე 38 სანაკრებო მატჩში 16 გატანილი ბურთია, გოლების მხრივ, დღევანდელ გუნდში საუკეთესოა. მართალია, ნოვაკოვიჩმა გასული საკლუბო სეზონი არცთუ შთამბეჭდავად ჩაატარა, მაგრამ ზედიზედ მეორედ “კიოლნის” საუ¬კეთესო ბომბარდირი მაინც გახდა.
13 ივნისი, 15:30, “პეტერ მოკაბა სთედიუმი” (41733), პოლოკვანე
ალჟირი-სლოვენია
სავარაუდო შემადგენლობები
ალჟირი: გაუაუი, გალიშე, ბუგერა, იაია, მასბაჰი, ბუდებუზი, ლასენი, იებდა, ზიანი, ჯებური, მატმუ
მწვრთნელი: რაბაჰ საადანე
სლოვენია: ჰანდანოვიჩი, ბრეცკო, სეზარი, სულერი, იოკიჩი, კირმი, რადოსავლიევიჩი, კორენი, ბირსა, დედიჩი, ნოვაკოვიში
მწვრთნელი: მატიაშ ჟეკი
მწვრთნელი: კარლოს ბატრესი (გვატემალა)
D ჯგუფი იმ გუნდების მატჩით გაიხსნება, რომლებიც მე-2 ადგილი დასაკავებლად გასამართ ბრძოლაში ფავორიტებად მიიჩნევიან. მატჩის ფავორიტებად შეგვიძლია სერბი ფეხბურთელები მივიჩნიოთ, რომლებმაც საკვალიფიკაციო ეტაპი ძალზე კარგად ჩაატარეს. რადომირ ანტიჩის გუნდმა ჯგუფში, სადაც საფრანგეთი და ავსტრია ასპარეზობდნენ, ვადაზე ადრე გაინაღდა პირველი ადგილი.
საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევა გაუჭირდა განას, რომელმაც აფრიკის ზონაში, მე-2 ეტაპი ბურთების უკეთესი შეფარდების წყალობით გადალახა, თუმცა, მე-3 ეტაპზე თამაშს მოუმატა და შედარებით დამაჯერებლად მოიგო ჯგუფი.
მიმდინარე წელს გამართული 3 ამხანაგური შეხვედრიდან, განამ 2 წააგო (ბოსნიასთან და ჰოლანდიასთან), ხოლო უკანასკნელი ლატვიასთან მოიგო. რაც შეეხება სერბეთს, იგი ამ მხრივაც უკეთ გაისარჯა. ანტიჩის შეგირდებმა 7 მატჩიდან 5 მოიგეს (ჩრდილოეთ ირლანდიასთან, სამხრეთ კორეასთან, ალჟირთან, იაპონიასთან და კამერუნთან), პირველ ოთხ მათგანში კი, კარის მშრალად შენახვა მოახერხეს. დარჩენილი 2 მატჩიდან სერბებმა ერთი დათმეს (ახალ ზელანდიასთან) და ერთიც ფრედ ითამაშეს (პოლონეთთან).
გუნდები აქამდე ერთმანეთს არასდროს შეხვედრიან. 1997 წელს, იუგოსლავიამ, რომელიც სერბეთის წინამორბედი გუნდია, სეულში გამართულ ამხანაგურ მატჩში განას 3:1 სძლია.
ევროპელთა მხრიდან ერთი კონკრეტული ფეხბურთელის გამორჩევა ძნელია. ანტიჩის განკარგულებაში არიან: ნემანია ვიდიჩი, ალექსანდრ კოლაროვი, ბრანისლავ ივანოვიჩი, დეაიან სტანკოვიჩი და ნიკოლა ჟიგიჩი. განის ნაკრები ასეთი დონის ამდენი ფეხბურთელით ნამდვილად ვერ დაიკვეხნის. აფრიკელთა რიგებიდან გამოსარჩევია სალი მუნტარი, რომელმაც საკლუბო დონეზე, მილანის “ინტერთან” ერთად, გასულ სეზონში ყველა შესაძლო ტიტული მოიგო, ისევე, როგორც მისმა დღევანდელმა მეტოქემ, დეიან სტანკოვიჩმა.
თუკი ფეხბურთელთა კლასით მეტოქეს ვერ შეედრება, მწვრთნელის მხრივ განას უპირატესობა აქვს. საუბარი არაა მწვრთნელთა კლასზე. საქმე ისაა, რომ განელთა დამრიგებელი, მილოვან რაიევაცი სერბია და ბუნებრივია, დღევანდელ მეტოქეს ძალზე კარგად იცნობს.
13 ივნისი, 18:00, “ლოფტუს ვერსფელდ სთედიუმი” (42858), პრეტორია
სერბეთი-განა
სავარაუდო შემადგენლობები
სერბეთი: სტოიკოვიჩი, ივანოვიჩი, ვიდიჩი, ლუკოვიჩი, კოლაროვი, კრაშიჩი, სტანკოვიჩი, მილიასი, იოვანოვიჩი, ჟიგიჩი, პანტელიჩი
მწვრთნელი: რადომირ ანტიჩი
განა: კინგსონი, ინკუმი, ჯონ მენსა, ფორსა, პანცილი, დ. ბოატენგი, კ.პ. ბოატენგი, აპია, მუნტარი, გიანი, ტაგოე
მწვრთნელი: მილოვან რაიევაცი
მსაჯი: ჰექტორ ბალდასი (არგენტინა)
დღევანდელ სათამაშო დღეს, D ჯგუფის ფავორიტისა და აუტსაიდერის - გერმანიისა და ავსტრალიის ნაკრებთა შეხვედრა დაასრულებს. მიუხედავად იმისა, რომ 4 წლის წინათ გამართულ მუნდიალზე ავსტრალიელებმა, მოულოდნელად, ძალზე კარგი შედეგი აჩვენეს, წლეულს მათგან ჯგუფიდან გასვლასაც კი, ალბათ, ბევრი არ ელის. ამის მიზეზი ისაა, რომ 2006 წელს მათ ძალზე ძლიერ მწვრთნელი, გუს ჰიდინკი ედგათ სათავეში, დღეს კი, მათ პიმ ვერბეეკი წვრთნის, რომლის სუსტ სპეციალისტად მოხსენიების საფუძველი არ გვაქვს, მაგრამ ჰიდინკთან ის ნამდვილად ვერ მივა.
გერმანია მსოფლიოს ჩემპიონატს ბოლო დროს დამკვიდრებული ტრადიციული სახით ხვდება – ალემანებს ვარსკვლავური შემადგენლობა არ ჰყავთ, მაგრამ გათამაშების ფოვარიტთა შორის მაინც შედიან. იოხიმ ლიოვს პრობლემები აქვს თავდასხმის ხაზში. მის განკარგულებაში მყოფ შემტევთაგან წარმატებული საკლუბო სეზონი შტეფან კისლინგს, ტომას მიულერსა და კაკაუს ჰქონდათ, მაგრამ აცერთ მათგანს სანაკრებო დონეზე თამაშის დიდი გამოცდილება არ აქვს. ამ მხრივ, მათგან ყველაზე გამოცდილი კაკაუა, რომელსაც ბუნდესნაკ¬რებში ჩატარებულ 8 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი. კისლინგი და მიულერი კი, ჯერაც სადებიუტო გოლის მოლოდინში არიან. ნახევარდაცვაში გერმანელებს პრობლემები მიხაელ ბალაკისა და კრისტიან ტრეშის ტრავმებმა შეუქმნეს, მაგრამ მოედნის ცენტრში ლიოვს შეუძლია ბასტიან შვაინშტაიგერის იმედი ჰქონდეს.
მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპი ორივე გუნდმა იოლად დასძლია. გერმანიამ ევროპის ზონაში, ჯგუფის უმთავრეს მეტოქეს, რუსეთს ორივე მატჩი მოუგო და ვადაზე ადრე გაინაღდა პირველი ადგილი. რაც შეეხება ავსტრალიას, მას აზიის ზონის მე-3 ეტაპზე ოდნავ კი გაუჭირდა, მაგრამ მე-4 ეტაპი საკმაოდ იოლად დასძლია.
წლეულს გამართული 4 ამხანაგური მატჩიდან პირველი გერმანიამ არგენტინასთან წააგო, დანარჩენი 3 კი, მალტასთან, უნგრეთთან და ბოსნიასთან მოიგო. თითოეულ მოგებულში 3 გოლი გაიტანა და საერთო ჯამში 1 გაუშვა.
ავსტრალიამ მიმდინარე წელს 3 ამხანაგური მატჩი ჩაატარა, რომელთაგანაც პირველი 2 მოიგო (ახალ ზელანდიასთან და დანიასთან), ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებთან წააგო.
გუნდებს ერთმანეთში აქამდე 2 მატჩი აქვს გამართული და ორივე მათგანი ევროპელთა სასარგებლოდ დასრულდა. 1974 წელს, მსოფლიოს ჩემპიონატზე გერმანელებმა მეტოქე ოვერატის, კულმანისა და მიულერის გოლებით 3:0 დაამარცხეს. 2005 წელს, გუნდები ერთმანეთს უკვე კონფედერაციის თასზე შეხვდნენ. გერმანელებმა ამჯერად გაჭირვებით, 4:3 მოიგეს. ევროპელთაგან გოლები კურანიმ, მერტეზაკერმა, ბალაკმა და პოდოლსკიმ, ხოლო ავსტრალიელთაგან სკოკომ და ალოიზიმ (ორჯერ) გაიტანეს.
13 ივნისი, 22:30, “დურბან სთედიუმი” (62760), დურბანი
გერმანია-ავსტრალია
სავარაუდო შემადგენლობები
გერმანია: ნოიერი, ლამი, ფრიდრიხი, მერტეზაკერი, ბადშტრუბერი, ხედირა, შვაინშტაიგერი, ტროხოვსკი, იოზილი, პოდოლსკი, კლოზე
მწვრთნელი: იოხიმ ლიოვი
ავსტრალია: შვარცერი, ვილშირი, მური, ნეილი, ჩიპერფილდი, კულინა, გრელა, გარსია, კეჰილი, ბრეშიანო, კენედი
მწვრთნელი: პიმ ვეერბეკი
მსაჯი: მარკო როდრიგესი (მექსიკა)
მიშა ზაქარეიშვილი









