ძიუდო

18:30 | 10.02.2010 | ნანახია [] - ჯერ

ტოტიკაშვილმა ვენისთვის თერთმეტეული გაამზადა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 13-14 თებერვალს, ავსტრიის მსოფლიოს თასზე 11-კაციანი შემადგენლობით გამოვა. ვენაში წამსვლელთა ვინაობა ამირან ტოტიკაშვილმა დღეს, დიღომში, შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიაში გაამჟღავნა. ნაკრების თავკაცმა პრესკონფერენცია პარიზის დიდი სლემის შეჯამებით გახსნა.
“სულ რაღაც 3 თვეა, გუნდთან ერთად მუშაობა დავიწყე და ასე სწრაფად, ასეთ წარმატებას არ ველოდი. მადლობა ბიჭებს, კარგი ჭიდაობისთვის. დავით ასუმბანის შემართება, მიზანსწრაფულობა და სიბეჯითე ყველამ უნდა გადაიღოს. ეს ბიჭი თბილისის მსოფლიოს თასზე გაჩემპიონების შემდეგ, პარიზშიც ბრწყინვალედ გამოვიდა. ლევან წიკლაურის მიერ მოპოვებული ვერცხლის მედალიც საკმაოდ დიდი წარმატებაა. 81 კილოგრამი წონითი კატეგორია ხომ დროთა განმავლობაში ჩვენი ნაკრების ერთ-ერთი სუსტი წერტილი იყო. ირაკლი ცირეკიძის ბრინჯაოს მედალიც დასაფასებელია, რადგან ჩვენმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა აქტიურ სპორტში დარჩენა და მომავალი გამარჯვებებისთვის ბრძოლის გაგრძელება გადაწყვიტა. მედლის კარგი შანსი ჰქონდა მძიმეწონოსან ზვიად ხანჯალიაშვილს. საკმაოდ კარგ ბადეშიც მოხვდა და მეოთხედფინალამდეც მივიდა, მაგრამ იქ თავი ზვიადის პრობლემამ იჩინა. მას წლების წინ გადატანილი მუხლის მძიმე ტრავმა ბოლომდე დატვირთვის საშუალებას არ აძლევს. კარგი იქნება, თუ ამ პრობლემას მოევლება და ხანჯალიაშვილს ვარჯიშის სტილს შევუცვლით. სხვაგვარად, სრულყოფილად მომზადება შეუძლებელია” – განაცხადა ამირან ტოტიკაშვილმა.
მთავარმა მწვრთნელმა ნაკრების ყველაზე პრობლემატურ წონად სწორედ მძიმე წონა დაასახელა და იქვე 66 და 73 კილოგრამებიც ახსენა. კონკურენციის გაზრდისა და საერთო დონის აწევის ერთ-ერთ გზად კი ტოტიკაშვილმა მოსამზადებელ შეკრებებში ასაკობრივი ნაკრებების წევრთა მონაწილეობა დაასახელა, აქაოდა, ეს პრაქტიკა ჯერ კიდევ დილარ ხაბულიანის მწვრთნელობის პერიოდიდან მახსოვს და ძალიან კარგიც იყოო.
რაც შეეხება ავსტრიულ განაცხადს, მასში რამდენიმე ისეთი ძიუდოისტი გამოჩნდა, წლევანდელ საერთაშორისო ტურნირებზე ტატამზე რომ არ გასულან. ერთ-ერთი მთავარი სიახლე ტატამზე ზურაბ ზვიადაურის დაბრუნება იქნება. ათენის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონმა ბოლოს შარშან დეკემბერში, ქუთაისში ჩატარებულ საქართველოს ჩემპიონატზე იჭიდავა და ვერცხლის მედალიც მოიპოვა. მერე კი, ბაკურიანულ შეკრებაზე გაცივდა და ბრონხების ანთების გამო რამდენიმე კვირა გაუცდა. 66 და 73 კილოგრამებში ნაკრების მწვრთნელი საქართველოს პირველობის სამეულსაც გადასცდა და თავის გამოჩენის შანსს ამჯერად გიორგი შოშიაშვილს, გიორგი ფერსაშვილსა (ორივე 66 კგ) და დავით ჭაბუკაშვილს (73 კგ) აძლევს.
ვენის მსოფლიოს თასის შემდეგ საქართველოს ნაკრები 2 კვირის განმავლობაში კიდევ 2 საერთაშორისო ტურნირზე გამოვა. 20-21 თებერვალს დიუსელდორფის დიდი პრიზი გაიმართება, 27-28 თებერვალს კი პრაღის მსოფლიოს თასი. თბილისში, პარიზში, ავსტრიასა და გერმანიაში ნაჭიდავებ ძიუდოისტთაგან ევროპის ჩემპიონატზე წამსვლელი ნაკრების კანდიდატები გამოიკვეთებიან. მათ თავის გამოჩენის შანსი პრაღაში მიეცემათ, შემდეგ კი ევროპირველობისთვის მოსამზადებელი 7-კვირიანი ეტაპი დაიწყება, რომლის ბოლოსაც ამირან ტოტიკაშვილი საუკეთესო შვიდეულს დაასახელებს.
ევროპის 2010 წლის ჩემპიონატს 22-25 აპრილს ვენა უმასპინძლებს.
აქვე, ავსტრიულ მსოფლიოს თასზე წამსვლელი ქართული შემადგენლობა:

60 კგ – ამირან პაპინაშვილი
66 კგ –
გიორგი შოშიაშვილი და გიორგი ფერსაშვილი
73 კგ –
ანზორ ხმიადაშვილი და დავით კობერიძე
81 კგ –
ხვიჩა ხუციშვილი და დავით ჭაბუკაშვილი
90 კგ –
ვარლამ ლიპარტელიანი
100 კგ –
ზურაბ ზვიადაური და დავით ლორიაშვილი
+100 კგ –
ადამ ოქრუაშვილი
მწვრთნელები:
ამირან ტოტიკაშვილი და სულიკო ფეიქრიშვილი

ოთარ მაღლაკელიძე

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091911