საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ამირან ტოტიკაშვილმა პარიზის დიდ სლემზე წასაყვანი შემადგენლობა დაასახელა. ფრანგული ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი თბილისის მსოფლიოს თასზე პრესტიჟულად მიიჩნევა. მასზე სარეიტინგო ქულებიც უფრო უხვად რიგდება და გაცილებით ძლიერი შემადგენლობაც იყრის ხოლმე თავს. თქმაც არ უნდა, 6-7 თებერვალსაც ასე იქნება.
ტოტიკაშვილის გუნდი ტატამზე 13-კაციანი შემადგენლობით გავა. 90 კილოგრამი წონითი კატეგორიის გარდა, ყველა წონაში 2-2 ქართველი იჭიდავებს. თბილისის მსოფლიოს თასის ოთხი ჩემპიონიდან მწვრთნელმა პარიზის განაცხადში მხოლოდ ორი: დავით ასუმბანი (60 კგ) და ლევან წიკლაური (81 კგ) შეიყვანა. შალვა ქარდავას (66 კგ) ამჯერად დასვენების უფლება მისცეს. მინდია ბოდაველი კი ქართულ ნახევარფინალში მიღებულ ტრავმას იშუშებს.
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ნაკრებს უბრუნდება ირაკლი ცირეკიძე. პეკინის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონმა რამდენიმე კვირის წინ აქტიური სპორტული კარიერის დასრულების შესახებ გააკეთა განცხადება, რომლის თანახმადაც, ბოლოჯერ კიმონო პარიზის დიდ სლემზე უნდა მოერგო. შემდეგ კი აზრი შეიცვალა და კიდევ რამდენიმე ტურნირზე გამოსვლა გადაწყვიტა. სწორედ ამ ტურნირების შედეგები გამოაჩენს, იბრძოლებს თუ არა ის ევროპის ჩემპიონატის განაცხადში მოსახვედრად.
60 კილოგრამ წონით კატეგორიაში, დიდ სლემზე ასუმბანის გარდა პაატა მერებაშვილი გაემგზავრება. ახალგაზრდებსა და 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონმა სპორტის სასახლეში ჩვეულად ვერ იჭიდავა და სამეულს მიღმა დარჩა. პარიზის ტატამზე ნესტორ ხერგიანიც გავა და კვლავ 66 კილოგრამში. დამოუკიდებელი ქართული ძიუდოს ყველაზე უხვტიტულა ძიუდოისტმა მსოფლიოს თასი პირველსავე წრეში დაასრულა და მაშინვე ითქვა, რომ სამომავლოდ ისევ მშობლიურ წონას – 60 კილოგრამს დაუბრუნდებოდა. სავარაუდოდ, ეს დიუსელდორფის დიდ პრიზზე (20-21 თებერვალი) მოხდება. საფრანგეთში კი 66-ში იჭიდავებს, უჩა ხუციშვილთან ერთად. 73 კილოგრამში ქართული განაცხადი ახალგაზრდებმა – გიორგი დილებაშვილმა და ნუგზარ ტატალაშვილმა შეავსეს. ცნობისთვის, თბილისში ორივე პირველსავე წრეში დამარცხდა. 81-ში ტოტიკაშვილმა შემადგენლობაში საქართველოს ჩემპიონატისა და მსოფლიოს თასის ფინალისტებს – ლევან წიკლაურსა და იოსებ წელაურს უხმო, 90-ში ქართული დროშის ქვეშ მხოლოდ საბა გავაშელიშვილი იჭიდავებს, 100-ში – ცირეკიძე და მეტრეველი, +100-ში – ადამ ოქრუაშვილი და ზვიად ხანჯალიაშვილი.
“ამჯერად 13 ძიუდოისტს გამოვცდით. ნაკრების დანარჩენ კანდიდატებს კი თავის გამოჩენის შანსს მომავალ საერთაშორისო ტურნირებზე მივცემთ. ბეთქილ შუკვანმა (60 კგ), მინდია ბოდაველმა (90 კგ) და რევაზ ჩიკოიძემ (100 კგ), მოგეხსენებათ, მსოფლიოს თასზე ტრავმები მიიღეს. პირველი-ორი სავარაუდოდ ვენის მსოფლიოს თასზე დაგვიბრუნდება, ჩიკოიძეს - ნეკნი აქვს გატეხილი და უფრო ხანგრძლივი სარეაბილიტაციო პერიოდი დასჭირდება. ტრავმირებულია მძიმეწონოსანი ლაშა გუჯეჯიანიც. იგი ალბათ გერმანიის დიდ პრიზზე იჭიდავებს. ავსტრიული ტურნირი 13-14 თებერვალს შედგება და არამგონია მასზე საფრანგეთში ნაჭიდავები ძიუდოისტები ვიახლო. შანსი ახალგაზრდა კანდიდატებსაც უნდა მივცე” – უთხრა “მსოფლიო სპორტს” ამირან ტოტიკაშვილმა.
შარშან პარიზის საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 9-კაციანი შემადგენლობით გამოვიდა და კვარცხლბეკს მხოლოდ ამირან პაპინაშვილმა (60 კგ) უწია. მან ვერცხლის მედალი მოიპოვა.
აქვე, მომავალი დიდი სლემის ქართული განაცხადი:
60 კგ - დავით ასუმბანი, პაატა მერებაშვილი
66 კგ – ნესტორ ხერგიანი, უჩა ხუციშვილი
73 კგ – ნუგზარ ტატალაშვილი, გიორგი დილებაშვილი
81 კგ – ლევან წიკლაური, იოსებ წელაური
90 კგ – საბა გავაშელიშვილი
100 კგ – ირაკლი ცირეკიძე, ნოდარ მეტრეველი
+100 კგ – ადამ ოქრუაშვილი, ზვიად ხანჯალიაშვილი
ოთარ მაღლაკელიძე







