საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებისა და ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელებმა, ახლახანს მორიგი მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღეს. სანაკრებო კალენდარში ცვლილება განხორციელდა – რიო დე ჟანეიროს “დიდ სლემზე” ნაჭიდავები სამი ქართველი, სან-პაულუს მსოფლიოს თასზეც მოირგებს კიმონოს. ნაკრების მწვრთნელი გურამ მოდებაძე და სპორტსმენები დავით ქევხიშვილი (81 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი (90 კგ) და ლევან ჟორჟოლიანი (100 კგ), “დიდი სლემის” შემდეგ რიოში დარჩნენ და ერთობლივ წვრთნებში მიიღეს მონაწილეობა. ამ უქმეებზე კი სან-პაულუში ჩავლენ და 30 მაისს, ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო რეიტინგის გასაუმჯობესებლად იჭიდავებენ. მსოფლიოს თასი 29 მაისს გაიხსნება, მაგრამ პირველ დღეს მედლები იმ წონებში გათამაშდება, სადაც საქართველოს ნაკრებს წარმომადგენელი არ ეყოლება.
ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ამირან ტოტიკაშვილმა კი, უკვე მადრიდის მსოფლიოს თასზე წასაყვანი შემადგენლობა დაასახელა. 5-6 ივნისს გასამართ საერთაშორისო ტურნირზე, ტატამზე 15 ქართველი გავა. შესაძლოა, უახლოეს დღეებში, ესპანურ განაცხადში მცირე ცვლილებები მოხდეს.
ყველაზე საინტერესო 100 კილოგრამი წონითი კატეგორიაა, სადაც ტოტიკაშვილმა გუნდში ოლიმპიურ ჩემპიონებს, ზურაბ ზვიადაურსა (2004) და ირაკლი ცირეკიძეს (2008) უხმო. 66 კილოგრამში, სულაც, 4 ქართველი გავა ესპანურ ტატამზე. ერთადერთი წონა, რომელიც მწვრთნელმა თავისუფალი დატოვა, 81 კილოგრამია. ლიდერ ლევან წიკლაურს, ბოლო დროს, საკმაოდ გადატვირთული სპორტული კალენდარი ჰქონდა, ამასთან, ახლახანს დაოჯახდა და დასვენების საშუალება მიეცა. ასევე დაისვენებენ რიოსა და სან-პაულუში ნაჭიდავები ძიუდოისტებიც.
შეგახსენებთ, მსოფლიოს თასის ჩემპიონობა ოლიმპიურ რეიტინგში 100 ქულად ფასობს. ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები – 60 და 40 ქულად.
აქვე მადრიდის მსოფლიოს თასის ქართული განაცხადიც:
60 კგ
ამირან პაპინაშვილი
ბეთქილ შუკვანი
66 კგ
პაატა მერებაშვილი
სანდრო იაკობაშვილი
შალვა ქარდავა
უჩა ხუციშვილი
73 კგ
დავით კობერიძე
ნუგზარ ტატალაშვილი
მიხეილ ხომიზური
90 კგ
მინდია ბოდაველი
100 კგ
ზურაბ ზვიადაური
ირაკლი ცირეკიძე
+100 კგ
ზვიად ხანჯალიაშვილი
ლაშა გუჯეჯიანი
ადამ ოქრუაშვილი
ოთარ მაღლაკელიძე







