ფეხბურთი

16:20 | 5.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

"ტორპედოს" დაკავებული გულშემატკივრები გაათავისუფლეს

ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე მომხდარი დაპირისპირებისას დაკავებული  "ტორპედოს" გულშემატკივრები გათავისუფლებული  არიან. როგორც "ინტერპრესნიუსს" "ტორპედოს" პრესატაშემ,  რამაზ ჩხიკვაძემ განუცხადა, ორი გულშემატკივარი დააკავეს და ორივე გუშინვე გაათავისუფლებს.

"პოლიციამ, მომხდარი ინციდენტის გამო, 2 გულშემატკივარი დააკავა. ჩემთვის ზუსტად უცნობია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრებათ თუ არა მათ, თუმცა ორივე მათგანი გათავისუფლებულია", - აღნიშნა ჩხიკვაძემ.

ქუთაისის "ტორპედოსა" და სლოვაკეთის "ჟილინას" გუშინდელი შეხვედრა არეულობებით დასრულდა. ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე შეკრებილი გულშემატკივრების უკმაყოფილება "ტორპედოს" 0:3-ით დამარცხებას მოჰყვა. გუნდის ქომაგები "ტორპედოს" ხელმძღვანელობას დაუპირისპირდნენ.

გარდა ამისა, არსებული ინფორმაციით, გულშემატკივრებს კლუბის ხელმძღვანელობასთან პრეტენზიები მას შემდეგ აქვთ, რაც გასული სეზონის ბოლოს გუნდში ცვლილებები განხორციელდა და როგორც მწვრთნელი, ისე შემადგენლობა შეიცვალა - მთავარ მწვრთნელად დაინიშნა ესპანელი ჟერარდ სარაგოსა, რომელიც მანამდე თბილისის "ლოკომოტივში" მუშაობდა.

ახალი მწვრთნელისა და კლუბის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ქუთაისში "ლოკომოტივის" ახალგაზრდა ფეხბურთელები გადავიდნენ. ამასთან, "ტორპედოს" ხელმძღვანელობასა და ქუთაისელ გულშემატკივრებს შორის გუშინდელი დაპირსპირების განსამუხტად სპეცრაზმის გამოძახება გახდა საჭირო.მცირე დაპირისპირება მოხდა გულშემატკივრებსა და თავად სამართალდამცველებს შორისაც. დააკავეს რამდენიმე გულშემატკივარიც.

ქუთაისის "ტორპედომ" ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოსვლა მარცხით დაიწყო. სლოვაკურ "ჟილინასთან" ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე გუშინ გამართულ შეხვედრაში "ტორპედომ" სამი უპასუხო გოლი გაუშვა.

www.ipn.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114497