გორის "დილასთან" თამაშის წინ, ქუთაისში არც თუ ისე სასურველი კლიმატური პირობები გახლდათ, თუმცა, ხანგრძლივმა წვიმამ თამაშამდე რამდენიმე საათით ადრე გადაიღო და მატჩსაც ამ მხრივ რაიმე ხარვეზი არ ჰქონია. მატჩის დაწყებამდე ქუთათურთა ქომაგები იხსენებდნენ ამ გუნდების პირველ შეხვედრას, როდესაც გორელთა უპირატესობა ძალზე თვალსაჩინო იყო, მაგრამ მატჩი ქუთაისურმა კლუბმა მოიგო. ბუნებრივია, იოლი პაექრობის მოლოდინში არავინ ყოფილა და ქომაგთა ეს პროგნოზი გამართლდა კიდეც.
თამაშის დებიუტში თანაბარი ბრძოლა გაჩაღდა. მასპინძლები ბურთზე კონტროლის დაწესებასა და მრავალსვლიანი კომბინაციებით რაიმე ხიფათის შექმნას ცდილობდნენ. გორელებს კი აქცენტი კონტრშეტევებზე ჰქონდათ გაკეთებული. ეს სათამაშო კომპონენტი აღმოსავლელებს კარგად გამოსდიოდათ, თუმცა, მათ თავიანთ კარში მალევე მიიღეს გოლი სტანდარტული სიტუაციიდან. მანამდე ერთი რამ უნდა აღინიშნოს - "ტორპედოს" ფანები გოლს ითხოვდნენ გამეზარდაშვილისაგან და "ბაიანომაც" მე-14 წუთზე მათი სურვილი დააკმაყოფილა. ბოლქვაძის მიერ ჩაწოდებულ კუთხურზე გამეზარდაშვილმა საჰაერო ბრძოლა ყველას მოუგო და თავურით ანგარიში გახსნა - 1:0.
გოლის გატანიდან ორი წუთიც არ იყო გასული, რომ "ბაიანომ" ამჯერად თავი დაცვაში გამოიჩინა, როდესაც ვალტერ ხორგუაშვილი ახლო მანძილიდან ცდილობდა გატანას, მაგრამ მას გამეზარდაშვილის თავდადებულმა გარჯამ ხელი შეუშალა.
22-ე წუთზე, სტუმრებმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს. ქუთაისელთა საჯარიმოში შეჭრილმა ვალტერ ხორგუაშვილმა მახვილი კუთხიდან დაარტყა. მას ხელს თოდუა უშლიდა, რომელიც ვარდნაში ცდილობდა სიტუაციის განმუხტვას, მაგრამ ბურთმა უცნაური ტრაექტორია მოხაზა, მიგინეიშვილს თავზე გადაევლო და კარებში შეგორდა - 1:1.
ამის შემდეგ მოწინააღმდეგეებმა იგივე სცენარით წარმართეს პაექრობა. ქუთათურებმა რამდენჯერმე სახიფათოდ ჩააწოდეს, თუმცა, საქმე დარტყმამდე არ მისულა. ერთხელ, გოცირიძე, ბოლქვაძის გადაცემის შემდეგ, შეყრილაძეს გაცდა და ჩააწოდა კიდეც მეკარის საჯარიმოს მიმართულებით, მაგრამ კარში დამრტყმელი არავინ აღმოჩნდა.
თავის მხრივ, გორელებმა ორჯერ დაარტყეს მიგინეიშვილის კარისაკენ. ორჯერვე ქუთათურთა კარს ჩაგელიშვილი ემუქრებოდა, მაგრამ ტორპედოელთა კიპერმა ორივე შემთხვევაში დამაჯერებლად ითამაშა. ტაიმის მიწურულს კი, ძალზე სახიფათოდ დაარტყა დიღმელაშვილმა, დაახლოებით 30 მეტრიდან. შეყრილაძის ეფექტური ნახტომი ამაო იქნებოდა, რომ არა ხარიხა, რომელმაც სტუმრები აშკარა გოლისაგან იხსნა.
მატჩის მე-2 ნახევარში პირველი ხიფათი გორელებმა შექმნეს. მათი სწრაფად გათამაშებული კომბინაცია საჯარიმოს ხაზიდან ჩაგელიშვილის დარტყმით დასრულდა. მიგინეიშვილმა ნახტომში შეძლო ბურთის მოგერიება, რომელზეც დამატებას ვალტერ ხორგუაშვილი ცდილობდა, მაგრამ ფორვარდმა დასწრებაზე კიპერს ვერ აჯობა, მას შეეჯახა და მცირე ხნით, ორივეს ექიმის დახმარება დასჭირდა.
მალე, ქუთაისელთა თავკაცმა შეცვლებს მიმართა. გეგუჩაძემ მოედანზე იოსელიანი და მეგრელაძე შეუშვა, რომლებმაც მწვრთნელის ნდობა გაამართლეს და საკუთარი გუნდის თამაშიც გააუმჯობესეს. 65-ე წუთზე, ქუთათურები წინ გავიდნენ. გოლი ამჯერადაც სტანდარტულ მდგომარეობას მოჰყვა. კუთხურიდან ჩამოწოდებული ბურთი სტუმართა ცენტრალურმა მცველებმა თავით გამოიტანეს. ბურთი დიღმელაშვილმა მიიღო, რომელმაც ოსტატურად ჩაუკიდა მეტოქის საჯარიმოში შევარდნილ მეგრელაძეს, მან კი, ვარდნაში, ერთი შეხებით 2:1 გახადა.
მატჩის მიწურულამდე მოედანზე სახიფათო მომენტები აღარ შექმნილა. მართალია, გუნდები მცდელობას არ აკლებდნენ, მაგრამ საქმე საბოლოო დარტყმამდე არ მიდიოდა. 87-ე წუთზე, საბანაძემ ითამაშა მარცხენა ფლანგზე ოსტატურად, მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა და უკეთეს მდგომარეობაში მყოფ ბოლქვაძეს გადააწოდა. ქუთაისელთა შუახაზელმა მცირე შეყოვნების შემდეგ დაარტყა, მაგრამ ბურთი ნახტომში შეყრილაძემ მოიგერია. დამატებაზე იოსელიანს ჰქონდა შანსი, მაგრამ ვერც ახალგაზრდა ნახევარმცველმა იხეირა. გათანაბრების შანსი "დილას" ფეხბურთელებს მაინც მიეცათ, როდესაც ქუთათურთა საჯარიმოში რაჟამაშვილი შეიჭრა და დაარტყა კიდეც, მაგრამ ბურთი მოწინააღმდეგის მცველს მოხვდა და კუთხურზე გადავარდა. ბოლოს გველესიანმა სცადა დაახლოებით 32 მეტრიდან დარტყმა, მაგრამ მიგინეიშვილმა ბურთი ადგილზევე "გააქვავა".
რამაზ სოღოლაშვილი ("დილა"): "სანახაობრივად ძალზე კარგი თამაში გამოვიდა. მატჩს ორივე გუნდისათვის პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა. სამწუხაროდ წავაგეთ, ნორმალურად ვითამაშეთ, მაგრამ მეორედ გათანაბრება ვეღარ მოვახერხეთ. ტორპედოს კარგი გუნდი და მწვრთნელი ჰყავს და წარმატებებს ვუსურვებ".
გია გეგუჩაძე ("ტორპედო"): "ვიცოდით მეტოქის ძალის შესახებ. ძალზე დაძაბული მატჩი გამოვიდა. ჩვენს თამაშში ჯერჯერობით ბევრი რამ არის დასახვეწი და დასალაგებელი. შეიძლება ვთქვათ, რომ პრინციპული თამაში მოვიგეთ. მართალია, შედეგი კარგი გვაქვს, მაგრამ თამაშში ბევრი წუნი გვაქვს, რომლის გამოსწორებაზეც ბევრი მუშაობა დაგვჭირდება".
"ტორპედო" - "დილა" 2:1 (1:1)
6 ნოემბერი. 18:00. ქუთაისი. "ცენტრალური". 1500 მაყურებელი
"ტორპედო": მიგინეიშვილი, დაჩი ფოფხაძე, სევასტი თოდუა, გამეზარდაშვილი, გურული, დიღმელაშვილი, ჩიკვილაძე (იოსელიანი, 53), დოლიძე (საბანაძე, 74), ბოლქვაძე, თარხნიშვილი, გოცირიძე (მეგრელაძე, 61).
მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
"დილა": შეყრილაძე, გველესიანი, ბაქრაძე, მაჭავარიანი, ჭითანავა, ჯოჯუა,
პავლე ხორგუაშვილი (გოგინაშვილი, 82), ვალტერ ხორგუაშვილი (ბერაია, 72), რაჟამაშვილი, ჩაგელიშვილი (სადაღაშვილი (63), ახალკაცი.
მთავარი მწვრთნელი: რამაზ სოღოლაშვილი
გოლები: 1:0 გამეზარდაშვილი (14), 1:1 ვალტერ ხორგუაშვილი (22), 2:1 მეგრელაძე (65).
გაფრთხილება: ვალტერ ხორგუაშვილი (37), თარხნიშვილი (70), დიღმელაშვილი (79), მეგრელაძე (90).
არბიტრი: გიორგი ვადაჭკორია (თბილისი)
| 1. | ტორპედო | 13 | 9 | 1 | 3 | 17:8 | 28 |
| 2. | დინამო | 13 | 8 | 2 | 3 | 27:14 | 26 |
| 3. | ზესტაფონი | 12 | 8 | 2 | 2 | 25:14 | 26 |
| 4. | მეტალურგი | 13 | 7 | 3 | 3 | 19:14 | 24 |
| 5. | მერანი | 13 | 7 | 2 | 4 | 16:13 | 23 |
| 6. | ბაია | 13 | 6 | 1 | 6 | 16:12 | 19 |
| 7. | ვიტ ჯორჯია | 13 | 4 | 4 | 5 | 13:17 | 16 |
| 8. | გაგრა | 13 | 4 | 2 | 7 | 12:17 | 14 |
| 9. | კოლხეთი | 12 | 3 | 3 | 6 | 11:18 | 12 |
| 10. | დილა | 13 | 3 | 2 | 8 | 17:21 | 11 |
| 11. | სპარტაკი | 13 | 2 | 4 | 7 | 9:20 | 10 |
| 12. | სიონი | 13 | 1 | 4 | 8 | 8:22 | 7 |
შენიშვნები
• სფფ-ს რეგლამენტით, თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული თანმიმდევრობით: 1. მოგებათა მეტი რაოდენობა; 2. უშუალოდ ერთმანეთში შეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა, ბურთების სხვაობა); 3. ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების სხვაობა; 4. გატანილი გოლების რაოდენობა; 5. სტუმრად გატანილი გოლების რაოდენობა; 6. ფეირ ფლეის პრინციპი; 7. კენჭისყრა.
• 2 წრის შემდეგ, I-VIII ადგილზე გასული გუნდები, ურთიერთშეხვედრებში დაგროვილი ქულებით და გატანილ-გაშვებული ბურთებით, ორ წრედ იბრძოლებენ ჩემპიონის ტიტულისა და უეფას ევროპის ლიგის საგზურებისთვის. ბოლო 4 გუნდი კი, პირველი ლიგის ზონებში დაწინაურებულ ორ-ორ გუნდთან ერთად (8 გუნდი ორ წრედ ნულიდან), გაითამაშებენ უმაღლესი ლიგის ოთხ საგზურს.
ბომბარდირები
8 - ჩისკო (დინამო), ჯაბა დვალი (ზესტაფონი) (1 პენ.), დიმიტრი ტატანაშვილი (მეტალურგი) (1 პენ.);
5 - ალვარო (დინამო), ირაკლი მოდებაძე (მეტალურგი), რატი წინამძღვრიშვილი (ზესტაფონი) (1 პენ.);
4 - ელგუჯა გრიგალაშვილი (მერანი), გიორგი მანწკავა (მერანი), ნიკოლოზ გელაშვილი (ზესტაფონი) (1 პენ.);
3 - რომან ახალკაცი (დილა), შოთა გრიგალაშვილი (ზესტაფონი), რევაზ გოცირიძე (ტორპედო), ლუკა გუგუჩია (ბაია), გიორგი დათუნაიშვილი (ტორპედო), გრიგოლ დოლიძე (ტორპედო), შალვა კვანტალიანი (გაგრა), ალექსანდრე კოშკაძე (დინამო), ზვიად მეტრეველი (სპარტაკი), დავით რაჟამაშვილი (დილა), ირაკლი ქობალია (ბაია), ლევან შარიქაძე (გაგრა), დათა ციცხვაია (კოლხეთი), კოტო (დინამო) (1 პენ.), გიორგი მეგრელაძე (ტორპედო) (1 პენ.), ბესიკ ჩიმაკაძე (ვიტ ჯორჯია) (1 პენ.).
ზაზა ლეთოდიანი ქუთაისიდან









