ფეხბურთი

23:01 | 13.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

,,ტორპედო” “გურიას” ძლევით გალიდერდა

 

11-წლიანი პაუზის შემდეგ ძველისძველი მეტოქეები, “ტორპედო” და “გურია” უმაღლეს ლიგაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. შეხვედრა მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო და მე-3 წუთზე მათ ანგარიშის გახსნის შესაძლებლობაც მიეცათ. მარჯვენა ფრთიდან ჯიქიას მოწოდებულ ბურთს კაპანაძე ურტყამდა შეუჩერებლივ, მაგრამ ბობღიაშვილიც უშეცდომოდ გაისარჯა და თავისიანები ხიფათისგან იხსნა. მალე საბანაძემ გოლიც გაიტანა, თუმცა, მანამდე თანამსაჯს თამაშგარე დაეფიქსირებინა.

მე-10 წუთისთვის სტუმრებიც გამოცოცხლდნენ. გამოცდილი კოშკაძე ზედიზედ ორჯერ ურტყამდა სახიფათოდ, მაგრამ ორივეჯერ მისი მცდელობა უზუსტო გამოდგა.

ტაიმის მესამედის მიწურულს გურულები კურიოზულ გოლს გადაურჩნენ. მარჯვენა ფლანგიდან ჯიქიას გამჭოლი გადაცემის შემდეგ იობაშვილს ბურთი ფეხზე აეჭრა და კინაღამ საკუთარი კარი დალაშქრა. სტუმართა საპასუხო ჩხვლეტა ისევ კოშკაძის აქტიურობას მოჰყვა. გურულთა ნახევარმცველი მოედნის ცენტრიდან დაიძრა და საჯარიმოს წინა ხაზთან მისულმა ძლიერად გაისროლა. ბურთი ტორპედოელთა კარის ბადეს გარედან შეეხო.

ამის შემდეგ მასპინძელთა უპირატესობა გამოიკვეთა და ტაიმის დარჩენილი დრო მათი კარნახით წარიმართა. მე-20 წუთზე მარჯვენა ფრთაზე ჯიქიამ რეიდი წამოიწყო. მან გზა და გზა რამდენიმე მეტოქე ჩამოიტოვა და განივი გადაცემით საბანაძე ხელსაყრელ პოზიციაში გაიყვანა. ტორპედოელთა ფორვარდმა თანაგუნდელს ამაგი დაუფასა და საჯარიმოს რკალიდან გამიზნული დარტყმა განახორციელა. ბობღიაშვილი ამჯერადაც დიდებულად გაისარჯა. იგი ნახტომით მისწვდა ბურთს და კუთხურზე მოიგერია. თითქმის მაშინვე გოროზიას ჩაწოდებული საჯარიმოს შემდეგ კაპანაძე ურტყამდა შეუჩერებლივ, მაგრამ გურულთა კიპერს ვერც მან აჯობა. 5 წუთის  შემდეგ მოვლენების ეპიცენტრში ისევ ბობღიაშვილი აღმოჩნდა, როცა მან გოროზიას სახიფათო გასროლა უვნებელყო.

37-ე წუთზე ქუთათურებს ანგარიშის გახსნის 100%-იანი, შესაძლებლობა მიეცათ. გოროზიამ კარგი გადაცემით ჯიქია მეკარესთან პირისპირ გაიყვანა. მან ყველაფერი ზუსტად გათვალა და კარის შორეულ კუთხისკენ დაარტყა, მაგრამ ბობღიაშვილმა ამჯერადაც პატარა სასწაული მოახდინა. იგი თითებით მისწვდა ბურთს და კუთხურზე მოიგერია.

ტაიმის ბოლოს მასპინძლებმა სახიფათოდ კიდევ ერთხელ შეუტიეს. ამ მატჩში ქუთათურთა გამორჩეულმა ტრიომ ლამაზი სამსვლიანი კომბინაცია გაითამაშა. გოროზიამ დიაგონალური გადაცემით ჯიქია მარჯვენა ფრთაზე მოძებნა, რომელმაც ზუსტი პასით საბანაძე ხელსაყრელ პოზიციაზე გაიყვანა. ტორპედოელთა ფორვარდმა კომბინაცია სწორად გააგრძელა და გურულთა კარისკენ შეუჩერებელი დარტყმა განახორციელა. მასპინძელთა სამწუხაროდ ბურთი ოდნავ ასცდა მიზანს.

მეორე ტაიმი განსხვავებული სცენარით წარიმართა. შეხვედრის განახლებისთანავე სტუმრებმა სახიფათო შეტევა წამოიწყეს. ჯიშკარიანი მარცხენა ფრთაზე გაიჭრა და საჯარიმოში შეჭრილი კუკულაძისკენ მაღალი გადაცემა განახორციელა. კუკულაძე თავით მისწვდა ბურთს და მიმართულება შეუცვალა, მაგრამ მისი დარტყმული ოდნავ გადასცდა ხარიხას.

ამის შემდეგ შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით გაგრძელდა. 56-ე წუთზე ტორპედოელთა სწრაფი  იერიშის შემდეგ საბანაძე ურტყამდა საჯარიმოს კუთხიდან, მაგრამ ბობღიაშვილმა დარტყმის მიმართულება გამოიცნო და ბურთს ნახტომში დაეუფლა.

მატჩის კულმინაციური მომენტი 72-ე წუთზე დადგა. ისიანმა და შეცვლაზე შესულმა ტორონჯაძემ ორსვლიანი კომბიანცია გაითამაშეს, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი ხელსაყრელი მდგომარეობიდან ურტყამდა, თუმცა ტორპედოელთა მცველებმა სიტუაცია განმუხტეს და სწრაფი კონტრშეტევა წამოიწყეს, რომლის შეჩერება მოედნის ცენტრალურ ნაწილში იობაშვილმა უხეში თამაშის ხარჯზე მოახერხა. არბიტრმა სტუმრები დააჯარიმა და იობაშვილს ყვითელი ბარათი უჩვენა, რომლისთვისაც ეს მეორე გაფრთხილება გამოდგა და გურულთა მცველს მოედნის დატოვება მოუწია. სტუმართა კაცნაკლულობით ქუთათურებმა მომენტალურად ისარგებლეს და სანამ გურულები დაცვაში გადაწყობას მოახერხებდნენ, სწრაფი კომბინაცია გაითამაშეს, რომლის შემდეგ კუხიანიძე საგოლე კომბინაციაში აღმოჩნდა. ტორპედოელთა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს ამაგი დაუფასა და ზუსტი დარტყმით გურულთა კარის ბადე შეარხია- 1:0

83-ე წუთზე მასპინძლებს ანგარიშის ორამდე გაზრდა მართებდათ. კაპანაძემ სტუმართა მცველების უყურადღებობით ისარგებლა, მეტოქეს ბურთი მოპარა და საჯარიმო მოედანში შეიჭრა, სადაც ჯოჯუასთან ორთაბრძოლაში გაზონზე გართხმული აღმოჩნდა. მასპინძლები პენალტს ითხოვდნენ, თუმცა არბიტრმა თამაშის გაგრძელება ბრძანა, რითაც მატჩზე დამსწრე ქუთათურთა ქომაგები განარისხა. 

2 წუთის შემდეგ თავის გამოჩენის შანსი კაპანაძის ნაცვლად შეცვლაზე შესულ ფანცულაიას მიეცა, მაგრამ მეტოქის საჯარიმოში ეულად მყოფმა ბურთი ვერ დაიმორჩილა და ანგარიშის გაზრდის შესაძლებლობა გაანიავა.

შეხვედრის დარჩენილი დრო სტუმრებმა შეტევებში გაატარეს, თუმცა მათ იერიშებს ხან მასპინძელთა მცველები იგერიებდნენ, ხან კი ტორპედოელთა ახალი კაპიტანი მაქსიმე ქვილითაია იდგა მოწოდების სიმაღლეზე.

არბიტრის საფინალო სასტვენს ადგილობრივი დიქტორის ინფორმაცია დაერთო, რომელმაც გორელთა ზესტაფონში დამარცხება გვამცნო, რის შემდეგაც ,,ტორპედო” ერთპიროვნულად გალიდრდა.

მატჩის შემდეგ ,,მსოფლიო სპორტმა’’ ორივე გუნდის მწვრთნელებს კომენტარი ჩამოართვა:

ჟერარდ სარაგოსა (,,ტორპედო”): ,,პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ, მეორეში კი დაღლა დაგვეტყო. ჯიქიასა და გოროზიას შეცვლაც ამით იყო გამოწვეული. რაც მთავარია გავიმარჯვეთ, რითაც ძალიან კმაყოფილი ვარ. დიდი მადლობა ბიჭებს თავდადებისთვის.”

დავით მახარაძე (,,გურია”): ,,პირველ ტაიმში მეტოქემ გვაჯობა, მეორეში კი თამაში გავათანაბრეთ და რამდენიმე მომენტიც შევქმენით. წაგებას ნამდვილად არ ვიმსახურებდით. იობაშვილის გაძევებამ გუნდზე ცუდად იმოქმედა. დაცვაში გადაწყობა ვერ მოვასწარით, მეტოქემ კი ამით მომენტალურად ისარგებლა. ვულოცავ მათ ამ გამარჯვებას.”

 

,,ტორპედო” (ქუთაისი) - ,, გურია” (ლანჩხუთი)  1:0 (0:0)
13 სექტემბერი. ქუთაისი. ,,ცენტრალური”. 2000 მაყურებელი 

,,ტორპედო”:  ქვილითაია (კ), სანდოხაძე, ცინცაძე, საბანაძე, ჯიქია (მზევაშვილი 59), კუხიანიძე, ხიდეშელი, გოროზია (გიგაური 69), მთივლიშვილი, კაპანაძე (ფანცულაია 84),  უბილავა;

მთავარი მწვრთნელი:  ჟერარდ სარაგოსა

,,გურია ”:  ბობღიაშვილი, შალამბერიძე, იობაშვილი, ჩიკვილაძე, ჯიშკარიანი, ჯოჯუა, შენგელია (ჭეიშვილი 30), კოშკაძე, დარჩიძე (ჯოხაძე 76), კუკულაძე (კ) (ტორონჯაძე 58), ისიანი;

მთავარი მწვრთნელი:  დავით მახარაძე

გოლები: 1:0 კუხიანიძე (73);

გაფრთხილება:  დარჩიძე (37), კუხიანიძე (53), მთივლიშვილი (59), იობაშვილი (66, 72), კაპანაძე (75);

გაძევება:  იობაშვილი (72)

არბიტრი: ლაშა სილაგავა

მეგოლეები:

3 – გრიგოლ დოლიძე (“დილა”), დიმიტრი ტატანაშვილი (“ჩიხურა”), ლადო ახალაია (“სიონი”)

1.          ტორპედო                             4            3       1      0        6:3          10       
2. ჩიხურა 5 3 0 2 10:7 9
3. მერანი 5 3 0 2 7:7 9
4. ვიტ ჯორჯია 5 2 2 1 7:3 8
5. მეტალურგი 5 2 2 1 5:6 8
6. დინამო  4 2 1 1 7:4 7
7. სიონი 5 2 1 2 7:5 7
8. დილა 4 2 1 1 6:4 7
9. გურია 5 2 0 3 3:7 6
10. ზესტაფონი 5 1 1 3 5:6 4
11. ზუგდიდი 5 1 1 3 3:9 4
12. სპარტაკი 4 0 0 4 1:6 0

 

შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა

ვახტანგ დათიაშვილი ქუთაისიდან


სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108484