სხვა

16:38 | 18.05.2012 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინს წოდებაში დაწინაურება ელის

ქართველმა სეკიტორმა ლევან გორგაძემ, რომელიც სუმოს სამყაროში ტოჩინოშინის შიკონათია ცნობილი, მაისის ბაშოზე მე-8 გამარჯვება იზეიმა და დადებითი ბალანსი ანუ კაჩი-კოში გაიფორმა. შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინი ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” მიმდინარე ზაფხულის ტურნირს აღმოსავლეთის მე-8 მაეგაშირას ტიტულით შეხვდა, ივლისში კი უკეთესი წოდებით გაირჯება.
24 წლის ქართველი “მონღოლ არწივად” წოდებულ ტამავაშისთან ორთაბრძოლისას რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, თუმცა, ზედ ტავარასთან (დოჰიოს კიდე) მყოფმა მარჯვენა ხელით საპასუხო ილეთი სუკუინაგე განახორციელა. როგორც აღვნიშნეთ, 5 მარცხის წილ, ეს ლევანისთვის მე-8 გამარჯვება იყო. მართალია, მას მთავარი მისია უკვე შერულებული აქვს, თუმცა, დარჩენილ ორ ბრძოლაშიც ყურადღებით გარჯა მართებს, რათა, სატიტულო წინსვლა უფრო ხელშესახები იყოს.
ტოჩინოშინის ბოლოსწინა მეტოქე იაპონელი მე-3 მაეგაშირა ტოიოჰიბიკი იქნება, რომელსაც უკვე 8 შეხვედრა აქვს წაგებული, ქართველი კი მას ურთიერთშეხვედრებში 5:4-ს ამარცხებს. ისიც ვთქვათ, რომ გორგაძე უმაღლეს მაკუუჩი დივიზიონის ლიდერებს – ოძეკი კისენოსატოსა და რიგით მაეგაშირებს – ტოჩიოძანსა და კიკუტენჰოს ორი გამარჯვებითღა ჩამორჩება. ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც კისენოსატომ მონღოლ იოკოძუნა ჰაკუჰოსთან უშანსოდ წააგო და “იმპერატორის თასის” მოგების ყველაზე რეალურ კანდიდატად ნამდვილად აღარ ითვლება.
წოდებაში დაქვეითება არ ასცდება მაკუუჩის ყველაზე მძიმე (200 კგ.) სეკიტორ თეიმურაზ ჯუღელს, რომელიც ნაცუ ბაშოზე დასავლეთის მე-2 მაეგაშირას ტიტულით ირჯება. ქართველ გილიათს არცთუ კარგ ფორმაში მყოფმა კომუსუბი ჰომაშომ იორიკირით აჯობა. გაგამარუს 9 მარცხის ფონზე მხოლოდ 4 გამარჯვება გააჩნია, შემდეგ ბრძოლა კი პირველ მაეგაშირა ტაკაიასუსთან ელის, რომელსაც აქამდე არასდროს შეხვედრია.
საოცარი მებრძოლი სული გამოავლინა ქართული სუმოს პიონერმა ლევან ცაგურიამ, რომელიც ტრავმით გამოწვეული ორდღიანი უქმობის შემდეგ, დოჰიოზე დაბრუნება გადაწყვიტა და მე-7 გამარჯვებაც გაიფორმა. რანგით მე-2 ძურიოს დივიზიონში მე-11 განთესვით მოასპარეზე კოკაი მარცხენა ბარძაყის უკანა კუნთის დაჭიმულობით გამოწვეულ ტკივილს არ შეუშინდა და მე-6 ნომერი ტოსაიუტაკა ერთი ამოსუნთქვით, ოშიდაშით უკუაგდო. ცაგურიას მომდევნო ბრძოლაში მოწინააღმდეგედ მე-14 ნომერი ჰოკუტოკუნი ეყოლება, რომელსაც კაჩი-კოში უკვე გაფორმებული აქვს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.09278