ფუკუოკას “კოკუსაი სენთერში” გამართული ნოემბრის ბაშო ქართველი სუმოისტებისთვის ჩინებულად დასრულდა. ლევან გორგაძემ 15 ბრძოლაში 12 გამარჯვება მოიპოვა, მხოლოდ გამარჯვებულ ჰაკუჰოს ჩამორჩა და პრესტიჟული ჯილდოს მფლობელიც გახდა, ლევან ცაგურია და თეიმურაზ ჯუღელი კი წოდებაში დაქვეითებას საოცარი ბრძოლისუნარიანობის ხარჯზე გადაურჩნენ.
იაპონიის კუნძულ კიუსიუზე მე-8 მაეგაშირას წოდებით მოასპარეზე გორგაძე იგივე ტოჩინოშინი ტურნირის ფავირიტად ნამდვილად არ მიიჩნეოდა, თუმცა, საოცარი სერიები “გამოაცხო” და დასკვნით დღეებამდე “იმპერატორის თასის” მოპოვების შანსს ინარჩუნებდა.
ბაშოს ბოლო ტურში ქართველი გოლიათი (სიმაღლე 191 კგ. წონა 158 კგ.) იაპონელ ჰოკუტორიკისთან დამარცხდა. ტოჩინოშინიმ მეტოქის მავაშით დაჭერა ვერ მოახერხა და მას ჰიკიოტოშის განხორციელება დაანება. სათქმელია ისიც, რომ მასპინძელ სეკიტორს კაჩიკოშისთვის (დადებითი ბალანსი) უცილობელი გამარჯვება სჭირდებოდა და ალბათ, მოტივაციაც მეტ ჰქონდა.
ამგვარად, 22 წლის ლევან გორგაძეს 12 მოგება და 3 მარცხი მოუგროვდა და კოკაის მიერ 2008 წლის მარტის ბაშოზე დამყარებული რეკორდი გაიმეორა. ამ შედეგით, ტოჩინოშინი მხოლოდ “იმპერატორის ტასის” მეთორმეტედ ამწევ იოკოძუნა ჰაკუჰოს (მან 15-ვე შერკინება მოიგო და ძენსიო გაიფორმა) ჩამორჩა, რაც შეუმჩნეველი არც პროფესიული სუმოს ”მამებს” დარჩენიათ.
აღნიშნული წარმატებისთვის, მიაბიამასთან ერთად. ტოჩინოშინის მებრძოლის სულის გამოვლინებისთის დაწესებული პრიზი ერგო, რაც ქართველი სუმოისტის კარიერაში პირველად მოხდა. აქვე მოგახსენებთ, რომ ტექნიკური ასპარეზობისთვის ტოიონოშიმა დაჯილდოვდა, სანახაობრივი გარჯისთვის არსებული პრიზის ღირსად კი ვერავინ სცნეს.
ცხადია, რომ მომავალ ბანძუკეში (რეიტინგი), რომელიც 21 დეკემბერს გამოქვეყნდება, ლევან გორგაძეს სერიოზული წინსვლა ელის. წინასწარი გათვლებით, ტოჩინოშინი პირველი ან მეორე მაეგაშირა გახდება, კომუსუბის ტიტულის მოპოვების შანსი კი ძალიან მცირეა.
ტიტული მოემატება ფუკუოკაში მე-10 მაეგაშირას წოდებით გარჯილ ლევან ცაგურიასაც, თუმცა, ცხადია, რომ მისი წინსვლა მინიმალური იქნება. ესეც არ იქნებოდა, “შავ ზღვას” ურთულესი გამოცდისთვის ზედიზედ მეორედ რომ არ გაეძლო.
შეგახსენებთ, რომ სექტემბრის ბაშოზე კოკაიმ დადებითი ბალანსის დაფიქსირება დასკვნითი ოთხი ბრძოლის მოგებით მოახერხა და ახლა, ფუკუოკაშიც იგივე გაიმეორა. ნოემბრის ტურნირის ბოლო დღეს ცაგურიამ ტამანოშიმას შეტევა მოიგერია, 32 წლის ექს-სეკივაკეს მარცხენა მხრიდან შეუტია და ცუკიოტოშის წყალობით, 7 მარცხის ფონზე მე-8 გამარჯვება იზეიმა.
ასეთივე ბალანსით დაასრულა ასპარეზობა თეიმურაზ ჯუღელმაც, რომელიც სეკიტორის რანგში პირველად ასპარეზობდა და უარყოფითი ბალანსის (მაკეკოში) შემთხვევაში, ძურიოდან მაკუშიტაში დაქვეითება არ ასცდებოდა. გაგამარუს შიკონათი ცნობილი ქართველის მისიას ისიც ართულებდა, რომ ბოლო დღეს იგი ძურიოს ჩემპიონობისთვის მებრძოლ კიტატაიკის ხვდებოდა.
საბოლოოდ, ჩემპიონის ტიტული სწორედ ამ უკანასკნელმა მოიპოვა, თუმცა, ნაწყენი არც ქართველი დარჩენილა. მე-14 ნომრად განთესილმა ჯუღელმა ფავორიტად მიჩნეული მეტოქე (მე-5) მავაშით დაიჭირა და იორიტაოშით სძლია.
შედეგად, კიტატაიკის ტოკუსეგავასა და კორუიუს დარად 10 მოგება და 5 მარცხი მოუგროვდა, თუმცა, დამატებით ტურნირში (ტომოე-სანი) ორივე მათგანს აჯობა და 2 მილიონი იენი (დაახლოებით 20 ათასი დოლარი) მიიღო.
2010 წლის პირველი სუპერტურნირი 10-24 იანვარს ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” შედგება.
დათო მანჯავიძე









