ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იგივე ტიჩინოშინმა, რომელმაც მარტის ბაშო მინიმალური უარყოფითი ბალანსით (7 მოგება, 8 მარცხი) დაასრულა, განახლებულ ბანძუკეში (რეიტინგი) მცირე უკუსვლა განიცადა და დასავლეთის მე-2 მაეგაშირა გახდა.
შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინი ჰარუ ბაშოზე დასავლეთის პირველი მაეგაშირას წოდებით ასპარეზობდა და მართალია, კაჩი-კოშს (დადებითი ბალანსი) ვერ უწია, მაისის ტურნირზეც იმ სეკიტორთა შორის იქნება, რომლებიც სანიაკუში (სიმბოლური კატეგორია, რომელიც იოკოძუნას, ოძეკის, სეკივაკეს და კომუსუბის ტიტულებს აერთიანებს) მოსახვედრად იბრძოლებენ.
აღმოსავლეთის მე-6 მაეგაშირას ტიტული დასავლეთის მე-11 მაეგაშირას წოდებაზე გაცვალა ელიტარული მაკუუჩი დივიზიონის ყველაზე მძიმე წევრმა (212 კგ.) თეიმურაზ ჯუღელმა. ეს გასაკვირიც არ ყოფილა, რადგანაც გაგამარუმ საგაზაფხულო ბაშოზე 15-დან მხოლოდ 5 შერკინებაში იმარჯვა.
ბანძუკეს უმაღლეს საფეხურზე დაბრუნდა ოსაკას ტურნირის ტრაიუმფატორი ჰაკუჰო. მონღოლმა იოკოძუნამ თანემამამულე ჰარუმაფუჯის აღმოსავლეთის პირველი საფეხური ჩამოართვა და “მზიური ცხენი” დასავლეთის იოკოძუნას წოდებამდე დააქვეითა.
ოძეკების წოდებას ინარჩუნებენ კისენოსატო, კაკურიუ, კოტოშოგიკუ და კოტოოშუ. ოღონდ, ბულგარელი გოლიათი კადობანში გახლავთ ჩაყენებული. თუკი 30 წლის კალოიან მახლანოვმა მომავალ ბაშოზე მინიმუმ 8 ბრძოლა ვერ მოიგო, მეორე იერარქიულ საფეხურს გამოეთხოვება.
აღმოსავლეთის სეკივაკედ რჩება გოეიდო, ბარუტო დასავლეთის სკეივაკეა, ხოლო ტოჩიოძანი – აღმოსავლეთის კომუსუბი. სანიაკუში პირველად აღზევდა ოკინოუმი. ჰაკაკუს სკოლის 27 წლის აღზრდილი დასავლეთის კომუსუბი გახდა.
მაკუუჩი დივიზიონში დებიუტი ექნებათ ჰაკუჰოს და ჰარუმაფუჯის თანაკლუბელებს – დაიკიჰოს და ჰომარეფუჯის, აგრეთვე, 20 წლის ჩიოტორის და აძუმარიუს. ელიტას უბრუნდება კიოკუსჰო, ხოლო ექს-კომუსუბი ჰომაშო, რომელსაც ბოლო ორი ბაშო მხარზე გაკეთებული ოპერაციის გამო გაუცდა, რანგით მე-2 ძურიოს დივიზიონში რჩება.
შეგახსენებთ, რომ საზაფხულო ტურნირი 12-26 მაისს სუმოს მექად წოდებულ ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” შედგება.
| აღმოსავლეთი | დასავლეთი | |
| ჰაკუჰო | იოკოძუნა | ჰარუმაფუჯი |
| კისენოსატო | ოძეკი | კაკურიუ |
| კოტოშოგიკუ | ოძეკი | კოტოოშუ |
| გოეიდო | სეკივაკე | ბარუტო |
| ტოჩიოძანი | კომუსუბი | ოკინოუმი |
| მიოგირიუ | #1 | ამინიშიკი |
| კიტატაიკი | #2 | ტოჩინოშინი |
| ტაკარაფუჯი | #3 | არანი |
| აოიამა | #4 | ტოიონოშიმა |
| შოჰოძანი | #5 | ტაკაიასუ |
| იოშიკაძე | #6 | ტაკეკაძე |
| ფუჯიაძუმა | #7 | ჯოკორიუ |
| ტოკიტენკუ | #8 | სადანოფუჯი |
| კიოკუტენჰო | #9 | იკოი |
| ჩიოტაირიუ | #10 | ტოიოჰიბიკი |
| შოტენრო | #11 | გაგამარუ |
| ვაკანოსატო | #12 | კიოკუშუჰო |
| დაიდო | #13 | მასუნოიამა |
| კაისეი | #14 | ჩიიოოტორი |
| ჩიონოკუნი | #15 | ჰომარეფუჯი |
| აძუმარიუ | #16 | დაიკიჰო |







