ფეხბურთში წარმატების მისაღწევად მხოლოდ კარგი ფეხბურთელები და მწვრთნელი საკმარისი არაა. ამ მწვრთნელს კვალიფიციური დამხმარეები სჭირდება. გუნდის მესაჭის ასისტენტი რომ წარმატებების მიღწევაში არცთუ მცირე როლს თამაშობს, ამაში “ბარსელონას” გულშემატკივრები ფრანკ რაიკაარდის დროს დარწმუნდნენ, როდესაც 3 წარმატებული სეზონის შემდეგ, კლუბი ჰოლანდიელის თანაშემწემ, ჰენკ თენ კეიტმა დატოვა და კატალონიელთა დაღმასვლაც დაიწყო. 2008 წელს “ბარსას” მწვრთნელის სავარძელი პეპ გვარდიოლამ დაიკავა, რომელმაც თანაშემწედ ტიტო ვილანოვა მიიწვია. კატალონიელთა მიერ მიღწეული შედეგების გათვალისწინებით, ვილანოვა მასზე დაკისრებულ მოვალეობას თავს ცუდად ნამდვილად არ უნდა ართმევდეს. “ბარსას” სამწვრთნელო შტაბში მეორე პირმა, ცოტა ხნის წინათ, კლუბის ოფიციალურ საიტს და “BarcaTV”-ს საკმაოდ საინტერესო ინტერვიუ მისცა.
- როგორც ამბობენ სიმაღლის დაკავება უფრო ადვილია, ვიდრე მისი შენარჩუნება. თქვენ რა რეცეპტი გაქვთ დაპყრობილი მწვერვალების შესანარჩუნებლად?
- საჭიროა კვლავ იმავე ტემპში განვაგრძოთ მუშაობა. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ კლუბმა თავისი ფილოსოფია შეინარჩუნოს. ჩვენ უნდა განვაგრძოთ ნაბიჯ-ნაბიჯ სიარული და ასე მივაღწევთ დასახულ მიზნებს. ჩვენი მიზანი კი არის ყველა ტურნირზე რაც შეიძლება შორს წასვლა.
- წინ რამდენიმე ძალზე რთული მატჩი გელით. მზადყოფნაში ხვდებით ამ გამოწვევას?
- თუ გსურს მონაწილეობა მიიღო ყველა ტურნირში და წარმატებებსაც მიაღწიო, მაშინ უნდა გაითავისო, რომ წინ არაერთი დაბრკოლება და მძიმე წუთები გელის. ჩემპიონთა ლიგაზე ძალზე რთულ ჯგუფში მოვხვდით და შემდეგ ეტაპზე გასვლის საკითხი ბოლო ტურამდე არ უნდა გადაგვედო, რადგან მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის წინ ფეხბურთელებს დასვენება სჭირდებათ.
- შევეხოთ ჩემპიონთა ლიგას: ჯგუფური ეტაპის კენჭისყრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ აუცილებელი იყო თავმდაბლობის გამოჩენა და სუსტი მეტოქეების დაფასება, რაც დღევანდელ ფეხბურთში ძალზე მნიშვნელოვანია. საბოლოოდ კი გამოვიდა ისე, რომ თქვენი ჯგუფი საკმაოდ რთული გამოდგა...
- თუ თვალს გადავავლებთ სხვა ჯგუფებს, ვნახავთ, რომ ყველა მათგანში არის ერთი ფავორიტი, ერთი კლუბი საშუალო შესაძლებლობებით და დანარჩენი აუტსაიდერი. ჩვენს ჯგუფში კი სუსტი გუნდები არ ასპარეზობენ. მეოთხე კალათში განთესილმა გუნდმა ჩვენ 5 ქულა დაგვაკარგვინა. “რუბინი” რომ სუსტი მეტოქე ყოფილიყო “ბარსელონა” მასთან 6 ქულას აიღებდა და ვადაზე ადრე გადაწყვეტდა 1/8 ფინალის საგზურის მოპოვების საკითხს.
- ზოგიერთის აზრით, “ბარსელონას” მოკლე სათადარიგოთა სკამი აქვს. როგორ გადაიტანს კლუბი აფრიკის თასის პერიოდს, როდესაც მას იაია ტურე და სეიდუ კეიტა გამოაკლდებიან?
- ამ კითხვაზე ჯერჯერობით პასუხს ვერ გაგცემთ, რადგან არ ვიცით რა მდგომარეობაში შეხვდება სეზონის იმ მონაკვეთს გუნდი. შესაძლოა დაგვჭირდეს “ბარსა ატლეტიკის” ფეხბურთელთა დახმარება, მაგრამ ერთი რამ უკვე ცხადია – ტურე და კეიტა ძალიან დაგვაკლდებიან, რადგან ორივე მათგანი უმაღლესი კლასის ფეხბურთელია. ორივე აფრიკელი ფეხბურთელი ძალზე კარგ ფიზიკურ მონაცემებს ფლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ რამოდენიმე მატჩის ზედიზედ ჩატარება შეუძლიათ მაღალ დონეზე.
- ეთანხმებით მოსაზრებას, რომ “რეალი” კრიზისშია?
- არ მესმის, როგორ შეიძლება გუნდი იყოს კრიზისში, როდესაც მას არსებობის ისტორიაში ესპანეთის ჩემპიონატში ერთ-ერთი საუკეთესო სტარტი აქვს. ამგვარი საუბრები იმიტომაა, რომ გუნდს აფასებენ მის მიერ ბოლოს ნაჩვენები შედეგით და ეს ყოველთვის ასე ხდება.
- სულ მალე შედგება “კლასიკო”. ხომ არ გეჩვენებათ, რომ “კამპ ნოუზე” მოგებული გუნდი არა მხოლოდ სამ ქულას, არამედ ფსიქოლოგიურ უპირატესობასაც მოიპოვებს?
- “ბარსას” და “რეალის” მონაწილეობით, როგორც ბარსელონაში, ასევე მადრიდში გამართული დაპირისპირებები გავლენას ახდენს საჩემპიონო რბოლის მიმდინარეობაზე, მაგრამ ასევე ძალზე მნიშვნელოვანია, თუ რა შედეგი აჩვენე “კლასიკომდე” ერთი კვირით ადრე. დიდი მნიშვნელობა ექნება, თუ რა მდგომარეობაში შეხვდებიან “ბარსა” და “რეალი” ერთმანეთთან მატჩს, რომელი მათგანი იქნება ლიდერი და რამდენი ქულით იქნება წინ. ასე რომ, ბილბაოში “ატლეტიკთან” გასამართ მატჩს დიდი მნიშვნელობა აქვს.
- გასულ სეზონში “ბარსელონამ” ყველა შესაძლო ტიტულის მოგება მოახერხა და ამ წარმატებას დიდწილად საკუთარი სკოლის აღზრილი ფეხბურთელების წყალობით მიაღწია. უნდა იქცეს თუ არა ეს ფაქტი მაგალითად იმ კლუბებისთვის, რომლებიც შემადგენლობის დაკომპლექტებაში დიდ თანხებს ხარჯავენ?
- ამ საკითხთან დაკავშირებით ყველა კლუბს საკუთარი პოლიტიკა აქვს, მაგრამ ვთვლი, რომ ჩვენ ჩვენი გუნდით უნდა ვიამაყოთ. არასდროს დავივიწყებთ, თუ რამდენს მივაღწიეთ კანტერანოებზე აგებულ გუნდთან ერთად. ჩემპიონთა ლიგის ფინალში შვიდი თუ რვა ჩვენი სკოლის აღზრდილი ვათამაშეთ, რაც უნიკალური შემთხვევაა. ალბათ არიან გუნდები, რომლებსაც ძალუძთ სეზონში სამი ტიტულის მოგება, მაგრამ ეჭვი მეპარება მათ ამას მათივე აღზრდილი ფეხბურთელების წყალობით მიაღწიონ.
- “ბარსელონაში” თამაში კლუბის აღზრდილებს უფრო უადვილდებათ?
- რა თქმა უნდა კანტერანოებს უფრო კარგად ესმით “ბარსელონას” ფილოსოფია, რადგან ისინი ბავშვობიდანვე ჩვენთან იზრდებიან და კლუბს უკეთ იცნობენ. თითოეული მათგანი ერთმანეთისგან განსხვავდება, მაგრამ მათ ერთი იდეა აერთიანებთ. ისინი უკვე მიეჩვივნენ, რომ გამუდმებით წნეხის ქვეშ არიან, რადგან ჩვენ არამხოლოდ ხარისხიან თამაშს, არამედ შედეგსაც ვითხოვთ. ძალზე ცოტა შემთხვევა ყოფილა ისეთი, რომ ფეხბურთელს გაევლოს ასაკობრივი გუნდები, მიეღწიოს პირველ გუნდამდე და იქ თავი ცუდად წარმოეჩინოს.
- ტიტო ვილანოვა იყო ფეხბურთელი, მწვრთნელი და სპორტული დირექტორი. რა უფრო ადვილია, იყო ვინმეს დაქვემდებარებაში, თუ შენ გექვემდებარებოდეს სხვა?
- ფეხბურთელობა გაცილებით იოლია. ამ დროს შენ აკეთებ იმას, რისი კეთებაც მოგწონს. შენი მოვალეობაა მხოლოდ ორი საათით ვარჯიში და მეტი არაფერი. მწვრთნელი კი ფეხბურთზე არამხოლოდ თამაშის და ვარჯიშის დროს, არამედ მთელი დღის განმავლობაში ფიქრობს. იგი ვალდებულია იმუშაოს ძალზე ბევრ საკითხზე. მაგრამ კიდევ უფრო რთულია იყო სპორტული დირექტორი. ამ დროს ურთიერთობა გაქვს როგორც დირექტორებთან, ასევე ფეხბურთელებთან და მწვრთნელებთან და ეს გამუდმებით ხდება. ამ თანამდებობაზე მომუშავე ადამიანი როგორც წესი დაუფასებელია ხოლმე. სპორტული დირექტორი ყურადღებას მხოლოდ მაშინ მიიქცევს, თუ რამე შეცდომას დაუშვებს.
- როგორია თქვენი ცხოვრება კლუბს გარეთ?
- იმდენი დრო არასდროს მაქვს, რამდენიც მსურს. სამუშაოს მიაქვს ის დრო, რომელიც შეიძლებოდა ოჯახთან ერთად გამეტარებინა. მაგრამ ვისწავლე არსებული თავისუფალი დროისგან მაქსიმალური შედეგის მიღება.
მოამზადა მიშა ზაქარეიშვილმა







