ფეხბურთი

10:15 | 31.03.2010 | ნანახია [] - ჯერ

ტიერი ანრი - სტუმრად საკუთარ სახლში

გუშინდელი შეხვედრების მსგავსად, დღეს ჩემპიონთა ლიგაზე გასამართი ორივე მატჩი, რა თქმა უნდა, დიდ ინტერესს იწვევს, მაგრამ იტალიელების და რუსების დაპირისპირება, ინგლისურ-ესპანურ ჯახს ალბათ ვერ შეედრება.

არსენალი-ბარსელონა
ლონდონური და კატალონიური კლუბის დაპირისპირება არაერთი მიზეზის გამო იწვევს განსაკუთრებულ ინტერესს. დავიწყოთ იმით, რომ გუნდების სათამაშო სტილის გათვალისწინებით, გულშემატკივრებს ძალზე სანახაობრივი მატჩის ხილვის იმედი უნდა ჰქონდეთ. გარდა ამისა, 1/4-ფინალური მატჩები “არსენალისთვის” არის შანსი, შური იძიოს 2006 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში მარცხისთვის. მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ ერთ-ერთი, ვისაც იმ მატჩის შემდეგ სარევანშოდ ჰქონდა საქმე, დღეს სწორედ “ბარსელონას” რიგებში ირიცხება. საუბარი, რა თქმა უნდა, გვაქვს ტიერი ანრიზე, რომელიც მატჩს დამატებით და ალბათ ყველაზე მეტ ინტრიგას სძენს. ფრანგი ფორვარდი ლონდონურ კლუბში 8 წლის განმავლობაში, 1999-2007 წლებში წარმატებით ასპარეზობდა. მართალია “არსენალის” ამჟამინდელი არენა, “ემირეითს სთედიუმი” ანრისთვის მშობლიური არაა (მან ამ სტადიონზე მხოლოდ ერთი წელი ითამაშა), მაგრამ თავად კლუბს ანრიზე მეტად დღევანდელი “არსენალიდან” ალბათ მხოლოდ არსენ ვენგერი იცნობს. მიუხედავად იმისა, რომ ანრი ლონდონში გადაბარგებამდე “მონაკოსა” და “იუვენტუსში” თამაშობდა, “არსენალს” მაინც თამამად შეგვიძლია მისი მშობლიური კლუბი ვუწოდოთ. შეიძლება ითქვას, რომ ანრი საკუთარ სახლში სტუმრის სტატუსით ბრუნდება.
ტიერი ანრი “არსენალის” ისტორიაში, ინგლისი ჩემპიონატში გატანილი გოლების მხრივ საუკეთესოა. 254 საპრემიერლიგო მატჩში მას 174 გოლი აქვს გატანილი. სულ კი, 8 წლის მანძილზე ლონდონელთა მაისური ანრიმ 369 მატჩში მოირგო და 226 გოლი გაიტანა. გოლების მაჩვენებელი მინიმუმ ერთით მეტი იქნებოდა, 2006 წელს, პარიზის ფინალში მისთვის ამჟამინდელ თანაგუნდელს, ვიქტორ ვალდესს რომ არ ეჯობნა.
კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელიც დაპირისპირებას ინტერესს მატებს, სესკ ფაბრეგასია. ლონდონელთა კაპიტანი სწორედ “ბარსელონას” სკოლის აღზრდილია. მან კატალონიური კლუბი, 16 წლის ასაკში, “არსენალზე” გაცვალა. მართალია, ფაბრეგასი გამუდმებით იმეორებს, რომ ამჟამად მისი ფიქრი მხოლოდ “არსენალში” თამაშს უკავშირდება, მაგრამ არ წყდება საუბარი მისი მშობლიურ კლუბში დაბრუნების შესახებ. ძველი მეგობრების გარდა (ფაბრეგასი “ბარსას” ახალგაზრდულ გუნდში მესისთან და პიკესთან ერთად თამაშობდა), სესკი დღეს შეხვდება თავისი ბავშვობის მწვრთნელს. ლონდონში გადაბარგებამდე ფაბრეგასს, გვარდიოლას ამჟამინდელი თანაშემწე, ტიტო ვილანოვა წვრთნიდა.
გუნდების ურთიერშეხვედრების ისტორია სათავეს 1999-2000 წლებიდან იღებს. ჩემპიონთა ლიგის პირველ ჯგუფურ ეტაპზე, ბარსელონაში გამართული მატჩი 1:1 დასრულდა. მე-16 წუთზე მასპინძლები ლუის ენრიკემ დააწინაურა, მატჩის მიწურულს, 89-ე წუთზე, ქულების გამყოფი გოლი ნვანკო კანუმ გაიტანა. კატალონიელთათვის წარმატებული გამოდგა “არსენალთან” ლონდონში აქამდე ერთადერთი სტუმრობა. “ბარსა” მე-14 და მე-15 წუთებზე რივალდოს და ლუის ენრიკეს გატანილი გოლებით 2:0 დაწინაურდა. 43-ეზე ბერგკამპმა ერთი გაქვითა, მაგრამ 55-ე წუთზე ფიგუმ სტუმართა ორბურთიანი უპირატესობა აღადგინა. 69-ე წუთზე კოკუმაც გაიტანა და მატჩს ინტრიგა დაუკარგა. წერტილი კი შეხვედრაში, ჯერ კიდევ “არსენალში” მოთამაშე ოვერმარსმა დასვა 84-ე წუთზე – 2:4.
ცალკე აღნიშვნის ღირსია გუნდების ბოლო შეხვედრა. 2006 წელს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში, რაიკაარდის და რონალდინიოს “ბარსელონა”, ვენგერის და ანრის “არსენალს” დაუპირისპირდა. მატჩის მე-18 წუთზე მოედნიდან ლონდონელთა მეკარე, იენს ლემანი გააძევეს, მაგრამ 10 კაცით მოთამაშე “არსენალმა” 37-ე წუთზე ანგარიში მაინც გახსნა. გოლი სოლ კემპბელმა გაიტანა. კატალონიელებმა 76-ე წუთზე გაათანაბრეს ეტო’ოს ზუსტი დარტყმის წყალობით. მე-80 წუთზე კი, ამჟამად ლონდონში მოთამაშე ბელეტიმ, თავის “ბარსელონურ” კარიერაში ერთადერთი გოლი გაიტანა და გუნდს ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა. იმ მატჩში კატალონიელთა რიგებში ითამაშეს ვალდესმა, მარკესმა, პუიოლმა და ინიესტამ. ხავი სათადარიგო იყო. ლონდონელთა შემადგენლობაში ითამაშეს ებუემ, კემპბელმა, ფაბრეგასმა, ალმუნიამ და რა თქმა უნდა, ანრიმ.
“არსენალს” ესპანურ კლუბებთან სულ 25 მატჩი აქვს გამართული, საიდანაც 9 მოიგო, 6 ფრედ ითამაშა და 10 დათმო. ბურთების შეფარდება 32:28. საკუთარ კედლებში ლონდონელებმა 11 შეხვედრიდან 7-ში იმარჯვეს, 2 ფრედ ითამაშეს და ამდენივე დათმეს.
“ბარსას” ინგლისურ კლუბებთან გამართულ 53 თამაშში 21 მოგება, 17 ფრე და 15 მარცხი დაუგროვდა. ბურთების შეფარდება 83:63. ინგლისში კატალონიელებმა 24-ჯერ ითამაშეს, აქედან 6-ჯერ მოიგეს, 7-ჯერ ფრედ ითამაშეს და 11-ჯერ წააგეს.
გვარდიოლას გუნდს კარგად ახსოვს ლონდონში ბოლო სტუმრობა. “ბარსამ” “სტემფორდ ბრიჯზე”, ინიესტას გოლის წყალობით ითამაშა ფრე, რომელმაც მას ფინალისკენ და კიდევ ერთი ინგლისური კლუბისკენ გაუხსნა გზა. ფინალურ მატჩში კატალონიელებმა “მანჩესტერიც” დაამარცხეს და დღეს გათამაშების გამარჯვებულები არიან.
ევროტურნირების ფლეი-ოფში “არსენალი” ესპანურ კლუბებს 6-ჯერ შეხვდა, რომლებშიც 5-ჯერ იმარჯვა და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა.
“ბარსას” ამ მხრივ უარყოფითი ბალანსი აქვს. ინგლისურ კლუბებთან გამართულ 17 ფლეი-ოფში კატალონიელები 9-ჯერ დამარცხდნენ.
მიმდინარე სეზონში “არსენალი” საკუთარ კედლებში ძალზე კარგად თამაშობს. ლონდონელებმა “ემირეითს სთედიუმზე” გამართული ოთხივე მატჩი მოიგეს. მართალია, “ბარსელონა” მიმდინარე გათამაშებაში გასვლაზე არცთუ დამაჯერებლად გამოიყურება (4 თამაშში 1 მოგება და 3 ფრე), მაგრამ კატალონიელები ლიგის ფინალურ ეტაპზე სტუმრად ბოლოს 2 წლის წინ, “მანჩესტერთან” დამარცხდნენ. მას შემდეგ, რაც გუნდს სათავეში პეპ გვარდიოლა ჩაუდგა, “ბარსამ” ზედიზედ 10 გასვლითი მატჩი ჩაატარა წაუგებლად.
გვარდიოლა და ვენგერი ერთმანეთს აქამდეც შეხვედრიან, მაგრამ კატალონიელთა ამჟამინდელი მწვრთნელი მაშინ ფეხბურთელი იყო. 1993-94 წლების სეზონში, ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, გვარდიოლას “ბარსელონამ” ვენგერის მიერ გაწვრთნილი “მონაკო” შინ 2:0 და გასვლაზე 1:0 დაამარცხა.
1992 წელს, ლონდონში, ლეგენდარულ “უემბლიზე” გამართულ ფინალში, რომელშიც “ბარსამ” “სამპდორია” დაამარცხა და ისტორიაში პირველად მოიპოვა ჩემპიონთა თასი, კატალონიელთა რიგებში გვარდიოლა ძირითად შემადგენლობაში თამაშობდა.
თუ დღევანდელმა მატჩმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა, “არსენალს” ევროტურნირებზე ნათამაშები 50 ფრე დაუგროვდება. კატალონიელები კი იმავე შედეგს ჩემპიონთა თასზე მიაღწევენ.
თავიდანვე ცხადია, რომ ორივე გუნდის მიზანი იქნება მოედნის ცენტრის დაუფლება. ბურთის კონტროლის მხრივ კატალონიელებს მიმდინარე გათამაშებაში საუკეთესო მაჩვენებელი აქვთ. “ბარსა” მატჩში საშუალოდ 47 წუთი ფლობს ბურთს, რაც სათამაშო დროის 67.13% უდრის. არცერთი სხვა გუნდის შედეგი 60 პროცენტსაც კი არ აღწევს. ამ მხრივ მე-3 ადგილეა “არსენალი”, რომელიც მატჩში ბურთს საშუალოდ 55.75% (34 წუთი) აკონტროლებს.
ლიგას შემორჩენილ გუნდთაგან ყველაზე მეტი, 18 გოლი “არსენალის” ფეხბურთელებს აქვთ გატანილი. იდენტურია ლონდონელთა მიერ ტაიმებზე გადანაწილებული გოლები. შესვენებამდე და შესვენების შემდეგ ვენგერის შეგირდებს 9-9 გოლი აქვთ გატანილი. ორივე ტაიმის პირველ 15 წუთში “არსენალმა” თითო გოლი გაიტანა, 15-30 წუთებს შორის 3-4, 31-45 წუთებს შორის 4-4 და ტაიმის დამატებულ წუთებზე თითო გოლი.
ტაიმებს შორის გოლები თანაბრად აქვს გადანაწილებული “ბარსელონასაც”, რომელმაც სულ 12-ჯერ იხეირა. ამ მხრივ განსაკუთრებით აქტიური პერიოდი კატალონიელებს არ აქვთ.
პრემიერლიგაში არსებული 6 მატჩიანი მოგებათა სერია “არსენალმა” გასულ ტურში ნათამაშები ფრით შეწყვიტა. ლონდონელები ამჯერად მე-3 ადგილზე არიან და ლიდერს 4 ქულით ჩამორჩებიან.
“ბარსა, რომელსაც ესპანეთში ბოლო 4 მატჩი აქვს მოგებული, გათამაშებას “რეალთან” ერთად ლიდერობს.
ტრავმების გამო მასპინძლებს ჯორუ, ვან პერსი, გიბსი, გალასი და რემსი, ხოლო სტუმრებს ინიესტა დააკლდებათ. არსებობს იმის შანსი, რომ მატჩი ტრავმის გამო გმოტოვოს ფაბრეგასმა. თუ მართლაც ასე მ,ოხდა, ეს არა მხოლოდ “არსენალისთვის”, არამედ მთელი მატჩისთვის დიდი დანაკლისი იქნება.
მატჩს შვეიცარიელი მასიმო ბუზაკა განსჯის. “არსენალის” მატჩში მან აქამდე ერთხელ იმსაჯა. მიმდინარე გათამაშებაში, ჯგუფური ეტაპის წინ გამართულ ფლეი-ოფში, ლონდონელებმა “სელტიკი” შოტლანდიაში” 2:0 დაამარცხეს. კიდევ უფრო წარმატებულია შვეიცარიელი არბიტრი “ბარსელონასთვის”. 2004 წელს, უეფას თასის მე-3 ეტაპზე “ბარსამ” “ბრონდბიუ” შინ 2:1 დაამარცხა. 2006 წელს, ლიგის ჯგუფურ ეტაპზე კატალონიელებმა ასევე შინ “ვერდერს” 2:0 სძლიეს. მომდევნო სეზონის ჯგუფურ ეტაპზე “ბარსამ” “ლიონი” გაანადგურა “კამპ ნოუზე” 3:0. კიდევ 1 წლის შემდეგ, ლიგის 1/2 ფინალში, კატალონიელები “მანჩესტერს” შინ უგოლოდ დაუზავდნენ. გასული სეზონის ბოლოს, გვარდიოლას გუნდის და “მანჩესტერის” შეხვედრა ბუზაკამ კიდევ ერთხელ იმსაჯა. ლიგის ფინალში “ბარსამ” 2:0 მოიგო. “ბარსას” ბოლო მატჩში შვეიცარიელმა არბიტრმა მიმდინარე სეზონში განსაჯა, როდესაც კატალონიელებმა “ინტერი” შინ 2:0 დაამარცხეს.
სავარაუდო შემადგენლობები
არსენალი:
ალმუნია, სანია, ვერმაელენი, კემპბელი, კლიში, სონგი, ფაბრეგასი, დიაბი, ნასრი, ბენდტნერი, არშავინი
ბარსელონა: ვალდესი, ალვეში, პუიოლი, მილიტო, მაქსველი, ბუსკეტსი, ხავი, კეიტა, მესი, იბრაჰიმოვიჩი, ანრი

ინტერი-ცსკა
“არსენალის” და “ბარსელონას” მატჩის ფონზე ეს დაპირისპირება თითქოს ნაკლებ ინტერესს იწვევს, მაგრამ გარდა იმისა, რომ ამ წყვილშიც 1/2-ფინალის საგზური თამაშდება, საინტერესოა, რამდენადაა მზად “ინტერი”, ბოლოს და ბოლოს ევროარენაზე წარმატების მიღწევისთვის. ასევე, საინტერესოა, შემთხვევით მოხვდა მოსკოვური კლუბი ლიგის 1/4-ფინალში, თუ ეს კანონზომიერებაა.
გუნდები აქამდე ერთმანეთს ორჯერ შეხვედრიან და ორივე მატჩი “ინტერმა” მოიგო. 2007 წელს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, მილანელებმა მოსკოვიში 2:1 იმარჯვეს, იტალიაში კი 4:2 მოიგეს.
რუსულ კლუბებთან “ინტერს” სულ 14 მატჩი აქვს გამართული, საიდანაც 9 მოიგო, 4 ფრედ ითამაშა და მხოლოდ 1 დათმო. საკუთარ კედლებში იტალიელებმა 6-ჯერ იმარჯვეს და ერთხელ ფრედ ითამაშეს.
ცსკა-ს იტალიურ კლუბებთან გამართულ 8 მატჩში 2 მოგება, 2 ფრე და 4 მარცხი დაუგროვდა. გასვლაზე მოსკოველებმა ერთხელ მოიგეს, ამდენივეჯერ ფრედ ითამაშეს და 2-ჯერ წააგეს.
თუ დღეს “ინტერმა” მეტოქის კარის აღება 3-ჯერ მოახერხა, მესამე მათგანი იქნება ცსკა-ს მიერ ჩემპიონთა თასზე გაშვებული 50-ე გოლი. მაგრამ ამის შანსი ნაკლებია იმის გათვალისწინებით, რომ ლიგას შემორჩენილ გუნდთაგან “ინტერს” ყველაზე ცოტა, 10 გოლი აქვს გატანილი. თუმცა, ისიც გასათავალისწინებილია, რომ ცსკა-მ 12 გოლი გაუშვა, რაც გათამაშებას შემორჩენილ გუნდთაგან ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.
მილანელები განსაკუთრებით სახიფათონი არიან მატჩის მიწურულს. 76-90 წუთებს შორის მათ 3 გოლი აქვთ გატანილი. მოურინიოს შეგირდებს 10-დან 4 გოლი პირველ ტაიმში აქვთ გატანილი, 6 კი – მეორეში.
ცსკა-ს ფეხბურთელთა მიერ გატანილი 13 გოლიდან 5 პირველ ტაიმზე მოდის, ხოლო 8 – მეორეზე. განსაკუთრებით აქტიური პერიოდი არმიელებს არ აქვთ.
შიდა ასპარეზზე “ინტერი” ბოლო დროს ძალზე ცუდად ასპარეზობს. მოურინიოს შეგირდებმა ბოლო 9 მატჩიდან მხოლოდ 2 მოიგეს, ხოლო უკანასკნელი შეხვედრის წაგების შემდეგ მე-2 ადგილზე მყოფმა “რომამ” მილანელებთან ქულათა სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა.
რუსეთის ჩემპიონატში, 3 ტურის შემდეგ ცსკა-ს 2 მოგება და 1 ფრე აქვს. არმიელები მე-4 ადგილზე იმყოფებიან.
მასპინძელთა მხრიდან დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებენ ლუსიო და მოტა, რასაც ტრავმირებული სანტონის დანაკლისიც ემატება. სტუმართა რიგებში ტრავმის გამო ვერ ითამაშებს კოშიჩი.
მატჩს ინგლისელი ჰოვარდ ვები განსჯის. “ინტერის” მატჩში მას აქამდე ერთხელ უმსაჯია. გასული გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე მილანელებმა ქეცბაიას “ანორთოსისი” მილანში 1:0 დაამარცხეს. ცსკა-ს შეხვედრაში ვები პირველად იმსაჯებს.
სავარაუდო შემადგენლობები
ინტერი:
სეზარი, მაიკონი, სამუელი, კივუ, ძანეტი, კამბიასო, სტანკოვიჩი, სნეიდერი, პანდევი, მილიტო, ეტოო
ცსკა: აკინფეევი, ა. ბერეზუცკი, ვ. ბერეზუცკი, იგნაშევიჩი, სენიკოვი, შემბერასი, ალდონინი, კრასიჩი, ჰონდა, გონსალესი, ნეჩიდი

მიშა ზაქარეიშვილი

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091951