მას შემდეგ, რაც ცნობილმა ფრანგმა ფეხბურთელმა ტიერი ანრიმ კარიერის გაგრძელება ნიუ იორკის “რედ ბულზში” გადაწყვიტა, 15 ივლისს, გვიან ღამით განცხადება გააკეთა და საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებს ოფიციალურად დაემშვიდობა. ანრი, რომელსაც მიმდინარე წლის 17 აგვისტოს 33 წელი შეუსრულდება, ფრანგული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა.
ის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონია, საფრანგეთის პირველი გუნდის საუკეთესო ბომბარდირია, თუმცა, მას წარმატებულად სულაც არ დამშვიდობებია. მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე, მან მოედანზე რამდენიმე წუთი გაატარა, გოლი არ გაუტანია და გუნდთან ერთად, თავისთვის უკანასკნელ მუნდიალს უსახელოდ დაუქნია ხელი. და როგორ მოხვდა საფრანგეთი ამ მუნდიალზე? ისტორიას შემორჩება ფაქტი, რომ ფლეი ოფში, საფრანგეთმა ირლანდიის ბარიერი, დამატებით დროში, ანრის მიერ ხელით თამაშის შემდეგ გასული გოლით დასძლია...
ანრიმ პროფესიული კარიერა “მონაკოში” დაიწყო, სადაც ის, საფრანგეთის ეროვნული ნაკრების იმჟამინდელმა დამრიგებელმა, ემე ჟაკემ შენიშნა. ქვეყნის უპირველესი გუნდის მაისური მან პირველად 1997 წლის ოქტომბერში, 20 წლის ასაკში მოირგო. ფრანგებმა სამხრეთ აფრიკა ამხანაგურ შეხვედრაში 2:1 დაამარცხეს, ჟაკეს კი ისე მოეწონა ახალგაზრდა ფორვარდის თამაში, რომ ის, მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატის განაცხადში შეიყვანა.
საფრანგეთში გამართული პლანეტის ყველაზე დიდი პირველობა მასპინძლებმა მოიგეს, ფინალში ბრაზილიის ნაკრები 3:0 გაანადგურეს. იმ პერიოდში, ანრი სულაც არ იყო გუნდის წამყვანი ფიგურა და ფინალურ შეხვედრაში მოედანზეც არ გასულა, თუმცა, დანარჩენ მატჩებში, როცა მას მოედანზე გასვლის საშუალება ეძლეოდა, მეტოქის კარისკენ მავალ გზას უცილობლად პოულობდა და 3 გატანილი ბურთით, საკუთარი ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
ევროპის 2000 წლის ჩემპიონატისთვის, რომელსაც ბელგიამ და ჰოლანდიამ ერთობლივად უმასპინძლეს, საფრანგეთის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ამზადებდა - როჟე ლემერი. მისთვის ანრი გუნდის მთავარ დამრტყმელ ძალად იქცა და მწვრთნელის იმედები არც ფეხბურთელმა გააცრუა. ევროპის 2000 წლის ჩემპიონატზე, ანრიმ კვლავ 3 გოლი გაიტანა და 2 წლის წინანდელის მსგავსად, ახლაც საკუთარი ქვეყნის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი გახდა, საფრანგეთმა კი ევროპის ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრა.
2002 წლის იაპონია-სამხრეთ კორეის მსოფლიოს ჩემპიონატი, ფრანგი ბომბარდირის კარიერაში ერთ-ერთი უცუდესი გამოდგა. “სამფეროვნებმა” გათამაშება სენეგალთან მარცხით დაიწყეს (0:1), მომდევნო შეხვედრაში კი, რომელიც ურუგვაისთან ფრედ, 0:0 დასრულდა, ანრიმ წითელი ბარათი მიიღო. ამრიგად, ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას, რომელიც ფრანგთათვის 2002 წლის მუნდიალზე უკანასკნელი აღმოჩნდა, ანრიმ თვალი ტრიბუნებიდან ადევნა, მისი გუნდი კი დანიასთან 0:2 დამარცხდა, საფრანგეთმა, მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, ჩემპიონატი უგოლოდ დატოვა.
2 წლის შემდეგ, პორტუგალიაში გამართული ევროპის ჩემპიონატის საწყის სტადიაზე, ყველას ეგონა, რომ საფრანგეთი დაკარგული პოზიციების დაბრუნებას მოახერხებდა. გუნდმა ჯგუფში დამაჯერებლად დაიკავა პირველი ადგილი, ანრიმ კი 2 გოლი გაიტანა. მიუხედავად ამისა, 1/4-ფინალში საბერძნეთთან 0:1 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა. თავიდან ყველას ეგონა, რომ ბერძენთა მიერ ფრანგთა ძლევა, ტურნირის მთავარი სენსაცია იყო, მაგრამ მოგვიანებით, ბერძნებმა ევროპის ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრეს და გულშემატკივრები უფრო მეტად გააოცეს.
2006 წლის გერმანიის მსოფლიოს ჩემპიონატზე, ანრისა და ზიდანს სულ ცოტა დააკლდათ საფრანგეთის მეორედ გასაჩემპიონებლად. ანრიმ ჯგუფურ ეტაპზე 2 გოლი გაიტანა, 1/4-ფინალში კი, ბრაზილიელთა კარში გატანილი მისი ერთადერთი გოლი გადამწყვეტი აღმოჩნდა, თუმცა, ფინალურ მატჩში, უფრო სწორედ, მის შემდგომ თერთმეტმეტრიანების სერიაში, ფრანგებს არ გაუმართლათ და ტიტული იტალიას გადაულოცეს.
ბოლო 2 დიდი ტურნირი, ანრისათვის და მისი გუნდისთვის კოშმარული აღმოჩნდა. 2008 წლის ევროპის ჩემპიონატზე, ფრანგები ჯგუფური ეტაპის გადამწყვეტ მატჩში იტალიასთან 0:2 დამარცხდნენ და ფლეი ოფს მიღმა დარჩნენ, სამხრეთ აფრიკაში კი, ჯგუფში ჩარჩენას ვინ ჩივის, მთელ მსოფლიოს თავი სკანდალებით დაამახსოვრეს, რომელიც გუნდიდან ნიკოლა ანელკას წასვლას და ვარჯიშების ბოიკოტს უკავშირდებოდა. მსოფლიოს ჩემპიონატიდან გამოვარდნის შემდეგ, ანრის ბუნტის წამომწყების იარლიყი მიაკრეს. ვარაუდობდნენ, რომ მან დომენეკს კაპიტნის სამკლავურის ჩამორთმევა და სათადარიგოთა შორის გამწესება არ აპატია, თუმცა, მოგვიანებით, ტიერის ეს ბრალდება მოუხსნეს.
ნაკრებში ჩატარებულ უკანასკნელ შეხვედრაში, რომელიც საფრანგეთმა სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ გამართა, ანრი მოედანზე შეცვლაზე შევიდა, მაგრამ საკუთარ გუნდს ვერ უშველა. მთლიანობაში, ანრიმ ეროვნული გუნდის მაისური 123 შეხვედრაში მოირგო და მეტოქეთა კარი 51-ჯერ დალაშქრა, რითაც საფრანგეთის ეროვნული ნაკრების საუკეთესო ბომბარდირის სახელი მოიხვეჭა. ლეგენდარულ მიშელ პლატინის, რომელიც ახლა უეფა-ს პრეზიდენტია, მან 10 გოლით გაუსწრო. ეროვნულ გუნდში ჩატარებული მატჩების რაოდენობით ის მხოლოდ მცველ ლილიან ტურამს ჩამორჩება, რომლის აქტივში 142 სანაკრებო შეხვედრაა. ანრიმ სანაკრებო კარიერის დასრულება ამერიკულ კლუბ “ნიუ იორკ რედ ბულზში” გადასვლას დაუკავშირა. ფრანგი დიდი ხნის წინათ ამბობდა, რომ საფეხბურთო კარიერის დასრულება ამერიკის შეერთებულ შტატებში სურდა და ახლა, მისი ოცნების ახდენის დრო დგება. მთლიანობაში, ტიერის საკლუბო კარიერა, არანაკლებ ნათელი და ტიტულებით დახუნძლული გამოდგა, ვიდრე მისი სანაკრებო კარიერა იყო.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ანრის პირველი პროფესიული კლუბი “მონაკო” იყო, რომელთან ერთად, ფეხბურთელმა საფრანგეთის ჩემპიონობა და ქვეყნის სუპერთასი მოიგო. 1999 წლის იანვარში, 18 მილიონი ევროს სანაცვლოდ, ის ტურინის “იუვენტუსში” გადავიდა, მაგრამ იტალიაში ფეხბურთელის კარიერა არ აეწყო და 1999 წლის ზაფხულში კლუბი გამოიცვალა - ლონდონის “არსენალმა” ის 17 მილიონ ევროდ შეიძინა.
ახლა უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ “არსენალი” ანრის კარიერაში უმთავრესი გუნდი გახდა. 8 წლის განმავლობაში, რომელიც ტიერიმ “მეთოფეთა” რიგებში გაატარა, მან 226 გოლი გაიტანა და კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა. წინა რეკორდსმენ იან რაიტს, ფრანგმა 41 გოლით აჯობა. ბევრი მიიჩნევს, რომ ტიერი ანრის შედეგიანი თამაში, დიდწილად “არსენალის” მთავარ მწვრთნელად ფრანგი არსენ ვენგერის მუშაობამ განაპირობა.
“არსენალთან” ერთად, ტიერიმ ორჯერ მოიგო ინგლისის პრემიერლიგა და სამჯერ დაეუფლა ინგლისის თასს. სამაგიეროდ, ის ლონდონელებს ჩემპიონთა ლიგის მოგებაში ვერ დაეხმარა. 2006 წელს, ანრი და “არსენალი” მიზანთან ძალიან ახლოს იყვნენ, ფინალში გავიდნენ, მაგრამ იქ ესპანურ “ბარსელონასთან” 1:2 დამარცხდნენ. იმ მოვლენიდან ერთი წლის თავზე, კატალონიელთა უპირველესმა გუნდმა ანრის სანაცვლოდ 23,8 მილიონი ევრო გადაიხადა და “ბარსელონა” ფრანგის ახალი გუნდი გახდა.
ესპანეთში ანრის საუკეთესო სეზონი 2008/2009 წლები იყო. ის ძირითად შემადგენლობაში თამაშობდა, “ბარსელონამ” კი, ყველა ტურნირი მოიგო, რომელშიც მონაწილეობა მიიღო, მათ შორის ჩემპიონთა ლიგაც. 2009/2010 წლების სეზონში, ტიერიმ გუნდში არსებულ კონკურენციას ვერ გაუძლო, ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და ის ახალგაზრდა პედრო როდრიგესს დაუთმო, თავად კი, სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა. ანრის გუნდიდან წასვლის ალბათობის შესახებ, ჯერ კიდევ ზამთარში საუბრობდნენ და კლუბის ხელმძღვანელობამაც, მისი ამერიკის შეერთებულ შტატებში გადასვლის საკითხი არ შეაფერხა.
“ნიუ იორკ რედ ბულზში” გადასვლის შემდეგ, ანრიმ განაცხადა, რომ ამ კლუბთან ერთად MLS-ის მოგება უნდა. საგულისხმოა, რომ ყველა იმ გუნდმა, რომელშიც კი ანრის უთამაშია, წარმატებას მიაღწია, ასე რომ, ახლა “რედ ბულზის” ჯერია და თუ ყველაფერი ახდა, ტიერის კოლექციას ამერიკის შეერთებული შტატების ჩემპიონის ტიტულიც შეემატება.
მოამზადა ზურა ქსოვრელმა







