მაჰაჩყალის “ანჟიმ”, რომელმაც ნოემბერში რუსეთის პირველი დივიზიონის გამარჯვებულის ტიტული მოიპოვა და ახალი წლიდან პრემიერლიგაში ითამაშებს, ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო.
დაღესტნურ გუნდში 7 ქართველი ფეხბურთელი თამაშობს, რომელთაგან 4-ს (გოჩა ხოჯავა, გიორგი ნავალოვსკი, ედიკ საჯაია, ზურაბ არზიანი), ქართულთან ერთად, რუსეთის პასპორტიც აქვს და ამის გამო, ლეგიონერებად არ ითვლებიან, ხოლო 3 (სანდრო იაშვილი, ოთარ მარცვალაძე, კახა ალადაშვილი), მხოლოდ საქართველოს მოქალაქეა.
“ანჟის” მთავარ მწვრთნელ ომარ თეთრაძესთან “სპორტული ამბების” ამასწინანდელი საუბრისას, ცნობილი გახდა, რომ ის და კლუბის პრეზიდენტი მაგომედ სულთან-მაგომედოვი, ერთმანეთს დეკემბრის პირველ დეკადაში, გუნდის პირველი შეკრების დაწყებამდე უნდა შეხვედროდნენ. აღნიშნულ შეხვედრას ბევრ კითხვაზე, მათ შორის, ახალ სეზონში რამდენი ქართველი დარჩებოდა გუნდში, უნდა გაეცა პასუხი. დაღესტნელთა თავკაცთან სატელეფონო საუბარი, სწორედ ამ “პრობლემატური” საკითხის გარკვევით დავიწყეთ.
- ბატონო ომარ, რა შედეგი გამოიღო თქვენი და კლუბის პრეზიდენტის შეხვედრამ?
- პრეზიდენტი ახლა მოსკოვშია და ჯერ არ შევხვედრივარ. როგორც მითხრა, გუნდის სამომავლო დაფინანსებაზე სასაუბროდ, იგი ჯერ მზად არაა.
- რაიმე პრობლემები აქვს, თუ პირიქით - ბევრი თანხის გამოყოფას გეგმავს და ჯერ ვერ გადაუწყვეტია, რამდენი მილიონი დოლარი დააბანდოს გუნდში?
- უფრო პირველი მათგანი. გუნდს ცუდი ფინანსური მდგომარეობა აქვს. ძველი დავალიანებაცაა დაგროვილი და სწორედ ამიტომ შემოგვითვალა, რომ მზად არ ვარ ახალ დაფინანსებაზე გადაწყვეტილი პასუხი მოგცეთო.
- “ანჟიმ” დაგეგმილი შეკრება მაინც დაიწყო?
- როგორ არა, გუშინ (14 დეკემბერს - ავტორი) პირველი ვარჯიში გვქონდა.
- ბოლო სეზონი ვინც დაამთავრა, ისინი გუნდში ყველანი დაბრუნდნენ?
- ნაწილი დღეს ჩამოვა, ნაწილი კიდევ ხვალ. ალბათ, თქვენ ყველაზე მეტად ქართველთა ამბავი გაინტერესებთ - უკლებლივ ყველა ქართველმა, პირველ ვარჯიშში მონაწილეობა მიიღო.
- ახლების დამატებაზე, ან ძველების გაშვებაზე ჯერ ვერაფერს გვეტყვით?
- იმის გამო, რომ არ ვიცით სამომავლო დაფინანსების მოცულობა, ჯერ ვერავის ველაპარაკებით. ეს რომ მოხდეს, ფეხბურთელს რამე უნდა შეთავაზო. საამისოდ კი, ჯერ არც პრეზიდენტია მზად და მით უმეტეს, არც მე.
ფრიდონ კერვალიშვილი







