ინტერვიუები

10:13 | 11.06.2010 | ნანახია [] - ჯერ

თენგიზ სულაქველიძე: “ფეხბურთში ბრაზილიის ზემოთ არაფერია”

მუნდიალ-1982: 14 ივნისს, სევილიის “რამონ სანჩეს პისხუანის” სტადიონზე 68 ათასი გულშემატკივარი დაესწრო ბრაზილია-საბჭოთა კავშირის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩს, რომელშიც სოკრატესმა და ედერმა შორეული დარტყმებით ჩააქრეს სენსაცია - სსრკ 1:0 იგებდა და ბრაზილიელებმა ბოლო 15 წუთში მოატრიალეს თამაში. ალბათ, ვერც მოატრიალებდნენ, რომ არა ლამო კასტილიო: ესპანელმა არბიტრმა, რამაზ შენგელიას სუფთა გოლი არ ჩაუთვალა და პლუს, მისი წაქცევისთვის უეჭველი პენალტი არ დადო.
იმ შეხვედრაში ოთხმა ქართველმა ფეხბურთელმა ითამაშა: ალექსანდრე ჩივაძემ, შენგელიამ, ვიტალი დარასელიამ და “მსოფლიო სპორტის” რესპოდენტმა თენგიზ სულაქველიძემ. ოთხივესთვის, ეს სადებიუტო თამაში იყო მსოფლიოს ჩემპიონატზე და თანაც, რა მატჩში.
28 წელი გავიდა მას შემდეგ. თბილისის “დინამოსა” და საბჭოეთის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს, მუნდიალ-2010-ზე სასაუბროდ დავუკავშირდით. სევილიის დაუვიწყარი თამაში კი იმიტომაც გავიხსენეთ, რომ სულაქველიძე ბრაზილიის გულშემატკივარია და ჰგონია კიდეც, რომ “პენტაკამპეონები” მეექვსედ აღმართავენ თასს.
- ამხელა დონის ნაკრები რომ მოგიგებს, სათაკილო არც არის. კი, მართალია, მსაჯიც წაეხმარათ, მაგრამ მაინც კმაყოფილები ვიყავით პირველი მატჩის შემდეგ: ბოლოს და ბოლოს, ბრაზილიას თანაბრად ვეთამაშეთ – ნაკრებს, რომელსაც განსაკუთრებით ძლიერი შემადგენლობა ჰყავდა.  
- ყველაზე მეტად, რომელმა ბრაზილიელმა მოახდინა თქვენზე შთაბეჭდილება?
- ფალკაომ.
- ისე, მგონი, ყველაზე ხშირად ედერთან გიწევდათ ორთაბრძოლა...
- დიახ. იმიტომ, რომ მარჯვენა მცველად ვთამაშობდი და ედერი სწორედ ჩემი ფლანგიდან უტევდა. თუმცა პერსონალური მეურვეობა არ დაუკისრებიათ. ან რა აზრი ჰქონდა – რომელ ერთს უნდა დავდგომოდით, სულ ვარსკვლავები ჰყავდათ.  
- და მაინც, იმ წელს იტალია გახდა ჩემპიონი. უმრავლესობის აზრით, ბრაზილია უფრო ძლიერი ჩანდა, მაგრამ “სკუადრა აძურასთან” წააგო...
- ზედმეტად თვითდაჯერებულობამ დაღუპა ბრაზილიელები. ვფიქრობ, მთავარი მიზეზი ეს იყო. 1970 წლის შემდეგ, სწორედ 1982-ში ჰყავდათ უძლიერესი შემადგენლობა.
- როგორც ბრაზილიის ქომაგი, რამდენად იმედიანად ხართ მუნდიალის წინ?
- ახლაც ფავორიტად მიმაჩნია. ბრაზილია, ან არგენტინა – ჩემპიონი ამ ორიდან ერთ-ერთი გახდება. უფრო, ბრაზილია. ევროპული ნაკრებების, წლეულს არ მჯერა.
- რატომ? ისე, მთავარ ფავორიტად ესპანეთს თვლიან.
- ესპანეთს ძალიან ძლიერი ნაკრები ჰყავს, მაგრამ ბრაზილია ბრაზილიაა – ორჯერ ვარ იქ ნამყოფი და ჩემი თვალით ვნახე, რა ხდება მინდვრებზე, ეზოებში, პლაჟებზე. დიდი თუ პატარა ფეხბურთით ცხოვრობს. მგონი, საკამათო არც არის, რომ ბრაზილია, ყველა ასპექტით, ნომერ პირველი საფეხბურთო ქვეყანაა მსოფლიოში. არგენტინაც გაცილებით დიდია საფეხბურთო თვალსაზრისით, ვიდრე ესპანეთი. ასეთი დონის ტურნირებზე კი, ტრადიცია ბევრს ნიშნავს.   
- დუნგამ რონალდინიო არ წაიყვანა მუნდიალზე...
- დუნგა საკუთარი თავის მტერი ხომ არაა?! ესე იგი, იცის, რასაც აკეთებს. ალბათ, რონალდინიოზე მაგრები ჰყავს.
- მაინც, ვისგან ელით გაბრწყინებას?
- საწყისი ორი თამაში გამოაჩენს.
- დიეგო მარადონა – როგორც ფეხბურთელზე, არაფერს გკითხავთ, რადგან თავადაც გითამაშიათ მის წინაამღდეგ. და რადგან არგენტინასაც ფავორიტად მიიჩნევთ, ესე იგი, მარადონა-მწვრთნელისაც გჯერათ.
- სწორედ ახლა გამოჩნდება, რა დონის მწვრთნელია დიეგო. არგენტინას ჰყავს ლეო მესი და არა მარტო მესი – ძალიან ძლიერი შემადგენლობაა. ახლა უკვე მარადონაზეა დამოკიდებული, როგორ იმუშავებს. თუ არგენტინა ჩემპიონი ვერ გახდება, მაშინ რთული დღეები დაუდგება მარადონას... ესე იგი, არცთუ სწორი შემადგენლობა წაგიყვანიაო, პასუხს მოსთოვენ.
- თქვენი ამპლუის ფეხბურთელებიდან, ყველაზე მეტად ვინ მოგწონთ?
- ჯენარო გატუზო. ძალიან მაგარია.
- როგორ ფიქრობთ, რომელი მოთამაშის მუნდიალი გველის?
- ძნელია ამის თქმა. 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატს გერმანიაში ვუყურე და განსაკუთრებით ვერავინ გამოირჩეოდა: ისეთი, რომ იტყვი, სხვებზე ორი თავით მაღლა დგასო.
- კი, მაგრამ ზიდანი?
- ბრწყინვალედ ითამაშა, მაგრამ მე პელესა და მარადონას დონე ვიგულისხმე. თუმცა, შესაძლოა, პელეს და მარადონასნაირები აღარც დაიბადონ.
- თქვენ დროს, უფრო სანახაობრივი ფეხბურთი იყო?
- სანახაობრიობაზე რა ვთქვა, მაგრამ ვარსკვლავები მაშინ უფრო ბევრნი იყვნენ. თითოეულ გრანდში სამი-ოთხი სუპერფეხბურთელი მაინც თამაშობდა. იმედია, წამოვლენ ახალი მესები და რონალდოები.

ილია ნანობაშვილი

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110514