ინტერვიუები

18:48 | 2.12.2011 | ნანახია [] - ჯერ

თემურ ქეცბაია ორ თემაზე – გარი სპიდი და საქართველოს ნაკრები

რამდენიმე დღის წინ საფეხბურთო სამყარომ შოკი მიიღო – უელსის ნაკრების მწვრთნელმა გარი სპიდმა საკუთარ სახლში თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. 42 წლის უელსელს ყველა იცნობდა, როგორც ძლიერ ფეხბურთელად, ასევე ბრწყინვალე პიროვნებად. აწ განსვენებულმა დიდმა ინგლისელმა მწვრთნელმა ბობი რობსონმა სპიდს “მწვრთნელი მინდორზე” უწოდა.
ქართველებიდან გარი სპიდს ყველაზე კარგად თემურ ქეცბაია იცნობდა. უელსელი 1998-2004 წლებში თამაშობდა “ნიუკასლში”, ქეცბაია კი – 1997-2000 წლებში. მათ ორი სეზონი გაატარეს ერთად და არა მხოლოდ უბრალოდ თანაგუნდელები იყვნენ, მეგობრობდნენ კიდეც. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცი ამას “მსოფლიო სპორტთან” ინტერვიუშიც ამბობს.
პირველად ისინი 1995 წელს შეხვდნენ ერთმანეთს, ოღონდ მეტოქეებად. ნოემბრის ცივ დღეს საქართველოს ნაკრებმა 5:0 გაანადგურა უელსი და ქეცბაიამ ორი ლამაზი გოლი გაიტანა... ეს ქართველთა ნაკრების პირველი გამარჯვება იყო შესარჩევი ეტაპების ისტორიაში.
მოკლედ, ქეცბაიას კვიპროსზე დავუკავშირდით და რა თქმა უნდა, მეტწილად სანაკრებო თემას შევეხეთ, თუმცა ჯერ გარი სპიდზე.
-    როგორც ვიცით, სპიდის დაკრძალვას უნდა დასწრებოდით.
-    დიახ, თუმცა სპიდის ოჯახმა ითხოვა, რომ დაკრძალვა ვიწრო, საოჯახო წრეში შემდგარიყო. ამიტომაც, ნათესავების გარდა, სხვები არ ყოფილან. სამაგიეროდ, უელსის ფეხბურთის ფედერაცია აპირებს გარის გამოსათხოვარი მატჩის გამართვას და მეც მივიღებ მონაწილეობას.
-    როდის გაიმართება ეს მატჩი?
-    ზუსტად ჯერ არ ვიცი. გაირკვევა და გვეტყვიან.
-    თქვენ ორი წლის განმავლობაში იყავით თანაგუნდელები. როგორ გაიხსენებდით სპიდს?
-    ის ყველა მწვრთნელისთვის საყვარელი ფეხბურთელი გახლდათ. მგონი, არ არსებობდა ინგლისში მწვრთნელი, რომელიც სპიდის საკუთარ გუნდში ნახვას არ ისურვებდა. მინდორზეც სამაგალითო კაცი იყო და ცხოვრებაშიც. ვინც გარის იცნობდა, შანსი არაა, სხვაგვარად ფიქრობდეს. ყველას უყვარდა და პატივს სცემდა.
-    ახლო მეგობრები იყავით?
-    ოჯახებით ვმეგობრობდით. ხშირად ვიყავით ერთად. დღესასწაულებზე თუ წვეულებებზე ერთმანეთს ვპატიჟებდით. შოკი იყო ჩემთვის... რამ აიძულა თვითმკვლელობა, ვერ გეტყვით. როგორც ეტყობა, დეპრესია ჰქონდა.
-    საწყენია. ახლა ქართულ თემაზე გადავინაცვლოთ. მოლდოვასთან მატჩის შემდეგ თითქმის არც გისაუბრიათ.
-    პრესკონფერენციაზეც ვთქვი, რომ სასარგებლო მატჩი იყო. თუნდაც იმიტომ, რომ ბევრ ფეხბურთელს მიეცა შანსი. წელიწადი მოგებით დავიწყეთ და მოგებით დავასრულეთ. რა თქმა უნდა, იყო ხარვეზები და ამის აღმოფხვრაზე ვიმუშავებთ.
-    მას შემდეგ ქართველი ლეგიონერების თამაშებს თუ დაესწარით?
-    გუშინ ლარნაკას აეკ-ისა და ჰაიფას “მაკაბის” მატჩს დავესწარი, რომელიც კვიპროსელებმა 2:1 მოიგეს. “მაკაბი” მთლიანობაში ცუდად გამოიყურებოდა, თუმცა ლადო დვალიშვილით უკმაყოფილო არ დავრჩენილვარ. აქტიური იყო. თებერვლამდე საკმაო დროა და ვნახავ თამაშებს. თებერვალში კი ამხანაგური მატჩის გვექნება.
-    ხომ არ გარკვეულა, ვისთან?
-    ჯერ არა, მაგრამ იმედია, მალე გაირკვევა.
-    როდესაც ეროვნული ნაკრები ჩაიბარეთ და თავიდან მართლაც წარმატებული სერია გქონდათ, აშკარად ჩანდა, რომ ეს დიდწილად სათამაშო დისციპლინით მოხერხდა. ვიცით, რომ ნაკრების შიდა სამზარეულოში კარგი ატმოსფერო იყო. ახლაც იგივე სიტუაციაა?
-    სწორედ სათამაშო დისციპლინა იყო გუნდის მთავარი პლუსი, რაც მოგებებში დაგვეხმარა. ეს შენარჩუნდა მომდევნო მატჩებშიც. ნაკრებში მოსულმა ფეხბურთელებმა კარგად იციან, ვისთვის და რისთვის თამაშობენ.
-    ამდენმა წაგებამ ხომ არ გააცუდა გუნდში ატმოსფერო და ფეხბურთელები ხომ არ გატეხა?
-    არა. ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გამოჩნდა და მომდევნო შესარჩევის დაწყებამდე ამ რესურსს კარგად გამოვიყენებთ.
-    იყო საუბარი ეროვნული ნაკრებიდან რამდენიმე ასაკოვანი ფეხბურთელის შესაძლო წასვლაზე. რა ხდება ამ საკითხზე – იქნებიან ისინი თებერვლის ამხანაგურ მატჩში?
-    თებერვლამდე საკმაო დროა. საერთოდ, ნაკრები საუკეთესო ფეხბურთელების კრებულია და ვინც იქნება ღირსი, მათ გამოვიძახებ.
-    ნოემბერში თქვით, აკაკი გოგიასთან გერმანიაში უნდა ჩავიდე და ვესაუბროო. არის რაიმე სიახლე გოგიას საქართველოს ნაკრებში თამაშის თაობაზე?  
-    არა, ჯერ არაფერი.
-    კი, მაგრამ, დრო ხომ ჭიანურდება?
-    რატომ ჭიანურდება?! დღეს თუ არა, ხვალ გადაწყდება. მთავარია, მატჩებამდე გადაწყდეს ეს საკითხი.
-    სანდრო კობახიძეზეც გკითხავთ. რას იტყვით მის თამაშზე?
-    კარგად ითამაშა მოლდოვასთან და დაამტკიცა, რომ ნაკრებში გამოსვლის ღირსია. თარგამაძე და კობახიძე მაგალითები არიან იმისა, რომ კარგად თამაში შეუმჩნეველი არ დარჩება. მოდიან ახალგაზრდა ბიჭები და მათი იმედი მაქვს.  
-    თბილისში როდის ჩამოდიხართ?
-    ვიყავი ამასწინათ ჩამოსული და სამწუხაროდ, ჩემპიონატის ტური თოვლის გამო გადაიდო. ახალ წლამდე კიდევ ვნახავ საქართველოს ჩემპიონატის თამაშებს.
 

ილია ნანობაშვილი


 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.160387