ფეხბურთი

18:21 | 25.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

თემურ ქეცბაია: “მესამე ადგილისთვის ბრძოლას შევეცდებით, რომ პლეი ოფის მატჩებში ვითამაშოთ”

 თურქეთში მყოფმა საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ, ინტერნეტპორტალ azerisport.com-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ევრო-2016 წლის შესარჩევ ციკლში ჯგუფში მე-3 ადგილის დაკავებას შეეცდება.

- საკმაოდ მოულოდნელი იყო თქვენი ნახვა “ინტერისა” და “უნიაოს” მატჩზე. ვიზიტის მიზეზი რა არის?

- საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს ვაკვირდები, რომლებიც თავისი კლუბების შემადგენლობაში შეკრებაზე იმყოფებიან. გარდა ამისა, აქ ჩამოსვლას ქართული გუნდებიც აპირებენ. მსურს მათი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გავიგო.

- ბაქოს “ინტერში” ბაჩანა ცხადაძე თამაშობს. კიდევ ორი ქართველი აგდამის “ყარაბაღში” გამოდის. აგდამელთა მატჩების ყურებას აპირებთ?

 -ნიკოლოზ გელაშვილს დიდი ხანია ვიცნობ. როგორც ჩემთვის ცნობილია, ჯაბა დვალს მცირე ტრავმა აქვს და ამიტომ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვერ ითამაშებს. თუმცა, “ყარაბაღის” მატჩს აუცილებლად დავესწრები.

- იცით, რომ გელაშვილი “ყარაბაღს” საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ეგუებოდა?

- ბევრ გუნდში მითამაშია და ვიცი, რომ ადაპტაციის პერიოდის გავლა ყველა ფეხბურთელს სჭირდება. გელაშვილი დიდი ხანია საქართველოს ნაკრებში თამაშობს, სადაც დაბალი დონის ფეხბურთელებს არ იწვევენ.   

- საქართველოს ნაკრების წევრების აზერბაიჯანის ჩემპიონატში თამაშზე რა აზრის ხართ?

- დადებითი. მათთვის ეს წინ გადადგმული ნაბიჯია. ჩვენც გვსურს, რომ საქართველოშიც ასეთივე ძლიერი ჩემპიონატი იყოს. თუმცა, ჩვენ იმდენი საშუალება არ გვაქვს, როგორიც თქვენ.

- თუმცა, აზერბაიჯანული კლუბები ევროთასზებზე არცთუ წარმატებით თამაშობენ. იგივე “ინტერმა” ევროპის ლიგაში ნორვეგიული “ტრომსიოს” ბარიერი ვერ გადალახა.

- ჩემპიონთა ლიგის ან ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა ადვილი არაა. თუ თქვენი კლუბები სწორ სტრატეგიას შეიმუშავებენ, მაშინ ცოტა ხანში ევროთასების ჯგუფურ ტურნირებზე მუდმივად ითამაშებენ. მითუმეტეს, რომ ახლა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მოხვედრა შედარებით ადვილია, ვიდრე ადრე. ევროპის ლიგაზე რომ არაფერი ვთქვათ. 

- აზერბაიჯანისა და საქართველოს ნაკრებების ერთმანეთთან შედარება შეგიძლიათ?

- ეს არსწორი იქნება. მათ ერთმანეთში რომ ეთამაშათ ამ შემთხვევაში შევადარებდი. ამასთანავე, აზერბაიჯანის ნაკრების მიერ ჩატარებული ბოლო მატჩი არ მინახავს. რამდენიმე წლის წინ, აზერბაიჯანის ნაკრებთან ამხანაგურ თამაშს ვგეგმავდით, მაგრამ რაღაც პრობლემები წარმოიშვა და მისი გადადება მოგვიწია. ჩემი აზრით, ასეთი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში უკვე ვეღარ შევხდებით, რადგან ერთ კალათაში ვართ.

- ევრო-2016-ის შესარჩევ ციკლში საქართველო ნაკრებს რა ამოცანები აქვს?

- წინა შესარჩევ ციკლში ჯგუფში მეოთხე ადგილზე გავედით. მესამე ადგილისთვის ბრძოლას შევეცდებით, რომ პლეი ოფის მატჩებში ვითამაშოთ. დიდი მიზნები უნდა დავისახოთ.

- როგორც მწვრთნელი, კვიპროსის “ანორთოსისში” მუშაობის დროს გაგიცნეს. კლუბში საქმიანობა არ მოგენატრათ?

- “ანორთოსისში” ძალიან წარმატებულად ვიმუშავე. შემდეგ, “ოლიმპიაკოსში” ვმუშაობდი. თავს ამჟამინდელ პოზიციაზე კომფორტულად ვგრძნობ, მაგრამ ზოგჯერ კვლავ მსურს, რომ კლუბი ჩავიბარო. არაა გამორიცხული, 2016 წელს, როდესაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტი ამომეწურება, კვლავ კლუბში მუშაობას შევუდგე.

- აზერბაიჯანიდან წინადადება არ მიგიღიათ?

- “ოლიმპიაკოსიდან” როდესაც წამოვედი, ასეთი რამ იყო. თუმცა, ამის შესახებ მხოლოდ მაშინ გავიგე, საქართველოს ნაკრების მწვრთნელი რომ გავხდი. ამიტომ, მოლაპარაკების გამართვა უკვე არ შემეძლო.



სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111784