ინტერვიუები

22:37 | 11.10.2012 | ნანახია [] - ჯერ

თემურ ჩხაიძე: “მთავარია პროფესიონალიზმი და ნება”

საქართველოს ახალ პარლამენტში, ლანჩხუთის რაიონს მაჟორიტარი დეპუტატი თემურ ჩხაიძე წარმოადგენს. შესაძლოა, მკითხველთა გარკვეულმა ნაწილმა არ იცის, რომ ბატონი თემური, ლანჩხუთის “გურიას” ვეტერანი ფეხბურთელი, წლების მანძილზე გუნდის კაპიტანი და მოსახლეობის გამოკითხვით, გურიის რეგიონის საუკეთესო ფეხბურთელია.
- ბატონო თემურ, როგორც წესი, პარლამენტში ყველა დეპუტატი იმ სფეროში მოღვაწეობს, რომელიც მისთვის ახლობელია. ალბათ, თქვენ სპორტის საკითხებზე იმუშავებთ?
- რა თქმა უნდა, კაცმა ის უნდა აკეთოს, რაც სხვაზე უკეთ იცის და რაშიც კომპეტენტურია. ბუნებრივია, მეც, ჩემს ძირითად მოვალეობებთან ერთად, ვეცდები სპორტის პრობლემებზეც ვიმუშავო.
- ქართულ ფეხბურთში ლეგენდებია ლანჩხუთის “გურიას” მეგობრულ კოლექტივზე და რა დასამალია, ხშირად, პირადად თქვენ და გიგლა იმნაძეს მიაწერენ გუნდში ასეთი ატმოსფერო რომ სუფევდა.
- მეც და გიგლა იმნაძეც, უბრალოდ, ვაგრძელებდით ჩვენს წინა თაობებისგან გადმოცემულს. სწორედ მათგან ვისწავლეთ, რომ ფეხბურთი ფეხბურთია და პირველ რიგში, კაცი უნდა იყო.
- ლანჩხუთის “გურიამ”, 1990 წელს, ქართული ფეხბურთის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში, შეიძლება ითქვას, გადამწყვეტი სიტყვა თქვა. თქვენ მაშინ გუნდში თამაშობდით?
- მაშინ აღარ ვთამაშობდი, გუნდის უფროსი ვიყავი და 1990 წლის 15 თებერვალს, თბილისის ჭადრაკის სასახლეში, ქართული ფეხბურთის დამოუკიდებელი ფედერაციის დაფუძნებაში მივიღე მონაწილეობა. საკმაოდ დიდი ხნის ამბავზე ვლაპარაკობთ და იმ სიტუაციას გავიხსენებ. 1989 წელს, საკავშირო პირველ ლიგაში, მოსკოველ არმიელებთან ერთად, ჩვენც მოვიპოვეთ უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება. თითქოს, ყველაზე მეტად, “გურია” უნდა ჩაბღაუჭებოდა საკავშირო პირველობას, მაგრამ ბევრისთვის მოულოდნელად, სწორედ “გურიამ” გააკეთა ეროვნული ჩემპიონატის მხარდამჭერი განცხადება. მაშინდელი “გურიას” შემადგენლობის წამყვანმა ფეხბურთელებმა: დავით უგრელიძემ, მერაბ თევზაძემ, გოჩა ტყებუჩავამ, ბესიკ ფრიდონაშვილმა, მამუკა აბუსერიძემ, ნუგზარ მიქაბერიძემ, მერაბ კაციტაძემ, ლევან ბარათაშვილმა, ზაზა ბაკურაძემ, თემურ კაბისაშვილმა და დავით ცომაიამ განაცხადეს, რომ ქართული ფეხბურთის დამოუკიდებლობის და ეროვნული ჩემპონატის ჩატარების იდეას უჭერდნენ მხარს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ფეხბურთის თამაშს ანებებდნენ თავს. აღსანიშნავია, რომ “გურიას” წინა თაობის ფეხბურთელები, გია გილიგაშვილი და მურმან აკოფიანი, ჩემთან ერთად ჭადრაკის სასახლეში იბრძონდნენ ჩვენი ფეხბურთის დამოუკიდებლობისთვის. შესაძლოა, ბევრმა არ იცოდეს, რომ ახლაც, ბატონი ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერი განცხადება, ერთ-ერთმა პირველმა, სწორედ “გურიას” ვეტერანმა ფეხბურთელებმა გავაკეთეთ და ჩავებით საკმაოდ სარისკო ბრძოლაში. ჩემი მეგობრები და თანაგუნდელები, ვეტერანი ფეხბურთელები დავით უგრელიძე, მერაბ თევზაძე და გია გილიგაშვილი, ერთი წუთით არ მომცილებიან და მთელი საარჩევნო ბრძოლა ერთად გადავიტანეთ. ამ შემადგენლობით, ჩვენ სამტრედიაში ჩავედით რამდენჯერმე კახი კალაძის მხარდასაჭერად. ისიც უნდა ითქვას, რომ კალაძეც ასევე რამდენჯერმე ჩამოვიდა ლანჩხუთში და გვერდში დაგვიდგა.
- საკმაოდ საინტერესო იყო ისტორიაც და დღევანდელი პოლიტიკური ბრძოლის პერიპეტიების აღწერაც. მაგრამ თქვენგან, მაინც ფეხბურთზე ველოდებით დასკვნას. როგორ შეაფასებდით ჩვენი ფეხბურთის დღევანდელ მდგომარეობას?
 - რა თქმა უნდა, ქვეყანას, რომელსაც პაიჭაძე, ღოღობერიძე, მესხი, მეტრეველი, ხურცილავა, ჩივაძე, ყიფიანი და ქინქლაძე ჰყავდა, ამჟამად არსებული შედეგებით ვერ დაკმაყოფილდება, მაგრამ ღრმად ვარ დარწმუნებული, თუ ჩვენს ფეხბურთში არსებულ პრობლემებს გადავჭრით, წარმატება მოვა. მე მჯერა ჩვენი პოტენციალის, საჭიროა პროფესიონალიზმი, წარმატებული ქვეყნების გამოცდილების გაზიარება და რაც მთავარია, ნება.

 

ნოდარ ტარუღიშვილი
 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110419