ქართული ფეხბურთის წინსვლა ბავშვებიდან უნდა დაიწყოს – ზოგისთვის ეს მხოლოდ ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებია, ზოგისთვის კი მიზანი. კარგია, რომ თბილისის ფეხბურთის ფედერაციამ საქმეს გულმოდგინედ მოჰკიდა ხელი: მაგალითად, მშვენიერი წამოწყება იყო შარშანწინ ჩატარებული პირველი ბავშვთა ფესტივალი, რომელიც უფროსი ნოდარ ახალკაცის სახელობისაა.
წლეულს ეს ფესტივალი მესამედ ტარდება – 18-23 მაისს სამი ასაკობრივი ჯგუფის (2000, 2001 და 2002 წელს დაბადებულები) ბავშვთა გუნდები ითამაშებენ. ამ და სხვა სიახლეებზე თბილისის ფეხბურთის ფედერაციაში პრესკონფერენცია მოეწყო, რომელსაც თფფ-ის პრეზიდენტი გრიგოლ ცაავა, გენერალური მდივანი გოჩა თამაზაშვილი, ვიცე-პრეზიდენტი რევაზ მგელაძე და საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ოთარ გაბელია უძღვებოდნენ.
უპირველესად ითქვა ფედერაციის ახლად შექმნილ ვებ-გვერდზე. თფფ-ის პრეს-ატაშე კახა მგელაძემ www.tbff.ge დაგვათვალიერებინა – საიტი დატვირთულია ფედერაციის ეგიდით მიმდინარე ჩემპიონატების ცხრილებით, ასევე იგეგმება მეორე ლიგის მატჩების ანგარიშების ონლაინ-რეჟიმში გადმოცემა.
რაც შეეხება ფესტივალს, ფინალამდე მატჩები სხვადასხვა ბავშვთა საფეხბურთო სკოლის მოედნებზე (“ირაო”, “საბურთალო”, “ავაზა”, “ოლიმპიკი” და ასე შემდეგ) გაიმართება. ფინალური მატჩები კი სამივე ასაკში “ეროვნულ” სტადიონზე ჩატარდება და სავარაუდოდ, 18:00 საათზე დაიწყება. აქვე ვთქვათ, რომ თამაშები შვიდი-შვიდზე იქნება. ფინალური მატჩების და დაჯილდოების ტელერეპორტაჟს “პირველი არხი” გადასცემს.
მთლიანად, სამივე ასაკობრივ ჯგუფში დახლოებით 50 გუნდი ითამაშებს და თითოეული მონაწილე ბავშვი მიიღებს სათამაშო ფორმასა და ბურთებს. შესატანი თანხა კი ერთი ბავშვისგან 50 ლარია. სავარაუდოდ, ტურნირზე გოგონების გუნდიც ითამაშებს. და კიდევ, იგეგმება ორი აზერბაიჯანული გუნდის ჩამოსვლა, რომელთაგან ერთი ბაქოს “ნეფთჩი” იქნება. არაა გამორიცხული, სომხეთისა და თურქეთის ბავშვთა გუნდებმაც მიიღონ ტურნირში მონაწილეობა. შესაძლოა, მატჩებს გერმანული სპორტული ეკიპირების ფირმა “სალერის” მეპატრონე რიჩარდ სალერიც დაესწროს. სწორედ “სალერია” თბილისის ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური სპონსორი.
გრიგოლ ცაავამ გვითხრა, რომ საამტურნიროდ თფფ-ს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაც გვერდში უდგას. ცაავამ მადლობა გადაუხადა “ეროვნული” სტადიონის დირექციასაც, რომელიც გაგებით მოეკიდა ტურნირის ფინალების მასპინძლობას.
ილია ნანობაშვილი









